Facebook Twitter

¹ბს-921-880(კ.ს-06) 10 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ გ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქვემო ქართლის არქმშენინსპექცია

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქვემო ქართლის არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. რ-ის მიმართ და მოითხოვა სასამართლოს მოპასუხისათვის დაევალებინა უკანონოდ მიშენებული აივნის იძულებითი წესით დანგრევა საკუთარი ხარჯებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. რ-ეს დაევალა საკუთარი ხარჯებით დაენგრია ქ. რუსთავში, ..... გამზირის ¹22-13-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ნებართვის გარეშე, უკანონოდ მიშენებული აივანი.

ხსენებული გადაწყვეტილება გ. რ-ემ 2005 წლის 20 იანვარს სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყვნენ, მაგრამ სასამართლო პროცესზე არც ერთი არ გამოცხადებულა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს იძლეოდა.

საოლქო სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინება გ. რ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლოს შეტყობინება სააპელაციო სასამართლოს სხდომის 25 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ არც მას და არც მის წარმომადგენელს არ ჩაჰბარებიათ. მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილ დასტურზე, რომელიც გ. რ-ის სახელით იყო ხელმოწერილი, მას არ ეკუთვნოდა, რისი დადგენაც კალიგრაფიული ექსპერტიზით შესაძლებელი იყო.

ამდენად, მხარეთათვის ცნობილი არ იყო სხდომის დღე და, შესაბამისად, მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება უკანონო იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ გ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ. რ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხს და განმარტავს, რომ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გ. რ-ე საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდა (ს.ფ. 23), რომელსაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ მას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.4 მუხლის შესაბამისად არ ჩაჰბარებია (ს.ფ. 56-57), ხსენებული განჩინება მხოლოდ თავად აპელანტს გაეგზავნა, რაც გულისხმობს, რომ მხარეს განჩინება კანონით დადგენილი წესით არ გადასცემია. ამასთან, საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გამოტანიდან კერძო საჩივრის წარდგენამდე, 2006 წლის 24 ივლისამდე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადა არ გასულა.

მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგზე:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსხვავებულად აწესრიგებს მხარისათვის გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების გადაცემას, ვიდრე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი. სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლო ვალდებული არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მხარეებს გადასცეს, ამის ვალდებულება მხოლოდ მაშინ წარმოეშვება, თუ მხარე განცხადებით მოითხოვს გადაწყვეტილების ასლის გადაცემას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სასამართლო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით გადასცეს მას სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანებისა და დადგენილების ასლი. ამასთან, გადაცემულად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ან მისი მხარისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გადაგზავნა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, როცა მხარე ადმინისტრაციულ საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს სწორედ წარმომადგენელს და არა მხარეს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი წარმომადგენელთან ერთად მხარესაც უნდა გაეგზავნოს.

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. რ-ის წარმომადგენელს, რომელიც საქმეს მარწმუნებლის სახელით აწარმოებდა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია და სწორედ ამ მოტივით იყო განპირობებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ. რ-ის კერძო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.

საკასაციო სასამართლო გ. რ-ის კერძო საჩივარს საფუძვლიანად მიიჩნევს და განმარტავს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებანი, ხოლო აღნიშნული კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 275-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

მოცემულ საკითხთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი დაფუძნებულია ამავე კოდექსის 231-ე მუხლის დებულებებზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლი არ გამოიყენება ადმინისტრაციულ პროცესში, შესაბამისად, ამავე პროცესში არ უნდა იქნეს გამოყენებული ხსენებული კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიც. ადმინისტრაციულ პროცესში, სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია ასკ-ის მე-4 მუხლსა და მე-19 მუხლის პირველ ნაწილში და ადმინისტრაციულ სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, ასევე, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლით რეგლამენტირებული სარჩელის განუხილველად დატოვება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, საქმის წარმოების დამთავრებას წარმოადგენს, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აღნიშნული საპროცესო მოქმედება ეწინააღმდეგება ინკვიზიციურობის პრინციპსა და აქტიური სასამართლოს ცნებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, რაც არსებითად განსხვავდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ინსტიტუტისაგან.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.