¹ბს-962-917(კს-06) 24 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – განჩინებაში უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 6 მაისს გ. ბრ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ამავე სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.
განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მისი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამასთან, დაეკისრა სახელმიწიფო ბაჟის - 30 ლარის გადახდა.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” პუნქტის შესაბამისად: ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმო ორგანიზაციები და გაერთიანებები ყველა სარჩელზე”. განმცხადებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო ცნობა მისი მეორე ჯგუფის ინვალიდობის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა მაინც დაეკისრა, რაც, განმცხადებლის განმარტებით, მექანიკური შეცდომაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვდა განჩინებაში აშკარა უსწორობის გასწორებას, კერძოდ, 2004 წლის 28 დეკმებრის განჩინების სარეზულუციო ნაწილიდან მე-3 პუნქტის ამორიცხვას, რომლითაც მას დაეკისრა სახელმიწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) შესწორების შეტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომას. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული შემთხვევა არ დასტურდება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განმცხადებელს განჩინებაში შესწორების შეტანა კი არ უნდა მოეთხოვა, არამედ სსსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად (იმ დროს მოქმედი რედაქციით) უნდა გაესაჩივრებინა სასამართლოს განჩინება სასამართლო ხარჯების დაკისრებასთან დაკავშირებით.
ამასთან, სასამართლოს მითითებით, განმცხადებელმა ვერ დააკონკრეტა თუ როდის წარადგინა სასამართლოში ცნობა მისი ინვალიდობის შესახებ. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას სასამართლო პროცესის ყველა ეტაპზე აქვს წარდგენილი ცნობა ინვალიდობის თაობაზე, რაც დასტურდება საქმის მასალებით, კერძოდ, ტომი 3, ს.ფ.90-91, ტ. 4, ს.ფ. 2-3, ტ.12, ს.ფ. 194.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში შეეძლო გაესაჩივრებინა სსსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, არამართებულია, ვინაიდან, საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. მის შემთხვევაში კი მითითებულს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და მისი განცხადების დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად: ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები”.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებელია ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მის აზრსა და შინაარს, შესწორების შეტანა სასამართლოს მხრიდან შესაძლებელია თუ ადგილი აქვს უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომას. კონკრეტულ შემთხვავში განმცხადებელი ითხოვს 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინების სარეზულუციო ნაწილიდან მე-3 პუნქტის ამორიცხვას, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 30 ლარის გადახდა, რაც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ შემთხვევას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ არ დასტურდება ფაქტი იმის თაობაზე, თუ როდის წარადგინა განმცხადებელმა ცნობა მისი ინვალიდობის შესახებ სასამართლოში და ასევე, მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მან აღნიშნული ცნობა წარადგინა 2004 წლის 28 დეკემბრის განჩინების მიღებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ. ბ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.