ბს-970-924(2კს-06) 10 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. ჩ-ემ და მ. ხ-ამ მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს კონკურსის შედეგებისა და ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ნ. ჩ-ე 2004 წლიდან მუშაობდა საბაჟო სისტემაში, დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 5 თებერვალს უნდა გაევლო ატესტაცია, მაგრამ, ვინაიდან 3 თებერვლიდან 9 თებერვლამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რომელიც ხელზე აიღი მისი დახურვის შემდეგ, 10 თებერვალს, ამიტომ 16 თებერვალს მიმართა საპრეტენზიო კომისიას და სთხოვა ატესტაციაზე დაშვება, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. ატესტაციის საბოლოო შედეგები ნ. ჩ-ვის ცნობილი გახდა 2006 წლის 24 თებერვალს ¹130 “კ” ბრძანების გაცემის შემდეგ, რომლითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შეუფერებლობის მოტივით. მოპასუხეთა მიერ არასწორად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები, ატესტაციაზე გაუსვლელობის მიზეზი არ შეფასდა საპატიოდ, ხოლო წერილობითი თხოვნა, დაეშვათ მორიგ ატესტაციაზე _ არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციამ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლი.
მოსარჩელეთა მითითებით, მ. ხ-ა 2005 წლის 5 იანვრის ¹09 “კ” ბრძანებით დაწინაურდა და დაინიშნა .... სპეციალისტად, ხოლო 2006 წლის 20 თებერვლის ¹106 “კ” ბრძანებით ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ სხვა რიგითი თანამდება მისთვის არ შეუთავაზებიათ.
მოსარჩელეთა აზრით, მათი განთავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ფინანსთა სამინისტროს საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლის და 20 თებერვლის ოქმების შედეგების, საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 24 თებერვლის ¹130 “კ” ბრძანების (ნ. ჩ-ის ნაწილში) და 2006 წლის 20 თებერვლის ¹106 “კ” ბრძანების (მ. ხ-ას ნაწილში) ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება და სასამართლო ხარჯების, თითოეულისათვის 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება (ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა და მის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 58-59).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საატესტაციო კომისიის 2006 წლის 14 თებერვლისა და საპრეტენზიო კომისიის 20 თებერვლის ოქმებით დადგენილი შედეგები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 24 თებერვლის ¹130 “კ” ბრძანება ნ. ჩ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში; ნ. ჩ-ე აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “...” ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების .... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი (ს.ფ. 69-72).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 78-80, 82-84).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს თოთხმეტ დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 25 სექტემბერს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს _ 2006 წლის 26 სექტემბერს. სააპელაციო საჩივრები შეტანილია 2006 წლის 11 ოქტომბერს, ანუ მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან თოთხმეტი დღის გასვლის შემდეგ, რითაც დაირღვა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი საკუთარ საკურიერო სამსახურს ჩააბარა 2006 წლის 10 ოქტომბერს, მაგრამ საქართველოს ფოსტას იგი ჩაჰბარდა 2006 წლის 11 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონში მითითებულ ფოსტაში იგულისხმება საქართველოს ფოსტა და არა რომელიმე დაწესებულების შიდა საკურიერო სამსახური. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აპელანტს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო წესით კანონით დადგენილი გასაჩივრების თოთხმეტდღიანი ვადა (ს.ფ. 88-89).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს მისი გაუქმება:
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა კერძო საჩივართან ერთად წარმოადგინა შპს “ს. ფ.” ქვითარი და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი “ს. ფ.” ჩააბარა 2006 წლის 9 ოქტომბერს, აქედან გამომდინარე, დარღვეული არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 396-ე მუხლის მოთხოვნა (ს.ფ. 93-94).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივართან ერთად წარმოადგინა შპს “ს. ფ-ვის” კორესპონდენციის გადაცემის რეესტრის ამონაწერი და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი “ს. ფ.” ჩააბარა 2006 წლის 10 ოქტომბერს, აქედან გამომდინარე, დარღვეული არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 396-ე მუხლის მოთხოვნა. საბოლოოდ საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (ს.ფ. 97-98).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები წარმოებაში მისაღებად განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2006 წლის 26 სექტემბერს (ს.ფ. 75), ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს _ 2006 წლის 25 სექტემბერს (ს.ფ. 76). საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 9 ოქტომბერს (ს.ფ. 81), ხოლო ფინანსთა სამინისტრომ _ 2006 წლის 10 ოქტომბერს (ს.ფ. 86).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 61-ე მუხლების განსაზღვრული საპროცესო ვადის გამოთვლის წესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტს არ გაუშვიათ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტს სააპელაციო საჩივრები ფოსტაში ჩაბარებული აქვთ მე-14 დღეს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საბაჟო დეპარტამენტს სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს 11 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკურიერო სამსახურისათვის სააპელაციო საჩივრის საფოსტო გზავნილის ჩაბარება არ ითვლება ფოსტისათვის ჩაბარებად. საქმეში წარმოდგენილ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ფოსტისათვის ჩაბარებულ კონვერტზე დასმულია ორი ბეჭედი, რომელთაგან ფოსტისათვის ჩაბარების თარიღად მითითებულია 9 ოქტომბერი. ამასთან, საფოსტო გზავნილის საკურიერო სამსახურისათვის ჩაბარება ნიშნავს ფოსტისათვის ჩაბარებას, რამდენადაც აღნიშნული საკურიერო სამსახური, შპს “ს. ფ.” 29.07.2005წ. ¹15-01/77 ბრძანებისა და 19.06.2006წ. ¹15-01/153 ბრძანების თანახმად, წარმოადგენს შპს “ს. ფ.” სტრუქტურულ ერთეულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები წარმოებაში მისაღებად და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.