¹ბს-926-885(კს-06) 10 იანვარი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ..... კომპანიის წარმომადგენლები – ნ. ღ-ე და ზ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე:
1. ა. ს-ი, მ. კ-ი, ტ. პ-ი, რ. ნ-ი, ნ. ბ-ი და სხვები (სულ 30 პირი);
2. ახალციხის რაიონის გამგეობა;
3. წყალთბილის თემის საკრებულო;
4. მიწათმოწყობის ადგილობრივი სამსახური;
5. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 20 დეკემბერს ა. ს-ა, მ. კ-ა, ტ. პ-ა და სხვებმა (სულ 30 ფიზიკური პირი) სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ახალციხის რაიონის გამგეობის, წყალთბილის თემის საკრებულოს, მიწათმოწყობის ადგილობრივი სამსახურისა და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ,,....” მიწების სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების თაობაზე ახალციხის რაიონის გამგეობის 27.05.05წ. მომართვისა და საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.05წ. ჩანაწერის ბათილად ცნობა, განაწილებულ მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ წყალთბილის თემის სოფელ ნაოხრების მცხოვრებლებმა, ისევე, როგორც სოფლად მცხოვრებმა სხვა მოქალაქეებმა, რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 და 6 თებერვლის ¹128 დადგენილებების შესაბამისად, მოიპოვეს მიწების შევსების უფლება. მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის 1992 წლის 5 ოქტომბრის ¹3 დადგენილების შესაბამისად, ახალციხის მიწის მართვის სამმართველოს წარდგინებით მიწის დეპარტამენტმა გამოყო და შემდეგში რაიონის გამგეობამ დაამტკიცა სასოფლო-სამეურნეო მიწის სარეფორმო მიწის ფონდი, რის გამოც ეს ტერიტორია გაიმიჯნა სახელმწიფო ფონდის მიწებიდან.
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ საქართველოს კანონის და მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით, მათ მიენიჭათ პირველი კატეგორია და შესავსები მიწის მაქსიმალურ ოდენობად განესაზღვრათ 0,75 ჰა, შესაბამისად, კომისიებმა ეტაპობრივად გამოყვეს მიწის ნაკვეთებიც, მაგრამ არ მომხდარა მიწების საკუთრებაში გადაცემა.
მოსარჩელეთა მითითებით, მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომლებზეც აშენებული აქვთ სახლები და კარ-მიდამო, პრეზიდენტის 1995 წლის 22 თებერვლის ¹45 და 1996 წლის 11 თებერვლის ¹166 ბრძანებების შესაბამისად, გამოცხადებულია მათ პირად საკუთრებად და მიწის ამ ნაწილზე გავრცელდა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედება. დანარჩენი სარეფორმო მიწის ნაკვეთების შევსება და, შესაბამისად, რეფორმის ჩატარება გაჭიანურდა საკრებულოს ხელმძღვანელთა მხრიდან შეგნებულად. მოსარჩელეთა აღნიშვნით, სოფლის ყრილობამ დაადგინა მათი მიწების 0,75 ჰა-მდე შევსების შესაძლებლობა. თანხმობა მიიღეს პრეზიდენტის აპარატიდანაც. აღნიშნული უფლება მინიჭებული ჰქონდათ მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 ნოემბრის ¹815 დადგენილების პირველი ნაწილით.
მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მიწის რეფორმის განხორციელების გაჭიანურების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა 1996 წლის 16 მაისს გამოსცა ბრძანება ¹321 ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეებზე სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ’’. ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტები პირდაპირ ასახავს მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, მაშინ როცა სადავო მიწის ნაკვეთები უკვე რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ა. ს-ის, მ. კ-ის, ტ. პ-ისა და სხვათა სარჩელზე, მხარეთა მორიგების გამო, შემდეგი მოთხოვნების ნაწილში: ახალციხის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 მაისის მომართვის ბათილად ცნობის, სადავო მიწების საკუთრებად აღიარების და წყალთბილის საკრებულოს მიერ მოსარჩელეებზე ყველა იმ დოკუმენტის გაცემის შესახებ, რომლებიც საჭირო იყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების მისაღებად და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის, მ. კ-ის, ტ. პ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა: მიწის ნაკვეთები ¹¹16; 017; 018; 023; 025; 035; 038; 041; 042; 049; 057; 059; 0217; 048; 036 ამოშლილ იქნა საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების ჩანაწერებიდან და დარეგისტრირდა მოსარჩელეების საკუთრებად.
2006 წლის 19 ივნისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს .... კომპანიის წარმომადგენლებმა - ნ. ღ-ემ და ზ. ქ-მა, რომლებმაც მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა.
განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელეთა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილის ქვეშ მდებარეობს ..... კომპანიის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ახალციხის რაიონის გამგეობის 2003 წლის 20 მარტის დადგენილების საფუძველზე გამოყოფილ იქნა ...... სამშენებლო დერეფნის მშენებლობისათვის და მასზე გადის მილსადენი.
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ ზემოაღნიშნული საქმე განიხილა ისე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპანია, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე, მესამე პირად არ ჩაუბამს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით ..... კომპანიას უარი ეთქვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის განჩინების ბათილად ცნობაზე.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ..... კომპანიის წარმომადგენლებმა - ნ. ღ-ემ და ზ. ქ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მილსადენის კომპანიის მონაწილეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ..... კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ კომპანიამ სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით – 2006 წლის 13 სექტემბერს ჩააბარა ფოსტას, რაც დასტურდება სასამართლოში მიღებული საფოსტო კონვერტით და რაც წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ..... კომპანიის წარმომადგენლების - ნ. ღ-სა და ზ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და საქმე ..... კომპანიის წარმომადგენლების - ნ. ღ-ისა და ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის განჩინების ასლი .... კომპანიას ჩაჰბარდა 2006 წლის 30 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი კი ახალციხის რაიონულ სასამართლოში .... კომპანიის წარმომადგენლების მიერ წარდგენილია 2006 წლის 15 სექტემბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით .... კომპანიის წარმომადგენლების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადის უშედეგოდ გაშვების მოტივით.
კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა ფოსტის მეშვეობით განჩინების გასაჩივრების 14-დღიან ვადაში _ 2006 წლის 13 სექტემბერს, რის დასტურადაც მიუთითებენ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გარკვევის მიზნით, საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 87-ზე, წარმოდგენილია საფოსტო გზავნილის ქვითრების ასლი და გზავნილის ჩაბარების დასტური (კალენდარული შტემპელი). კალენდარული შტემპელის თანახმად, გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებულია 2006 წლის 13 სექტემბერი.
ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, არ ირკვევა, ზემოაღნიშნული კალენდარული შტემპელი რამდენად წარმოადგენს კონკრეტული სააპელაციო საჩივრის ჩაბარების დასტურს. გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია მტკიცებულებების გამოთხოვა-გამოკვლევის პროცესუალურ შესაძლებლობას, საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და გამოითხოვოს, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის ავტორისაგან მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვროს და დაადგინოს სააპელაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო საჩივრის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც ...... კომპანიის წარმომადგენლების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ..... კომპანიის წარმომადგენლების - ნ. ღ-ისა და ზ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.