¹ბს-949-910(კს-07) 19 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ზ. ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ზ-ე, თერჯოლის რაიონის სოფელ ....... მიწის რეფორმის კომისია
მესამე პირები _ თერჯოლის რაიონის სოფელ ...... გამგეობა, თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველო
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 20 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ზ. ზ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
განცხადებლის მითითებით, 1990 წელს გამოეყო ცალკე კომლად მამის – ჯ. ზ-ის ოჯახიდან და 1992 წლის 18 მარტის შუალედური მიზომვის აქტით მიწის რეფორმის ადგილობრივი კომისიის გადაწყვეტილებით შ. ზ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყო სარეზერვო სამოსახლო ფონდიდან 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამოსახლოდ. 1995 წლის 13 მარტის მიწის ნაკვეთის მირება-ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთი გადაეცა ზ. ზ-ეს საკუთრებაში. მიწის რეფორმის პერიოდში ნაკვეთის ზ. ზ-თვის გადაცემა სადავოდ არ გამხდარა. 1999 წელს, მიწის რეფორმის დასრულების შემდეგ, სოფელ ...... მცხოვრებმა შ. ზ-ემ სარჩელი აღძრა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა სოფელ ...... მიწის რეფორმის კომისიის 1995 წლის 15 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა ზ. ზ-ის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ნოემბრის განჩინებით. საკასაციო სასამართლოს 2000 წლის 12 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის რაიონის სოფელ ...... მიწის რეფორმის კომისიის 1995 წლის 15 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ზ. ზ-ეს და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა შ. ზ-ეს. სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განჩინებით.
განმცხადებლის მითითებით, 2001 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით და სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთის 0,25 ჰა-ის ზ. ზ-ის სამოსახლოდ გამოყოფის ფაქტს. ასევე მიწის მართვის სამმართველოს 2001 წლის 3 ოქტომბრის ¹194 წერილი და თერჯოლის რაიონის საკრებულოს 1992 წლის 28 ოქტომბრის ¹338 გადაწყვეტილება, რომელთა თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი გამოყოფილ იქნა სარეზერვო სამოსახლო ფონდში და თერჯოლის რაიონის გამგეობის მიმართვის ასლი, რომლითაც ასევე დასტურდება მიწის ნაკვეთის ზ. ზ-თვის გამოყოფისა და შ. ზ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ასლების სიყალბე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 5 ივლისის განჩინებით.
განმცხადებლის მითითებით, სოფელ ..... საკრებულოს 2004 წლის 13 სექტემბრის ¹612 ცნობით დასტურდებოდა, რომ ზ. ზ-ე იყო II კატეგორიის კომლი, ფლობდა 0,35 ჰა მიწის ნაკვეთს, ირიცხებოდა ცალკე კომლად, იყო კომლის უფროსი, კომლში ცხოვრობდა მარტო და მის სახელზე არ ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი. სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო სამოსახლოდ სამოსახლო-სარეზერვო მიწის ფონდიდან მიწის რეფორმის მიზომვის აქტის საფუძველზე, ხოლო შემდეგ გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი. განმცხადებლის მითითებით, სასამართლომ აღნიშნულ ფაქტებს არ მისცა სათანადო შეფასება. ამჟამად ზ. ზ-ე ფლობს 3500 კვ.მ საყანე მიწის ნაკვეთს, ზღვრულ ნორმამდე აკლია 2500 კვ.მ, ანუ ის ნაკვეთი, რომელიც გადაწყვეტილების საფუძველზე მიაკუთვნეს შ. ზ-ეს, რომელსაც შევსებული ჰქონდა ზღვრული ნორმა 1 ჰა-მდე.
განმცხადებლის მითითებით, 2007 წლის 5 ივნისს თერჯოლის რაიონის გამგეობაში აღმოაჩინა თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2002 წლის 12 მარტის ¹38 წერილი, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვის დროს არ იყო წარდგენილი და არ გამოუკვლევია სასამართლოს. ამდენად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მითითებული წერილი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და მისი სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რადგან მითითებული წერილით დგინდება, რომ 1992 წელს სადავო მიწის ნაკვეთი გამოიყო როგორც სამოსახლო-სარეზერვო ფონდში მაშინდელი მიწის რეფორმის ადგილობრივი კომისიის მიერ და გაიცა ზ. ზ-ზე 1992 წლის 18 მარტის აქტით, ხოლო 1995 წლის 15 მარტს ზ. ზ-ეს გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. შ. ზ-ის კომლი თავისი სახლის ტერიტორიაზე ფლობს 1 ჰა მიწის ნაკვეთს, რაც წარმოადგენს I კატეგორიის კომლებისათვის გამოყოფილი მიწის რაოდენობის ზღვრულ ნორმას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო სარეზერვო სამოსახლო ფონდში, რის გამოც მისი გაცემა გარდა სამოსახლოსი არ შეიძლებოდა და გადაეცა ზ. ზ-ის კომლს (იხ. ს.ფ. 1-3).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით ზ. ზ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენა თუ როდის გახდა ზ. ზ-თვის ცნობილი თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს 2002 წლის 13 მარტის ¹38 წერილის არსებობის შესახებ, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განცხადების ასლების წარდგენა (იხ. ს.ფ. 48-50).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ზ. ზ-ის განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განცხადებელმა სასამართლოს მითითების მიუხედავად არ წარმოადგინა არავითარი დოკუმენტი თუ როდის გაეცა პასუხი თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. ასევე არ წარადგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი და მის მიერ ხარვეზის გამოსწორება გამოიხატა მხოლოდ განცხადებისა და თანდართული მასალების ასლების წარდგენაში, რაც სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შეუსრულებლობად მიიჩნია (იხ. ს.ფ. 55-57).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ზ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს წარუდგინა ადვოკატის მიმართვის წერილობითი საბუთი, რომელიც დათარიღებულია 2007 წლის 4 ივნისით, რის საფუძველზეც გაიცა საჯარო რეესტრის ¹38 წერილი და რის საფუძველზეც გახდა ცნობილი წერილის შინაარსი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ უნდა ყოფილიყო სასამართლოსათვის მიუღებელი, რადგან სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ ზ. ზ-ეს არ დაურღვევია გასაჩივრების ვადა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ ზ. ზ-ის ადვოკატმა საჯარო რეესტრს მიმართა 4 ივნისს, ხოლო განცხადება წარადგინა სასამართლოში 9 ივნისს. ამდენად, 4-დან 9 ივნისამდე გაიცა რეესტრის პასუხი (იხ. ს.ფ. 59; 73).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.3 მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით განცხადება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებდა თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2002 წლის 12 მარტის ¹38 წერილზე, რომელიც მისი მოსაზრებით წარდგენილი რომ ყოფილიყო უზენაეს სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ზ. ზ-ის განცხადება დაუშვებლობის მოტივით და მართებულად მიიჩნია განცხადება სსსკ-ის 426.1 მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით წარდგენილად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 427.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეს განცხადებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. კონკრეტულ შემთხვევაში ზ. ზ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო არ შეიცავდა ამგვარ მითითებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 427.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მართებულად დაუდგინა განმცხადებელს ხარვეზი და ხარვეზის შეუვსებლობის გამო განცხადება ცნო დაუშვებლად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ზ. ზ-ის განცხადების დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა, რადგან მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2002 წლის 12 მარტის ¹38 მიმართვა, რომელიც განცხადებელმა მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად და რომლითც განცხადებლის მოსაზრებით დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გამოიყო სამოსახლო-სარეზერვო ფონდში მაშინდელი მიწის რეფორმის ადგილობრივი კომისიის მიერ და გაიცა ზ. ზ-ზე 1992 წლის 18 მარტის აქტით, ხოლო შ. ზ-ის კომლი თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც წარმოადგენდა პირველი კატეგორიის კომლისათვის გამოსაყოფი მიწის რაოდენობის ზღვრულ ნორმას, წარდგენილი იყო უზენაეს სასამართლოში 2002 წლის 18 მარტს უზენაესი სასამართლოს მიმართვის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზ. ზ-ის განცხადების განხილვისას და აღნიშნული მიმართვის ასლი წარმოდგენილია საქმეში (იხ. ს.ფ. 52; ტ.III).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მითითებული მიმართვის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 4-დან 9 ივნისამდე, როდესაც მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, რადგან მას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა მითითებულ დოკუმენტს 2002 წელს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი განცხადების განხილვისას, ამასთან, საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო მიწის მართვის სამმართველოს ¹38 მიმართვის შესახებ, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულების წარდგენას გავლენა არ მოუხდენია საქმის განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მის მიერ დაცულია სსსკ-ის 426.1 მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რადგან სახეზე არ არის სსსკ-ის 423.3 მუხლით გათვალისწინებული განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს ზ. ზ-ეს სსსკ-ის 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორს ზ. ზ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.