ბს-898-859(2კს-06) 19 მარტი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრების ავტორები (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრების დავის საგანი – სააპელაციო საჩივრების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ლ-მ მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა კონკურსის შედეგებისა და ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994 წლიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” საბაჟო საგუშაგო “თბილისის აეროპორტის” საბაჟო კონტროლის განყოფილების ...ის თანამდებობაზე. დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა, ხოლო 2002 წლის 9 სექტემბრის ¹177 ბრძანებით დაწინაურდა და გადაყვანილ იქნა უფროსი ...ის თანამდებობაზე. 2005 წლის 11 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში ჩატარდა საჯარო მოხელეთა ატესტაცია, ერთ ეტაპად (გასაუბრება), ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მიზნად ისახავდა მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას. 2005 წლის 20 დეკემბერს ფოსტით ჩაჰბარდა საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹824 ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელის მოსაზრებით, საატესტაციო კომისიამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და, შესაბამისად, სადავო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩელის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 81-ე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-14 მუხლების შესაბამისად, ატესტაციის მიზანია მოხელის ცოდნისა და კვალიფიკაციის შეფასება პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მიმართებაში. ჩატარებული ატესტაცია ასეთ მიზანს საერთოდ არ ისახავდა. ამასთან, იგი ჩატარდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, დარღვეულ იქნა ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში _ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.” ამავე ბრძანების 30-ე მუხლის მიხედვით, ატესტაციისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, რაც კომისიის მიერ არ შესრულებულა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ატესტაციის ჩატარების დროს, მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, თუ მას არ სურს, გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე. არავითარი შეთავაზება ხელმძღვანელობის მხრიდან მოსარჩელეს არ მიუღია.
მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 39-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პერსონალურად, ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით. მის მიმართ არანაირი მოტივირებული დასკვნა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ რატომ არ შეესაბამებოდა იგი დაკავებულ თანამდებობას, არ გაკეთებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ კომისიის ოქმი შედგენილია არაკვალიფიციურად და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე და 127-ე მუხლების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹824 ბრძანების ბათილად ცნობა, საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “ა....ის” საბაჟო საგუშაგო “...” საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება (ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 126-130).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 142-146).
სააპელაციო საჩივარი ასევე შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 135-139).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეუტანლობის შემთხვევაში, იგი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2006 წლის 2 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 21 აგვისტოს, შესაბამისად, დარღვეულ იქნა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა (ს.ფ. 150-151).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ასევე განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ჩაჰბარდა 2006 წლის 3 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 18 აგვისტოს (ს.ფ. 152-153).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საბაჟო დეპარტამენტმა და მოითხოვეს მათი გაუქმება:
ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივარს თან დაურთო შპს “საქართველოს ...ის” რეესტრის ამონაწერი მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი შპს “საქართველოს ...ს” ჩააბარა 2006 წლის 17 აგვისტოს, რაც დასტურდებოდა რეესტრის ამონაწერზე ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა 2006 წლის 2 აგვისტოს, არამედ 3 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 17 აგვისტოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის მიერ არ არის დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა (ს.ფ. 157-158).
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა კერძო საჩივარს დაურთო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ¹47 ფოსტის მიერ გაცემული ¹512 ქვითარი და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 16 აგვისტოს, რაც დასტურდებოდა წარმოდგენილ ქვითარზე საფოსტო განყოფილების კორესპონდენციების მიმღები უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და დამოწმებული ბეჭდით. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ არის დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა (ს.ფ. 161-162).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მას საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა 2 აგვისტოს, არამედ 3 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 17 აგვისტოს, რის გამოც გაშვებული არა აქვს კანონით განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებულ მსჯელობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2006 წლის 2 აგვისტოს, რაც დასტურდება ჩაბარების შესახებ გზავნილზე ხელმოწერით და ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით (ს.ფ. 133).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 18 აგვისტოს, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის კონვერტზე საკურიერო სამსახურისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებულია სწორად აღნიშნული თარიღი (ს.ფ. 148). ამასთან, სააპელაციო საჩივარი კიდეც რომ ყოფილიყო შეტანილი 17 აგვისტოს, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, მას მაინც გაშვებული ექნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, ამოიწურა 16 აგვისტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორი გამოყენებით მართებულად დატოვა განუხილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.
რაც შეეხება საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ჩაჰბარდა 2006 წლის 3 აგვისტოს, რაც დასტურდება პირადად ჩაბარების შესახებ გზავნილზე ხელმოწერითა და საბაჟო დეპარტამენტის ბეჭდით (ს.ფ. 132). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 16 სექტემბერს, რაც დასტურდება კონვერტზე არსებული შტამპით (ს.ფ. 141), ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი ¹512 ქვითრით (ს.ფ. 163).
ამდენად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა მე-14 დღეს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება და საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.