ბს-916-880(კს-08) 6 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 2 ივლისს გ. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2007 წლის 1 ივნისის ¹472 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 25 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 20 მაისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას და განმარტავს, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდებოდა 2008 წლის 25 აპრილს, ვინაიდან გზავნილის თავფურცელი, რომელიც ერთოდა მისთვის გამოგზავნილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებას, დათარიღებული იყო 2008 წლის 5 მაისით.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საფოსტო კონვერტზე, რომლითაც მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, დასმული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შტამპი, რომელზეც მითითებული იყო 2008 წლის 6 მაისი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოდან ხსენებული გადაწყვეტილების გამოგზავნის თარიღი იყო. გ. ტ-ს კი აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის 8 მაისს ჩაჰბარდა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საკმარისი იყო კონვერტზე დასმულ სასამართლოს შტამპზე აღნიშნული თარიღიც _ 2008 წლის 6 მაისი, რადგან გ. ტ-მა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 20 მაისს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი, ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული თარიღი _ 2008 წლის 25 აპრილი წარმოადგენდა სხვა საპროცესო საბუთის _ სხდომის ოქმთან დაკავშირებით შენიშვნების უარყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აპრილის განჩინების მისთვის ჩაბარების თარიღს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გ. ტ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 6 ნოემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ტ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ტ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 8 მაისს (ს.ფ. 200), რაც ასევე დასტურდებოდა იმ გარემოებით, რომ გზავნილის თავფურცელი, რომელიც ერთოდა მისთვის გაგზავნილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებას, დათარიღებული იყო 2008 წლის 5 მაისით, რაც გამორიცხავს მისთვის ხსენებული გადაწყვეტილების 2008 წლის 25 აპრილს ჩაბარების ფაქტს. ამდენად, გ. ტ-ს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდა 2008 წლის 22 მაისის ჩათვლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით დასტურდება, რომ მან სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ჩააბარა 2008 წლის 20 მაისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული თარიღი _ 2008 წლის 25 აპრილი წარმოადგენს სხვა საპროცესო საბუთის _ სხდომის ოქმთან დაკავშირებით შენიშვნების უარყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აპრილის განჩინების გ. ტ-თვის ჩაბარების თარიღს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ტ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო გ. ტ-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მხარის მიერ გაღებული ხარჯების, კერძო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საკითხი განიხილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ტ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარის მიერ გაღებული ხარჯების, კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საკითხი განიხილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.