Facebook Twitter

¹ბს-946-903(კს-06) 28 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბათუმის ........... კოოპერატივი “მ-ი”

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია; აჭარის ა/რ მთავრობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქნეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 2 დეკემბერს ბათუმის ........ კოოპერატივმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს და ქ. ბათუმის მერიის მიმართ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეებზე: აჭარის მინისტრთა საბჭოს 1998 წლის 7 დეკემბრის ¹104/გ განკარგულების არასწორად შესრულებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, კერძოდ, პირდაპირი ზარალის _ 336 277 ლარის, წარმოების შეჩერებით გამოწვეული ზარალის _ 128 784 ლარისა და მოსალოდნელი ზარალის - 115 320 ლარის, სულ _ 580331 ლარის ანაზღაურებასა და მათთვის კუთვნილ ნავსადგურზე პირველადი თევზის გადასამაუშავებელი ტექნოლოგიური ობიექტების მშენებლობისათვის ნებართვის გაცემასა და რ/კ “მ-ის” საწარმო უბნის ტოლფასი ტერიტორიის 3768 კვ.მ-ის გამოყოფას.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 15 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

2004 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებზე 1 561 171 ლარის დაკისრება.

2005 წლის 25 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე მოპასუხეს დაკისრებოდა 3 470 252 ლარის გადახდა.

2005 წლის 19 ივლისს საქმე განსჯადობით გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

2006 წლის 21 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლში მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 7 დეკემბრის ¹104/გ დადგენილების არარა აქტად ცნობა და მოპასუხეებზე: ქ. ბათუმის მერიაზე და აჭარის მინისტრთა საბჭოზე მიყენებული ზიანისათვის 3 465 252 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით კოოპერატივ “მ-ის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა კოოპერატივმა “მ-მა".

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფლებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2006 წლის 17 ოქტომბერს კოოპერატივ “მ-მა” განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კოოპერატივ “მ-ის” განცხადება ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ბათუმის .......... კოოპერატივი “მ-ის” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის ......... კოოპერატივმა “მ-მა”.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საწარმო განიცდიდა ფინასურ სიძნელეებს, ვინაიდან, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს და ქ. ბათუმის მერიის მოქმედებით განადგურებულ იქნა მთელი მათი საწარმოო საშუალებები, რის გამოც კოოპერატივი ფაქტობროვად აღარ ფუნქციონირებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას. ასევე, საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის მოტივით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბათუმის ............. კოოპერატივის ,,მ-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოება გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული ბათუმის ........... კოოპერატივის ,,მ-ის” სააპელაციო საჩივარი და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 15 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მითითებული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2006 წლის 5 ოქტომბერს (ს.ფ. 357).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებები და განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2005 წლის 20 ოქტომბერს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

რაც შეეხება შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლს, რომელიც აწესებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ შემთხვევებისა, როდესაც შეიძლება მხარე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო შეზღუდულია გარკვეული ფარგლებით და აღნიშნული დამოკიდებული არ არის მხოლოდ სასამართლოს მიხედულებაზე. რაც რეეხება ამავე კოდექსის 47-ე მუხლს, მითითებულ მუხლი მართალია სასამართლოს აძლევს მხარის სახელმწიფო ბაჟისაგან ნაწილობრივ ან მთლიანად გათავისუფლების შესაძლებლობას, მაგრამ საყურადღებოა, რომ აღნიშნული მუხლი ასეთი მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას სასამართლოს აძლევს მხოლოდ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში და ისიც მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო რაც შეეხება იურიდიულ პირებს, სასამართლო მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მათთან მიმართებაში მოკლებულია მსგავსი სახის შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას. რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს კოოპერატივ ,,მ-ის” სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის ......... კოოპერატივი ,,მ-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის ............. კოოპერატივის ,,მ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.