Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-904-866(კს-07) 20 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა “ს-ის” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 19 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-904-866(კს-07) “ს-ის” კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით “ს-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები და არ შეიცავს კრიტიკულ დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 39-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კერძო საჩივრის ავტორს _ “ს-ს” განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 69-71/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ “ს-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს _ ფირმა “ს-ის” უფროსს გაეგზავნა 2007 წლის 27 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინება ფირმა “ს-ის” თანამშრომელს ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 73), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2007 წლის 18 ოქტომბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფირმა “ს-ის”კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფირმა “ს-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.