ბს-908-870(კს-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მცირე საწარმო შპს ,,მ-ის” დირექტორ გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 6 აგვისტოს მცირე საწარმო შპს “მ-ის" დირექტორმა გ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელის მიერ 2003 წლის 7 ივლისს საწარმოსათვის წარდგენილი გაფრთხილების ბათილად ცნობა.
იმავე წლის 11 სექტემბერს ფიზიკურმა პირებმა: მ. დ-ემ, ი. ქ-ემ, გ. რ-მა, დ. ს-მა, ა. დ-ემ და გ. ს-ემ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს 2000 წლის 10 იანვარს გ. ფ-ის სახელზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში შესწორების შეტანა და ფიზიკური პირის – გ. ფ-ის ნაცვლად, რუსთავის გზატკეცილის მე-13 კილომეტრზე მდებარე 7515 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შპს ,,მ-ის” მითითება. აღნიშნულის საფუძვლად ფიზიკური პირები მიუთითებდნენ შემდეგზე: გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2003 წლის 1 სექტემბრის ¹01/17-349 წერილით, ასევე 2003 წლის 6 ოქტომბრის ¹01/17-378 წერილით, ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურიდან გაცემული ცნობითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე სოფ. .........-ში, ფართობით 7515 კვ.მ, გარდაბნის რაიონის გამგეობის 1998 წლის 29 დეკემბრის ¹246 დადგენილებით დაუკანონდა შპს ,,მ-ეს”, რომლის დირექტორსაც წარმოადგენდა გ. ფ-ე. ამდენად, შპს ,,მ-ზე” საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნა გ. ფ-ეს შეეძლო როგორც შპს-ს დირექტორს, მაგრამ არა როგორც ფიზიკურ პირს, როგორც ეს მოწმობაშია მითითებული.
საქმის მომზადების ეტაპზე გ. ფ-ემ დამატებითი სასარჩელო და შეგებებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გარდაბნის მიწის მართვის სამმართველოს ¹01/17-349 (01.09.2003), ¹01/17-378 (06.10.2003) წერილებისა და გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2003 წლის 25 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის (რომლითაც გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხა იურიდიული პირი შპს ,,მ-ე”) ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,მ-ე” არ იყო სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ვინაიდან პარტნიორთა კრების მიერ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება მიწის გამოსყიდვის შესახებ. მიწის ნაკვეთი გამოისყიდა თავის სახელზე შპს ,,მ-ის” დირექტორმა გ. ფ-ემ და თუ შპს ,,მ-ის” პარტნიორებს ექნებათ სურვილი და სახსრები, ისინი მიწის ნაკვეთს გამოისყიდიდნენ მისგან. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მოსარჩელის განმარტებით, გასული იყო მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკუთრების განხილვის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ¹01/17-349 და ¹01/17-378 წერილები, მოსარჩელის მოსაზრებით, არ ქმნიდა იმის მტკიცების საფუძველს, რომ სადავო მიწა ეკუთვნოდა შპს ,,მ-ეს”. ამასთან, გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998 წლის 30 დეკემბერს გაცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელშიც მესაკუთრედ მითითებულია ფიზიკური პირი გ. ფ-ე. 2003 წლის 25 აგვისტოს ამონაწერით ფიზიკური პირი გ. ფ-ე შეიცვალა იურიდიული პირი შპს ,,მ-ით”, ანუ მოხდა ახალი ადმინისტრაცული აქტის გამოცემა. ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს კი გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ დაარღვია ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო წესები, რომლებიც მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავში, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ ეცნობა შპს ,,მ-ეს”, არ არის წარმოდგენილი ახალი ამონაწერის დასაბუთება, საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევის, ასევე დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ახალი აქტის გამოცემით დარღვეულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და შპს ,,მ-ის” წესდება, როცა მას პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე საკუთრებაში გადაეცა შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ფართი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის მიერ გასწორებულ იქნა ამონაწერში დაშვებული მექანიკური შეცდომა და მესაკუთრის გრაფაში გ. ფ-ის ნაცვლად მიეთითა შპს ,,მ-ეს”. მითითებული დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ ფიზიკურმა პირებმა მოხსნეს თავიანთი მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შპს ,,მ-ის” ცნობის შესახებ და მოითხოვეს სარჩელის წარმოებით შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს 2004 წლის 26 იანვრის განჩინებით.
მოპასუხეებმა და მესამე პირებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მცირე საწარმო შპს “მ-ის" დირექტორის გ. ფ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; ამავე სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მესამე პირების: მ. დ-ის, ი. ქ-ის, გ. რ-ის, დ. ს-ისა და გ. ს-ის შუამდგომლობა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც შეჩერდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ¹21703 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება შპს “მ-ის" მიმართ.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შპს ,,მ-ეს” მ. დ-ის, ი. ქ-ის, გ. რ-ის, დ. ს-ის, ა. დ-ის და გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურება 39 100 ლარის ოდენობით. 2003 წლის 18 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლიც აღსასრულებლად გადაეცა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, 2003 წლის 7 ივლისს სასამართლო აღმასრულებლის მიერ შპს ,,მ-ეს” გაეგზავნა წერილი, რომლითაც მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა იმის თაობაზე, რომ თუ იგი 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებას და არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებულ თანხას, მისი აღსრულება მოხდებოდა იძულებით შპს ,,მ-ის” ქონებიდან.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 28-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია, სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგ გააფრთხილოს მოვალე, 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და გადაიხადოს დაკისრებული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის გადახდევინება მოხდება იძულებით, მოვალის ქონებიდან. ამდენად, სასამართლო აღმასრულებელი ნ. კ-ი, მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობდა 2003 წლის 7 ივლისის გაფრთხილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლოს მითითებით, ასევე უსაფუძვლო იყო გ. ფ-ის მოთხოვნა 2003 წლის 15 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან 2003 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერში გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სასამართლომ მოახდინა მხოლოდ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორება, რისი უფლებაც მას გააჩნდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა შპს ,,მ-ის” დირექტორმა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით შპს ,,მ-ის” დირექტორის _ გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და შპს ,,მ-ეს” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დასკვნა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცება (კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი წილის დათმობის ან ნასყიდობის ხელშეკრულების) იმისა, რომ საჯარო რეესტრში შპს ,,მ-ის” სახელზე აღრიცხული ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ფიზიკურ პირ – გ. ფ-ეს და არა შპს ,,მ-ეს”. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულების ძალა ვერ მიენიჭებოდა აპელანტის მიერ წარმოდგენილ შპს ,,მ-ის” დამფუძნებელთა 1999 წლის 22 დეკემბრის ¹2 სხდომის ოქმს, ვინაიდან ამ ოქმის საფუძველზე სათანადო ცვლილება სამეწარმეო ან საჯარო რეესტრში შეტანილი არ ყოფილა.
სააპელაციო პლატის მოსაზრებით, აღმასრულებლის მიერ სადავო მოქმედება (2003 წლის 7 ივლისი გართხილება თანხის 5 დღის ვადაში ნებეყოფლობით გადახდის თაობაზე), განხორციელებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 17.1, 20-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-ის” დირექტორმა გ. ფ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმებას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,მ-ის” დირექტორის, გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად შპს ,,მ-ის” დირექტორის, გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 30 ოქტომბერს მ. დ-ემ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,მ-ის” დირექტორ გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს ,,მ-ის” დირექტორ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს ,,მ-ის” დირექტორ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,მ-ის” დირექტორ გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას შპს ,,მ-ის” დირექტორ გ. ფ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.