¹ბს-931-890(კს-06) 24 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. რ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს: მ. ჭ-მა, ლ. ჭ-მა, ა. ჭ-მა, ნ. ჭ-მა, ნ. გ-ემ, ი. ყ-ემ, ლ. ჯ-ამ, ლ. ჩ-მა, მ. ბ-ემ, მ. ლ-ამ, ი. ლ-მ, ზ. გ-მა, ნ. ჭ-ემ, ვ. ჭ-ემ, ნ. ჩ-ამ, მ. მ-ემ, ვ. გ-ამ, ა. რ-ამ, ლ. რ-ამ, ლ. რ-ამ, ფ. შ-ემ, ჟ. ხ-ემ, მ. შ-ემ, ნ. შ-ემ, ნ. შ-ემ, თ. რ-მა, მ. თ-ამ, ლ. კ-ემ, ნ. ბ-ემ, ლ. გ-ემ, ბ. ბ-ამ, ე. გ-ამ (სულ32 პირი) მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს “....", საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, სააქციო კომერციულ ბანკ “.....", “.....”, სააქციო კომერციულ ბანკ “....", ბანკი “.....", “....", სააქციო უნივერსალურ ბანკ “....", საქართველოს საპაიო კომერციულ ბანკ “.....", საქართველოს სააქციო კომერციულ ბანკ “...." მიმართ და მოითხოვეს შემნახველი სალაროს ანაბრის წიგნაკებზე საბჭოთა მანეთებში რიცხული თანხის ანაზღაურება 1992 წლიდან გამოცემული ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციების, აქციების, ვაუჩერების, სერტიფიკატებისა და სხვა შეძენით წარმოშობილი) სახელმწიფო გარანტიით წარმოშობილი დავალიანების უპირობოდ ანაზღაურება, რაც მოსარჩელეთა წინასწარი გაანგარიშებით, პროცენტების დაურიცხავად, შეადგენდა ყოფილ სსრ კავშირის მანეთებში _ 56767564 მანეთს, ხოლო აშშ დოლარებში _ 100584820 აშშ დოლარს. მოსარჩელეები დამატებით ითხოვდნენ აგრეთვე მითითებული თანხით სარგებლობისათვის პროცენტების დარიცხვასაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ და ყოფილი სსრ კავშირის პერიოდში მოსარჩელეთა მიერ 1994 წლის 24 დეკემბრიდან 2002 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ადრე დანიშნული საპენსიო თანხის აშშ დოლარებში დადგენას ან მსყიდველობითი უნარის მიხედვით, ადრე დანიშნული პენსიის გადაანგარიშებას.
2002 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სასამართლო კოლეგიამ მიიღო სარჩელი წარმოებაში, გარდა იმ მოთხოვნისა, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ადრე დანიშნული საპენსიო თანხის აშშ დოლარებში დადგენას ან მსყიდველობითი უნარის მიხედვით ადრე დანიშნული პენსიის გადაანგარიშებას.
2004 წლის 22 სექტემბერს ხუთმა ფიზიკურმა პირმა: ვ. გ-ამ, ლ. რ-ამ, ლ. რ-ამ, ა. რ-ამ, ე. გ-ას სამართალმემკვიდრე ე. გ-ამ თბილისის საოლქო სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “....." მიმართ, მოითხოვეს მათი საქმის გამოყოფა, რაც დაკმაყოფილდა და ¹3ა/391-2004წ. ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ხუთი ფიზიკური პირის: ვ. გ-ას, ლ. რ-ას, ლ. რ-ას, ა. რ-ას, ე. გ-ას სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს “...." მიმართ. მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “...." მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებოდათ 4580103 ლარი, რაც აშშ დოლარებში, მათი გაანგარიშებით, შეადგენდა 2.170.665 აშშ დოლარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფიზიკურ პირთა, ვ. გ-ას, ლ. რ-ას, ა. რ-ას, ე. გ-ას სასარჩელო მოთხოვნები პირველი მოპასუხის _ საქართველოს პრეზიდენტის, მეორე მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მესამე მოპასუხის _ სს ,,....” მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მესამე მოპასუხეს _ სს ,,....” დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ საერთო ჯამში 0,30 ლარის, კერძოდ: წარმოდგენილ ანაბარზე ¹П25 772 (რომელიც წარმოადგინა ე. გ-ამ) 0,03 ლარის, ლ. რ-ას სასარგებლოდ ¹49882 ანაბარზე 0,03 ლარის, ლ. რ-ას სასარგებლოდ ¹60712 ანაბარზე 0,01 ლარის, ა. რ-ას სასარგებლოდ ¹82278 ანაბარზე 0,13 ლარის, ლ. რ-ას სასარგებლოდ ¹82279 ანაბარზე 0,10 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს ეთქვათ უარი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ., ლ., ა. რ-ებმა, ვ. გ-ამ და ე. გ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 მაისის განჩინებით კასატორების – ლ., ლ., ა. რ-ების, ვ. გ-ას და ე. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ა. რ-ას, ლ. და ლ. რ-ების, ვ. გ-ას, ე. გ-ას სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,....” მიმართ საანაბრე ანგარიშებზე რიცხული ნაშთის ინდექსაციის შედეგად მიღებული თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. რ-ამ, ლ. და ლ. რ-ებმა, ვ. გ-ამ და ე. გ-ამ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შეიქმნა საშინაო ვალის პრობლერმათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომლის მიერ შემუშავებელი რეკომენდაციები უშუალოდ ეხება მოცემულ საქმეში დავის საგანთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. რ-ას, ლ. და ლ. რ-ების, ვ. გ-ას და ე. გ-ას სააპელაციო საჩივრის წარმოებაზე შეჩერდა საქმის წარმოება სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე – 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. რ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტში მითითებული კანონის მოტივაციაში არსად არაა აღნიშნული, რომ სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა შეაჩეროს რეკომენდაციების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე, უფრო მეტიც, კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და არა რომელიმე კომისიის შექმანას. ამ შემთხვევაში კომისია შექმნილია იმ მიზნით, რომ შეიმუშაოს რეკომენდაციები შემდგომში ნორმატიული აქტის გამოსაცემად და არა კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეეხება აღნიშნულ კომისიას იგი შექმნილია 2002 წლიდან, მაგრამ მათ მიერ არა თუ გადაწყვეტილება, არამედ რეკომენდაციაც არ იქნა დღემდე მიღებული და, შესაბამისად, მითითებული კომისია კიდევ ათი წელი იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინებით უნდა ველოდოთ კანონის მიღებას ან კომისიის რეკომენდაციებს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გაურკვეველია, კომისიის გადაწყვეტილება რა გავლენას იქონიებს სასამართლოში განსახილველ საქმეზე, რადგან კომისიის რეკომენდაციები არა თუ სასამართლოსთვისაა სავალდებულო, არამედ მთავრობისათვისაც არ იქნება სავალდებულო ძალის მქონე. ამდენად, შექმნილი სამთავრობო კომისია კანონში მითითებულ ადმინიტრაციულ სამართალწარმოებას არ აწარმოებს.
ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული და განმარტებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლში მითითებული სამართლებრივი საფუძველები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება _ დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. რ-ას წარმომადგენლის გ. მ-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა. რ-ას, ლ. და ლ. რ-ების, ვ. გ-ას და ე. გ-ას სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილია საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია, რომლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უშუალოდ ეხება განსახილველ დავას, რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იმთავითვე ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ საქმის წარმოების შეჩერების ვადას და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოს მხრიდან კერძო საჩივრების განხილვის მომენტში ზემოაღნიშნული ვადა გასულია, საკასაციო სასამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს განიხილავს საკასაციო სასამართლოსათვის დადგენილი წესების დაცვით, ვალდებულია, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობის საკითხი და არსებითად იმსჯელოს კერძო საჩივრებზე.
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრების ავტორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა ზემოაღნიშნული განჩინების კანონიერება და მიაჩნია, რომ არ არსებობს განჩინებაში მითითებული მოტივით საქმის წარმოების შეჩერების პროცესუალური საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი ადგენს საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების საფუძვლებს, საგულისხმოა, რომ მითითებული მუხლი იძლევა შეჩერების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საფუძვლების განვრცობის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული მუხლის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საკასაციო სასამართლო, მითითებული პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას არსებითად მიიჩნევს განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიეცეს წინასწარ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან მიმართებაში. ამდენად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებისა და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს, რამდენად მიენიჭება საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციებს განსახილველი დავისადმი პრეიუდიციული (გადამწყვეტი) მნიშვნელობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების განსაზღვრისას, არსებითად და გადამწყვეტად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტის პირდაპირი მოქმედების პრინციპზე მითითებას და განმარტავს: ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ იმავე საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო კერძო საჩივარი - დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. რ-ას წარმომადგენლის გ. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და ა. რ-ას, ლ. და ლ. რ-ების, ვ. გ-ას და ე. გ-ას სააპელაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.