¹ბს-949-906(კს-06) 20 თებერვალი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ბ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 27 სექტემბრის
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 იანვარს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ მოპასუხე ბ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილების საფუძველზე ბ. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, მდებარე დაბა ხელვაჩაურში, ......... დასახლებაში, ......... ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებული იყო, ერთი თვის ვადაში განეხორციელებინა მიწის ნაკვეთის სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირი არ შეასრულებდა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მასთან არ გაფორმდებოდა ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 25 ნოემბერს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ბ. მ-ემ გადაიხადა 12 დეკემბერს, რითაც დაარღვია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 29 ივლისის ¹80 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ძალადარგულად უნდა ჩაითვალოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი, ანუ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 2-3).
2006 წლის 5 მაისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. მ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2005 წლის 27 ივლისის ¹80 გადაწყვეტილება, რაც უკანონოა, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ საკუთრების უფლება აქვს კანონიერად დარეგისტრირებული და საბოლოოდ მოითხოვა მის ნაწილში ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილების გაუქმება და მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნა (ს.ფ. 20).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბ. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹162 გადაწყვეტილება ბ. მ-ის ნაწილში და ყადაღა მოეხსნა დაბა ხელვაჩაურში მდებარე ბ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 45-46).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 48-51).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, 30 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 53-54).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა 2006 წლის 30 აგვისტომდე სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება _ 30 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აპელანტს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2006 წლის 18 აგვისტოს, მიუხედავად ამისა, მას ხარვეზი არ შეუვსია (ს.ფ. 57-58).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2006 წლის 4 აგვისტოს ხარვეზის განჩინებაში აღნიშნული სახელმწიფო ბაჟი მან გადაიხადა 2006 წლის 25 აგვისტოს სს “სახალხო ბანკის” ........-ის ფილიალში. 2006 წლის 29 აგვისტოს წერილით აცნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომ გამოასწორა ხარვეზი და დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამასტურებელი ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო არ დატოვებდა მის სააპელაციო საჩივარს განუხილველად, თუ შეისწავლიდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ზემოაღნიშნულ წერილს. ამასთან, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლში 2006 წლის 25 ივლისს შევიდა ცვლილება, რომელიც ათავისუფლებდა საბიუჯეტო დაწესებულებებს საერთო სასამართლოებში წარმოებულ ყველა საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ. 60-62).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების ამ კოდექსისაგან განსხვავებული შემთხვევები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კანონით. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლში 2006 წლის 25 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაშია 2006 წლის 15 აგვისტოდან, საერთო საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მაშინ როდესაც ხარვეზის შევსებისათვის დანიშნულ ვადაში უკვე მოქმედებდა ზემოაღნიშნული ნორმა და არ არსებობდა არც სააპელაციო საჩივრის ხარვეზის და შესაბამისად, არც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფულდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად და განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.