ბს-971-931(კს-07) 8 ნოემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. კ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 8 აგვისტოს დ. კ-მა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სოფელ დიღმის საკრებულოს ტერიტორიაზე, ე.წ. “ ..........-ში,” მდებარე დ. ტ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთისათვის ყადაღის დადება და ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა. განმცხადებლის მითითებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა მისი სასარჩელო განცხადება ზ. ზ-ისა და სხვათა მიმართ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიწის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო დ. ტ-ე, რომელიც აწარმოებდა მშენებლობას. დ. კ-ის მითითებით, ვინაიდან იგი აპირებდა დ. ტ-ის მიმართ სარჩელის აღძვრას აღნიშნული ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიწის საკუთრების უფლების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო, ვინაიდან სადავო ნაკვეთზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობის გაგრძელება გააძნელებდა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას (ს.ფ. 1).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დ. კ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ არ იქნა დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობა, რომლის მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას (ს.ფ. 5-6).
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მოითხოვა (ს.ფ. 8-9).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 14-16).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 აგვისტოსა და 24 ოქტომბრის განჩინებები გაუქმდა, სოფელ დიღმის საკრებულოს ტერიტორიაზე, ე.წ. “ ........-ში,” არსებულ დ. ტ-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს ყადაღა დაედო და წარმოებული სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. ამავე განჩინებით დ. კ-ის მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა სასამართლოში სარჩელის წარსადგენად.
სააპელაციო საასმართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობას შესაძლოა, სადავო ნაკვეთის გასხვისება მოჰყოლოდა, ამასთან, სასამართლოში დავის დამთავრებამდე, შესაძლოა, დასრულებულიყო მშენებლობა, რაც სარჩელის, დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა (ს.ფ. 20-22).
2007 წლის 24 იანვარს დ. კ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე სააღსრულები ფურცლის მოთხივნის განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 30).
აღნიშნულ განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი დ. კ-მა ჩაიბარა 2006 წლის 6 თებერვალს (ს.ფ. 38-39).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინება და სოფელ დიღმის საკრებულოს ტერიტორიაზე ე.წ. “ ........-ში” მდებარე დ. ტ-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს მოეხსნა ყადაღა.
სააპელაციო სასამართლომ მითითებული განჩინება იმ ფაქტობრივ გარემოებას დაამყარა, რომ დ. კ-ს დაევალა სასამართლოში სარჩელის შეტანა 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, მაგრამ მას, როგორც ეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის მომართვიდან ირკვეოდა, 2007 წლის 27 მარტის მდგომარეობით სარჩელი წარდგენილი არ ჰქონდა (ს.ფ. 45-46).
2007 წლის 17 ივლისს აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა დ. კ-მა, რომელმაც მისი გაუქმება და მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის მითითებით, იგი თავის სასარჩელო განცხადებაში ითხოვდა მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, რომელიც იმ დროისათვის რეგისტრირებული იყო დ. ტ-ის სახელზე, რის შესახებაც სათანადო სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დ. ტ-ის საქმეში მოპასუხედ ჩართვა, მაგრამ სასამართლოს რეორგანიზაციის გამო მისი განცხადების განხილვა ვერ მოხერხდა. 2007 წლის 2 აპრილისათვის მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის დ. ტ-ის მოპასუხედ ჩართვის საკითხი ცნობილი იყო. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ მოპასუხედ დ. ტ-ეა დასახელებული, საჩივრის შეტანის პერიოდისათვის უკვე მიღებული იყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში (ს.ფ. 50-51).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა დ. კ-ზე განჩინების ჩაბარების ხელწერილი, მაგრამ ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი დ. კ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესახებ, რომელსაც თანდართული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების დამოწმებული ასლი, იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ აღნიშნული განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნეული ყოფილიყო სააღსრულებო ფურცელის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის დღისათვის ანუ 2007 წლის 24 იანვრისათვის. შესაბამისად, დ. კ-ს სარჩელი სასამართლოსათვის უნდა წარედგინა არაუგვიანეს 1 თებერვლისა, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვეოდა, რომ სასარჩელო განცხადება მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში 2007 წლის 1 მაისს შევიდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო განცხადების განსჯად სასამართლოში შეტანის ფაქტი წარმოადგენდა არა მხარის მიერ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების საერთო წესით მოთხოვნის საფუძველს (ს.ფ. 66-68).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო სარჩელის შეტანისათვის დანიშნავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 5 და არაუმეტეს 10 დღისა განჩინების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან. თუკი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება დ. კ-თვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინების ჩაბარების დასტური, რომლითაც დაკმაყოფიოდა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა და დ. კ-ს მიეცა 7 დღის ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან სასამართლოში სარჩელის შესატანად. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2007 წლის 24 იანვრისათვის, როდესაც დ. კ-მა სააპელაციო სასამართლოს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული განჩინება, კერძოდ: თავად განცხადებაში (იხ. ს.ფ. 30) გარკვევით არის მითითებული, რომ მოქალაქე დ. კ-ი ითხოვს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ამასთან, განცხადებას თან ერთვის აღნიშნული განჩინების დამოწმებული ასლის ქსეროპირი (იხ. ს.ფ. 31-33). სააღსრულებო ფურცელი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. კ-მა 2007 წლის 6 თებერვალს ჩაიბარა (იხ. ს.ფ. 35), მოგვიანებით მან სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა აღნიშნული სააღსრულებო ფურცელის დედანი და იმ მოტივით, რომ მასში მოვალედ არასწორად იქნა დასახელებული საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური, ნაცვლად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და დ. ტ-ისა, მოითხოვა სააღსრულებო ფურცელის თავიდან გაცემა (იხ. ს.ფ. 36-37). 2007 წლის 8 თებერვალს გაიცა ახალი საღსრულებო ფურცელი, რომელიც დ. კ-მა 9 თებერვალს ჩაიბარა (იხ. ს.ფ.38-39).
საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელმა სასამართლოს სარჩელი მხოლოდ 2007 წლის 1 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარუდგინა (ს.ფ. 52).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პროცესის მონაწილისათვის საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის მიცემული საპროცესო ვადა პროცესის მონაწილეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას აძლევს მხოლოდ ამ ვადის ფარგლებში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დ. კ-მა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ აღძრა სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღარ არსებობდა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიების გამოყენების საფუძველი და სასამართლომ სწორად გააუქმა აღნიშნული ღონისძიება. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორის მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანის ფაქტი არ წარმოადგენს მხარის მიერ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის საფუძველს და იგი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების საერთო წესით მოთხოვნის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 192-ე, 1971-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. კ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. დ. კ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.