Facebook Twitter

¹ბს-894-861(კს-08) 15 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ა-მა 20.06.08წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.04.05წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის განმარტება, რომლის მიხედვითაც, შს სამინისტროს დაევალა გ. ა-ის სამსახურში აღდგენა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებით. გ. ა-მა აღნიშნა, რომ შს მინისტრის 15.11.05წ. ¹1820 პ/შ ბრძანების თანახმად აღდგენილ იქნა შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ..... თანამშრომლად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 01.0105წ _ 15.11.05წ. პერიოდის ხელფასი დაუანგარიშა ორი კომპონენტის – თანანმდებობრივი და წოდებრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი არ ეთანხმებოდა. მისი ხელფასი “პოლიციის შესახებ” კანონის 31.2 მუხლის თანახმად, შეიცავდა ოთხ კომპონენტს, კერძოდ: თანამდებობრივ სარგოს, წოდების სარგოს, წელთა ნამსახურეობის პროცენტულ დანამატს და კვების კომპენსაციას, რასაც ასევე ადასტურებდა შსს 18.06.08წ. ¹10/415-4554 ცნობა. 23.12.05წ. “პოლიციის შესახებ” კანონში შეტანილ იქნა ცვლილება და 31.4 და 31.5 მუხლების მიხედვით, პოლიციელის ანაზღაურება კვლავ განისაზღვრა 4 კომპონენტით, მაგრამ აღნიშნული ცვლილება არ შეხებია მის მიმართ ასანაზღაურებელი ხელფასის პერიოდს. რომ არა უკანონო დათხოვნა, 2005 წლის ანაზღაურებას მიიღებდა 4 კომპონენტის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. ა-მა მოითხოვა სსკ-ის 262 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის განმარტება, კერძოდ: იძულებით განაცდური ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა თუ არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლით, როგორც ეს მითითებული იყო გადაწყვეტილებაში და “პოლიციის შესახებ” კანონის 2005 წლის რედაქციის 31.2 მუხლით განსაზღვრული 4 კომპონენტით და შემდგომ “პოლიციის შესახებ” კანონში 23.12.05წ. ¹2493-რს კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად 31.4 და 31.5 მუხლებით განსაზღვრული ასევე 4 კომპონენტით, რომელიც არ შეხებია მის მიმართ ასანაზღაურებელი ხელფასის პერიოდს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. განჩინებით გ. ა-ს უარი ეთქვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.04.05წ. გადაწყვეტილების განმარტებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვდა თ. ა-ი, ნათლად და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული, არ შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს და იგი განმარტებას არ საჭიროებდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრაა გ. ა-მა. გ. ა-მა კერძო საჩივარში აღნიშნა, რომ შს სამინისტრომ მას 14.04.05წ. გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებით განაცდური ხელფასი დაუანგარიშა 2 კომპონენტის მიხედვით, მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენდა ხელფასის 4 კომპონენტს, შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებდა არაჯეროვნად. გ. ა-ის განმარტებით, იგი იძულებული იქნებოდა მიემართა საქალაქო სასამართლოსთვის შს სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც მას დაუანგარიშეს იძულებითი განაცდური ხელფასი 2 კომპონენტის მიხედვით. სასამართლოს ხელახლა უნდა ემსჯელა იმაზე, რაც უკვე განხილული და გადაწყვეტილი იყო სასამართლოს 14.04.05წ. გადაწყვეტილებით. საჭირო იყო მხოლოდ 14.04.05წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის – იძულებით განაცდური ხელფასის განმარტება, კერძოდ, განმარტება იმისა, თუ რამდენ კომპონენტს მოიცავდა იძულებით განაცდური ხელფასი 01.01.05წ._15.11.05წ. პერიოდში. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 262-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლო ვალდებული იყო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განემარტა გადაწყვეტილება, გასაჩივრებული განჩინება ხელს უშლის 14.04.05წ. გადაწყვეტილების სწრაფ და ჯეროვან აღსრულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.07.08წ. განჩინებით გ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.04.05წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.05წ. განჩინება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 262.1 მუხლი ითვალისწინებს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. გადაწყვეტილების განმარტება არის დაშვეული ხარვეზის შევსების ერთ-ერთი საშუალება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახარო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.04.05წ. გადაწყვეტილება ნათლად და გარკვევითაა ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს და იგი განმარტებას არ საჭიროებს. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 09.08.04წ. ¹2160-პ.შ ბრძანება, გ. ა-ი აღდგენილ იქნა სამსახურში მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებით. ამდენად, გადაწყვეტილი დავა არ ეხებოდა განაცდური ხელფასის კომპონენტებს. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების განმარტების სახით ახალი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთანავე, სსკ-ის 262.1 მუხლის თანახმად არ დაიშვება გადაწყვეტილების განმარტება, თუ გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ა-ს მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 262-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.