¹ბს-935-894(კს-06) 24 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ტ-ი
სარჩელზე მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
'
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 24 მარტს ა. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 5 იანვრის ¹კ-109 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ა. ტ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1167,53 ლარის, ასევე განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მისი მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გადაცილების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 27 აპრილს, რის დასტურადაც წარმოადგენს შპს ,,....” გადასაცემი კორესპონდენციის გადაცემის რეესტრის ამონაწერს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 13 აპრილს, სააპელაციო საჩივარი, საქმეში დაცული კონვერტის შესაბამისად, საქართველოს ფოსტაში წარდგენილია 2006 წლის 29 აპრილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადის უშედეგოდ გაშვების მოტივით.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან დაცულია სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადა, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული, წერილობითი კორესპონდენციის შესახებ რეესტრის ამონაწერით, რომელშიც სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის გადაცემის თარიღად მითითებულია 2006 წლის 27 აპრილი.
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გარკვევის მიზნით, საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 96-ზე, წარმოდგენილია მიღებული წერილობითი კორესპონდენციების შესახებ 2006 წლის 27 აპრილის ¹78 რეესტრის ამონაწერი, რომელშიც მე-17 ნომრად რეგისტრირებულია გზავნილი ¹08-01/3715, მითითებული გზავნილის ნომერი ემთხვევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ნომერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე კანონმდებელი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადას უკავშირებს გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების ფაქტს, რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმის დადგენას, თუ როდის მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის გადაცემა.
ამასთან, საგულისხმოა, რომ კერძო საჩივარზე თანდართული რეესტრის ამონაწერი წარმოდგენილია ასლის სახით, რომელზე განხორციელებული გადასწორებები საკასაციო სასამართლოს ართმევს მითითებული რეესტრის უპირობოდ გაზიარების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია მტკიცებულებების გამოთხოვა-გამოკვლევის პროცესუალურ შესაძლებლობას, საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ დასაშვებობის საკითხის ხელახალი შემოწმების პროცესში ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და გამოითხოვოს, ასევე, სააპელაციო საჩივრის ავტორისაგან მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვროს და დაადგინოს სააპელაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო საჩივრის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.