¹ბს-950-907(კს-06) 28 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.06წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. მ-მა ქ. ბათუმის მერიის მიმართ 28.08.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 26.07.94წ. ¹313 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, .......... ქუჩის ¹52 ბინის გადაცემის სანაცვლოდ მიიღო ქ. ბათუმში, ...........შესახვევის ¹4-ში 16 კვ.მ. ფართის ერთოთახიანი იზოლირებული ბინა ¹55. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 19.10.94წ. გადაეცა ორდერი. მოსარჩელის განმარტებით, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი. დაბრუნების შემდეგ შეიტყო, რომ მის ბინაში ცხოვრობდა სხვა ოჯახი, რომლის სახელზეც იყო აღრიცხული მისი საკუთრება. საჯარო რეესტრის მონაცემებიდან გამოარკვია, რომ რეესტრში აღნიშნული ბინა მის სახელზე რეგისტრირებული არასოდეს ყოფილა. განცხადებით მიმართვის მიუხედავად მოპასუხეს სადავო საკითხი არ შეუსწავლია. მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერისათვის .......... შესახვევში მდებარე ¹4 სახლის ბინა ¹55 მის სახელზე აღრიცხვის და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების დავალდებულება მოითხოვა. 14.02.05წ. ლ. მ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის შესრულების ან 20 000 აშშ დოლარისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.12.05წ. განჩინებით ქ. ბათუმში ........... შესახვევში მდებარე ¹4 სახლის ¹55 ბინაში მცხოვრები ა. მ-ე ჩაბმული იქნა საქმეში მე-3 პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.09.06წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული და აპელანტს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის ასლების წარმოსადგენად. ამავე სასამართლოს 08.09.06წ. განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო პალატის 22.05.06წ. განჩინების ასლი მხარეს ორჯერ გაეგზავნა სასარჩელო განცხადებაზე და სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. სააპელაციო პალატის განჩინების ასლის ხელმეორედ გაგზავნის შემდეგ სასამართლოს დაუბრუნდა უკან გზავნილი წარწერით, რომ აღნიშნული ქუჩა მდებარეობდა დაბა მახინჯაურში, თუმცა ვერც მახინჯაურში ვერ მოხერხდა ადრესატისათვის განკუთვნილი განჩინების ასლის ჩაბარება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, აპელანტს უნდა ეცნობებინა საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის სასამართლოს გზავნილების ჩაბარება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაცდენილი იყო ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-მა.
საკასაციო პალატის 01.12.06წ. განჩინებით ლ. მ-ის კერძო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ლ. მ-მა გამოასწორა კერძო საჩივრის ხარვეზი და სასამართლოს დასაბუთებული კერძო საჩივარი წარმოუდგინა. საკასაციო პალატის 15.12.06წ. განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე პროცესს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია ხარვეზის შესახებ სასამართლოს განჩინება გადასცეს მხარეს და თუ მხარე პროცესს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, განჩინების ასლი გაუგზავნოს წარმომადგენელს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. მ-ი საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდა (ს.ფ.8). მიუხედავად აღნიშნულისა სააპელაციო პალატის 22.05.06წ. განჩინება სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია. განჩინება ორჯერ გაეგზავნა მხოლოდ ლ. მ-ს სააპელაციო საჩივარსა და თავდაპირველ სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ. მ-ის მიერ კერძო საჩივრის წარდგენისას გამოსწორებული იქნა სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.06წ. განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის გადაეცეს სააპელაციო პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.06წ. განჩინება;
2. ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად და განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.