Facebook Twitter

ბს-911-873(კს-07) 8 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “დ-ა”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “დ-ას” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 20 მარტის ¹03/კ/178 ბრძანება, 2006 წლის 10 აპრილის კამერალური შემოწმების აქტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 აპრილის ¹დ/202 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორის 2006 წლის 17 აპრილის ¹1231 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა (ს.ფ. 192-205).

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და შპს “დ-ას” მიერ (ს.ფ. 220-224; 229-232).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში (ს.ფ. 227).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს “დ-ას” მიეცა ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (ს.ფ. 233).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს “დ-ას” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტმა შპს “დ-ამ” არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (ს.ფ. 236-237).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “დ-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას ხარვეზის შესახებ განჩინების შპს “დ-ას” მეუღლის მიერ ჩაბარებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ სინამდვილეში ასეთს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, განჩინება ჩაბარებულად მაინც ვერ ჩაითვლებოდა, რამდენადაც არც ადმინისტრაციული და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლები უნდა გადაეცეს მხარეს. კანონში არაფერია ნათქვამი, რომ განჩინების ასლი შეიძლება გაეგზავნოს ორგანიზაციის თანამშრომლის მეუღლეს. უფრო მეტიც, შპს სასამართლოში საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც საქალაქო სასამართლო ყველა დოკუმენტს თუ შეტყობინებას უგზავნიდა პირადად, გაუგებარია რატომ არ გაეგზავნა შეტყობინება მათ წარმომადგენელს, მაშინ როცა საზოგადოებისათვის ცნობილი იყო, როგორც მისი წარმომადგენლის, ასევე საზოგადოების იურიდიული მისამართი.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნულ საქმეზე მხარეს წარმოადგენდა შპს “დ-ა” და არა მისი დირექტორის მეუღლე. ამდენად, ყველა დოკუმენტი სასამართლოს უნდა გაეგზავნა საზოგადოების მისამართზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, რასაც მათ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 241-242).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “დ-ას” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინება, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შპს “დ-ას” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს “დ-ას” მიეცა ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე _ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, იმ მოტივით, რომ აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (ს.ფ. 233). ხარვეზის შევსების შესახებ აღნიშნული განჩინება გაიგზავნა შპს “დ-ას” დირექტორის პირად მისამართზე და ჩაბარდა მის მეუღლეს 2007 წლის 20 ივნისს (ს.ფ. 235). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო შპს “დ-ას” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ს.ფ. 236-237).

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინება აპელანტს _ შპს “დ-ას” სააპელაციო საჩივარში დასახელებულ მის იურიდიულ მისამართზე არ გაგზავნია. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტს საფუძვლიანად მიიჩნევს, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, უწინარეს ყოვლისა, ეკისრება ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოს განჩინების უშუალოდ სააპელაციო საჩივრის შემტანი პირისათვის გაგზავნის საპროცესო ვალდებულება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები ასევე ავალდებულებს სასამართლოს, ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი გადასცეს მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დენის დაწყებისათვის გადამწყვეტია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარება. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შემტან პირს წარმოადგენდა შპს “დ-ა”, რომელსაც სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული ჰქონდა საზოგადოების იურიდიული მისამართი. ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “დ-ას” აღნიშნულ მისამართზე არ გაგზავნია, აღნიშნული განჩინება გაიგზავნა მხოლოდ შპს-ს დირექტორის პირად მისამართზე. მართალია, შპს-ს დირექტორი, ,“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.4 მუხლის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისადმი გაგზავნილი კორესპონდენცია მის პირად საცხოვრებელ მისამართზე და არა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე უნდა იგზავნებოდეს. შპს, როგორც იურიდიული პირი და შპს-ს დირექტორი, როგორც კერძო პირი, სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სრულიად სხვადასხვა სუბიექტებია. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება შპს-ს შუამდგომლობა, რომ საზოგადოებისადმი განკუთვნილი კორესპონდენცია გაიგზავნოს საზოგადოების დირექტორის პირად მისამართზე. საქმეში არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვება, რომ ხარვეზის შევსების განჩინების ჩაბარება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ვერ მოხერხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინება შპს “დ-ას” საზოგადოების იურიდიულ მისამართზე არ გაგზავნია, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებისათვის ხარვეზის შევსების ვადის დაწყებას ადგილი არ აქვს. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა უზრუნველყოს ხარვეზის შესახებ განჩინების შპს “დ-თვის” გაგზავნა და ჩაბარება, რის შემდეგაც უნდა გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “დ-ას” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე შპს “დ-ას” სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.