Facebook Twitter

¹ბს-88-88(კს-08) 20 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოსარჩელე _ ნ. კ.-ე

მოპასუხე _ სოფელ ...-ის საკრებულო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 9 თებერვალს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

განმცხადებელმა მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 26 დეკემბერს ნ. კ.-მ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც ქობულეთის რაიონის ...-ის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლეს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე _ 42 000 ლარის გადახდის თაობაზე. ამ განცხადებაზე დანართის სახით დართული იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 21 სექტემბრისა და 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 ნოემბრის ¹4-15/503 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 20 ნოემბრის ¹2-27/2974 მომართვებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთში 2006 წლის 13 ოქტომბრიდან ლიკვიდირებულ იქნა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების მიღებისას ქობულეთის მუნიციპალიტეტი აღარ არსებობდა.

ნ. კ.-ის განცხადება თანდართული მასალებით, 2006 წლის 8 იანვარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაუგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, როგორც აღმასრულებელ ორგანოს, რომელმაც 2007 წლის 9 თებერვალს (თერთმეტი თვის თავზე) ქობულეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა განცხადება, ამავე რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნ. კ.-ის განცხადება საკრებულოდან გადაეგზავნა 2006 წლის 8 იანვარს, 9 იანვარს იგი რეგისტრაციაში გატარდა სათანადო წესით, რა დროიდანაც მისთვის ცნობილი გახდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, არ იყო დასაშვები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე და 374-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივარიც დაუშვებელი იყო, რის გამოც იგი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. აღნიშნული საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენდა კერძო საჩივარს. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საჩივრის დასაშვებობაზე, მისი საფუძვლიანობის მიუხედავად.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ სასამართლოს მიმართა 2007 წლის 6 თებერვალს, კანონით დადგენილი განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დაცვით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ ნ. კ.-ის განცხადება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაუგზავნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, როგორც აღმასრულებელ ორგანოს, რომლმაც განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 9 თებერვალს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ნ. კ.-ის განცხადება, რომელსაც ერთოდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიდა 2007 წლის 9 იანვარს, რაც დასტურდება გამგეობის შემოსავლის შტამპზე დასმული თარიღით, ხოლო განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2007 წლის 6 თებერვალს.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყევტილებით შეილახა სახელმწიფოს ინტერესები, რადგან ქობულეთის ადგილობრივი მმართველობითი ორგანო სასამართლო პროცესზე გამოძახებული არ ყოფილა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხო ქობულეთის გამგეობის ინტერესებს. სოფლის საკრებულოებს არ ჰქონდათ დამოუკიდებელი ბიუჯეტი და მათი პასუხისმგებლობა საბიუჯეტო სფეროში გამორიცხული იყო რაიონის გამგეობების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 20 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქობულეთის რაიონის ...-ის კოლმეურნეობის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 112 ტონა კომბინირებული საკვების ღირებულების გადახდა; ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ...-ის კოლმეურნეობის გამგეობის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქობულეთის რაიონის ...-ის თემის საკრებულო; ქობულეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ; ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა წარმოებაში; ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა მისი გაუქმება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები. იმავე კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განხილულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ, ხოლო 429-ე მუხლით, სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 5 მარტის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება და აღნიშნული განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისას, მიიჩნია იგი დაუსაბუთებლად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლის შესაბამისად, საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადების განხილვისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირ განხილვაზე აღმოჩნდებოდა, რომ განცხადება უსაფუძვლო იყო, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყოდა განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ზემდგომ სასამართლოში (მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში _ სააპელაციო საჩივრით).

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დასახელებული სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად (ს.ფ. 45).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინებას, რომლითაც მას უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ კი გასაჩივრებულ განჩინებაში იმსჯელა განცხადების დასაშვებობაზე, რომელიც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებას ასევე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ, განიხილა რა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და აპელანტის განცხადება მიიჩნია დაუშვებლად, განუხილველად დატოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვისას უნდა შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები _ იმსჯელოს აღნიშნულ საჩივარში მითითებულ მოთხოვნებზე, მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრული შესაბამისობით, სრულყოფილად გაარკვიოს ხსენებული მოთხოვნების საფუძვლიანობა და მოცემულ საქმეზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, მისი საფუძვლიანობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.