ბს-914-876(კს-07) 22 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ პ. გ-ის წარმომადგენელი ვ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 იანვარს პ. გ-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ (ს.ფ.1-6).
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2006 წლის 3 ოქტომბერს პ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. კ-ემ პ. გ-ის სახელით იყიდა “საქართველოს .......... კავშირის” კუთვნილი ქონება, კერძოდ, 1 150 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე აღმართული 517 მ2 ფართის შენობა-ნაგებობებით, ხელვაჩაურის რ. სოფელ .......-ში.
მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის 6 ოქტომბერს, ნასყიდობის ხელშეკრულება და განაცხადი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში. 2006 წლის 9 ოქტომბერს, ნ. კ-ეს უარი უთხრეს ამონაწერის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ ნ. კ-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარდგენის შემდეგ მოცემულ სამსახურში წარდგენილ იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა რაიმე სახის სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელება ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ...........-ში მდებარე საქართველოს .......... კავშირის საკუთრებაში არსებულ ყოფილ რესტორან “ა-ის” შენობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე. უარი რეგისტრაციის განხორცილებაზე გაცემულ იქნა წერილობითი ფორმით, რასაც ერთოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინების ასლი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრდა პ. გ-ის წარმომადგენლის _ ვ. გ-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება; არ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...........-ში მდებარე საქართველოს .......... კავშირის საკუთრებაში არსებულ ყოფილ რესტორან “ა-ის” შენობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სარეგისტრაციო მოქმედებათა განხორციელების აკრძალვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სადავო ქონების რეგისტრაცია მყიდველის სახელზე ვერ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება ......... კავშირის სახელზე რიცხულ ზემოაღნიშნულ ქონებაზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და იქიდან გამომდინარე, რომ აღარ არსებობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, მოითხოვა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა.
ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელის წარმომადგენელს, 2006 წლის 12 დეკემბრის წერილით აცნობა შემდეგი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში 2006 წლის 19 ოქტომბერს წარდგენილ იქნა 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹76 დადგენილების ასლი, რომლითაც არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა აღიარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა მოცემული დადგენილების საფუძველზე განეხორციელებინა მოქმედებები ........-ზე მდებარე ყოფილ რესტორან “ა-ის” საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ასევე ეთხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია. შესაბამისად, მოცემული დადგენილება ეწინააღმდეგება პ. გ-ის მიერ წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებას და იმის გასარკვევად, თუ ვის საკუთრებად უნდა იქნეს დარეგისტრირებული მოცემული ქონება, მასალები გაიგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 26 დეკემბრის წერილით ცნობილი გახდა შემდეგი: იმის გამო, რომ მოცემული ქონება არის დავის საგანი, დავის გადაწყვეტამდე რაიმე ჩანაწერების განხორციელება არ მოხდება.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი განაცხადა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ........-ში მდებარე 1 150 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე აღმართულ 517 მ2 ფართის მქონე, ყოფილ რესტორან “ა-ის” შენობა-ნაგებობაზე პ. გ-ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედება არის უკანონო, რამდენადაც არ არსებობდა რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, 2006 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ........ კავშირსა და პ. გ-ის წარმომადგენელ _ ნ. კ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ.5).
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. 312-ე მუხლის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე იძენს სხვისგან რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოცემული მუხლებიდან გამომდინარე, პ. გ-ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, ინტერესები დაცულია კანონით. 2006 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ......... კავშირთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ნასყიდობის საგანი, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, წარმოადგენდა გამსხვისებელ ......... კავშირის საკუთრებას, მოცემული ჩანაწერის საწინააღმდეგოდ სარჩელი არ ყოფილა შეტანილი და მოცემულ ქონებასაც ყადაღა არ ედო. საჩივარი ჩანაწერის საწინააღმდეგოდ არც 2006 წლის 6 ოქტომბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრის სამსახურში წარდგენის დროსაც კი არ ყოფილა გაკეთებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პ. გ-ის საჩივარი, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონის სარეგისტრაციო მოქმედებათა განხორციელების აკრძალვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული პ. გ-ის სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹76 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე და ამავე განჩინებით შეჩერდა გასაჩივრებული დადგენილების მოქმედება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით პ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, 2006 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, პ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, კერძოდ, 1 150 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ 517 მ2 ფართის შენობა-ნაგებობაზე (ს.ფ.48,49).
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 3 ოქტომბერს პ. გ-ემ საქართველოს ........... კავშირისაგან შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .......-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 500 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 517 მ2 შენობა-ნაგებობით. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში ირიცხებოდა საქართველოს ........... კავშირის სახელზე; 2006 წლის 16 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა სარჩელი საქართველოს ......... კავშირისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......-ში არსებული უძრავი ქონების, ყოფილი რესტორან “ა-ის” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია და ამ სარჩელის აღძვრამდე მის უზრუნველსაყოფად რეგისტრაცია. ამ სარჩელის აღძვრამდე მის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო უკვე პ. გ-ის მიერ შეძენილ 1 500 მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 517 მ2 შენობა-ნაგებობას, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ამავე ქონებაზე, ასევე სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის წესით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა რაიმე სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. პ. გ-ის წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2006 წლის 7 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, რითაც სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (ს.ფ.52-54).
აპელანტმა მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების არარად ცნობის კანონიერების საბოლოოდ შეფასებამდე, საჯარო რეესტრს არ შეეძლო მოეხდინა პ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლოს მანამ არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სანამ არ გადაწყდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილების არარად ცნობის კანონიერების საკითხი.
აპელანტის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელების გამო საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რადგან საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც ........-ში მდებარე ყოფილი რესტორან “ა-ის” შენობა და მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო საქართველოს ........... კავშირის საკუთრებაში, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, აღნიშნული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ და 2006 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ............. კავშირის თავმჯდომარესა და ნ. კ-ეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აღნიშნული დავა მიმდინარეობდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და 2007 წლის 13 მარტს დანიშნული იყო სასამართლოს მთავარი სხდომა.
აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს აუცილებლად უნდა ჩაება საქმეში მესამე პირად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2007 წლის 30 ივლისს (ს.ფ.64,65).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სააპელაციო საჩივრების გამო საქართველოს ......... კავშირის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და პ. გ-ის მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების, უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ (ს.ფ.90).
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისაგან გამოითხოვა მის წარმოებაში არსებულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ასლი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინების ასლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ.77-82).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციული საქმე ¹2ბ/673-07წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის გამო პ. გ-ის წინააღმდეგ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაზე, წარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე ¹2ბ/672-07წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრების გამო, საბოლოო განხილვამდე (ს.ფ.92-95).
სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თ. ს-გან გამოთხოვილი ¹3ბ/672-07წ. საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელები საქართველოს ......... კავშირის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და პ. გ-ის მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების, უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. საქართველოს .......... კავშირის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹76 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილების არარად აღიარების შესახებ. მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ¹3ბ/672-07წ. საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილებით საქართველოს ...... კავშირს დასვენების დღეების კერის მოსაწყობად გადაეცა ყოფილი რესტორან “ა-ის” შენობა. 2005 წლის 17 თებერვალს საქართველოს .......... კავშირმა აღნიშნული შენობა და 1 150 მ2 მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გაატარა თავის საკუთრებად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹76 დადგენილებით არარა აქტად იქნა აღიარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილება. სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი 2006 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც საქართველოს ....... კავშირმა ყოფილი რესტორან “ა-ის” შენობა და 1 150 მ2 მიწის ნაკვეთი მიჰყიდა პ. გ-ეს. ......... კავშირმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹76 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც არარა აქტად იქნა აღიარებული 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული დავის გადაწყვეტამდე შეუძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განხილვა, რადგან ამ საქმეზე პ. გ-ე, რომელმაც საქართველოს ........... კავშირისგან შეიძინა რესტორან “ა-ის” შენობა და 1 150 მ2 მიწის ნაკვეთი, ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულებას, განახორციელოს უფლების რეგისტრაცია და მასზე გასცეს საჯარო რეესტრის ამონაწერი. განსახილველ საქმესა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ ¹3ბ/672-07წ. საქმეს შორის არსებობს კავშირი, ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი და სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობენ.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ გასაჩივრდა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი. ეს გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთის მოქმედებას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა რა უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელი საბუთის, ნასყიდობის ხელშეკრულების, კანონიერება, სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას პ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ უნდა შეჩერებულიყო საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹3ბ/672-07წ. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პ. გ-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ და განჩინების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ.100-103).
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, საქმის წარმოების განხილვა არ იყო შეუძლებელი სხვა საქმის, კერძოდ, ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/672-07წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებული საქმის გადაწყვეტამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ არსებობს ნორმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული მოტივით საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს იძლევა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ განზრახ დაამახინჯა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შინაარსი, კერძოდ, მოცემული პუნქტის შესაბამისად, რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ გასაჩივრდა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) ეს გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთების მოქმედებას და აღნიშნული შეჩერების შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ ოფიციალურად ეცნობება სარეგისტრაციო სამსახურს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნულ პუნქტში მითითებული უფლების დამადასტურებელ საბუთად იგულისხმება ადმინისტრაციული აქტი, რადგან “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის “გ” პუქტის მიხედვით, “უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთებზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.
რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების შეჩერებას, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემული ხელშეკრულების შეჩერების სადავოდ გახდომის შემთხვევაში, საქართველოს სამართლებრივი სივრცე ასეთს არ ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის გამოყენება უადგილოა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს საქმის განხილვის შეუძლებლობაზე სხვა საქმის გადაწყვეტამდე. ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც უფლების დამადასტურებელი საბუთის ძალაში არსებობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, ეს უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და მის სანაცვლოდ წარდგენილ იქნება ახალი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერი საჯარო რეესტრში თავისთავად გაუქმდება.
აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არსებული ¹3ბ/673-07წ. საქმის განხილვა ნამდვილად არ არის შეუძლებელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ ¹3ბ/672-07წ. ადმინისტრაციულ საქმეზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ვ. გ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით პ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 5 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით პ. გ-ის კერძო საჩივრის განხილვის თარიღი გადმოინიშნა 2007 წლის 22 ნოემბრისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა პ. გ-ის წარმომადგენლის _ ვ. გ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული წესით.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებანი: ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა პ. გ-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე (ს.ფ.1-6); 2006 წლის 3 ოქტომბერს “საქართველოს .......... კავშირის” სახელით მ. გ-მა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა პ. გ-ის წარმომადგენელ ნ. კ-თან. აღნიშნული ხელშეკრულებით პ. გ-ემ შეიძინა “საქართველოს ........... კავშირის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......-ში მდებარე 1 150 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე აღმართული 517 მ2 ფართის მქონე შენობა-ნაგებობით (ს.ფ.14); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა 2006 წლის 9 ოქტომბერს წერილობით უარი განუცხადა პ. გ-ის წარმომადგენელს _ ნ. კ-ეს ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარებაზე, იმ მოტივით, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდან წარდგენილი იყო 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და იუსტიციის სამინისტროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს მომართვები, რომლებითაც ყადაღა დაედო ხელვაჩაურის რაიონის .....-ზე მდებარე საქართველოს ........ კავშირის საკუთრებაში არსებულ ყოფილ რესტორან “ა-ის” შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს, რითაც საჯარო რეესტრს აეკრძალა რაიმე სახის სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელება (ს.ფ.8); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ........ კავშირის გამგეობის მოთხოვნა და .......-ზე მდებარე რესტორან “ა-ის” შენობა მას გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე (ს.ფ.19); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹76 დადგენილებით არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა აღიარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 25 მაისის ¹79 დადგენილება (ს.ფ.18); ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით პ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 2006 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით პ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...........-ში მდებარე 1 150 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ 517 მ2 ფართის შენობა-ნაგებობაზე (ს.ფ.48,49); ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე (ს.ფ.81,82); ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის Mმთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ........... კავშირის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 10 ოქტომბრის ¹76 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 25.05.1996წ. ¹79 დადგენილების არარა აქტად აღიარების შესახებ.
საკასაციო პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე პირვანდელ სარჩელში მოსარჩელეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მოპასუხე _ საქართველოს ....... კავშირი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, მესამე პირი _ პ. გ-ე. დავის საგანი პირვანდელ სარჩელზე _ 2006 წლის 03 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ........-ში არსებული უძრავი ქონების, ყოფილი რესტორან “ა-ის” შენობისა და 1 150 მ2 მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია (ს.ფ.78-80); 2006 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური სარჩელი იქნა წარდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად. შეგებებული სარჩელის ავტორია _ საქართველოს ......... კავშირი, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დავის საგანი შეგებებულ სარჩელში _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა აღიარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 25.05.1996წ. ¹79 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლით დადგენილი სასამართლოს მოვალეობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე გათვალისწინებულია იმ შემთხვევებში, როცა სხვა საქმე იმყოფება სასამართლო განხილვაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის შუამდგომლობაში აღძრული მოტივები წარმოადგენდა მოცემული საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების საფუძველს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან სადავოა უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელი საბუთის, ნასყიდობის ხელშეკრულების, კანონიერება, სასასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/672-07წ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ. გ-ის წარმომადგენლის _ ვ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. გ-ის წარმომადგენლის _ ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.