Facebook Twitter

¹ბს-938-899(კს-07) 9 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 ოქტომბერს დ. გ-მა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 6 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (¹07/206), რომლითაც დ. გ-ს დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1000 ლარის ოდენობით, ბათილად ცნობა, იმ მოტივით, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემისას დაირღვა ,,სააღრსულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21.4 მუხლის მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით დ. გ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 6 ოქტომბერს გაცემული სააღრსრულებო ფურცლის ბათლად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსრულების გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 6 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე ¹3ბ/61-05), რომლითაც განცხადების ავტორს - დ. გ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 1000 ლარის გადახდა და რომელიც 2005 წლის 15 სექტემბერს კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით.

ამასთან, სააღსრულებო ფურცელი აკმაყოფილებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ყველა მოთხოვნას, კერძოდ, მასში მითითებულია სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს დასახელება, საქმე, რომლის გამოც გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი, კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებულია გადაწყვეტილების მიმღები პირის, კერძოდ, მომსხენებელი მოსამართლის ხელმოწეროთა და თბილისის საოლქო სასამართლოს ბეჭდით, რაც სრულიად საკმარისია კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა მისი საჩივარი, რომ მისთვის არ უცნობებიათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, ეცნობებინა მისთვის განცხადების განხილვის დრო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დ. გ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე განხილულ იქნა 2007 წლის 22 მარტს. მითითებული პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველი ნაწილის რედაქციის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სასამართლოს სხდომაზე, რომლის დრო და ადგილი ეცნობებათ მხარეებს. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვას.

საქმეში დაცული არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა განმცხადებლისათვის სასამართლო უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70_78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნისა თუ ჩაბარების ფაქტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას, განცხადება განეხილა მხარისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას, გაუქმების აბსოლუტური საფუძვლის არსებობის გამო, სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს განცხადების დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივ საფუძვლებს და თვლის, რომ დ. გ-ის განცხადება ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება და დ. გ-ის განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.