ბს-974-938 (კს-08) 3 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. ჩ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ...-ს სახელობის საქართველოს ...-ის ფონდი (მოსარჩელე)
დავის საგანი – საჯარო რეესტრში განხორცილებული რეგისტრაციის (ჩანაწერის) ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა_სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
...-ს სახელობის ...-ის ფონდის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების_ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის და კ. ჩ.-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹... სარეგისტრაციო ჩანაწერის, რომლითაც რეგისტრირებულ იქნა კ. ჩ.-ის საკუთრების უფლება სოფ. ...-ში მდებარე ფონდის უძრავ ქონებაზე, 2600 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე, ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ...-ს სახელობის ...-ის ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის (სარეგისტრაციო ¹...; რეგისტრირებულ იქნა კ. ჩ.-ის საკუთრების უფლება სოფ. ...-ში მდებარე 2600 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე) ბათილად ცნობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ...-ს სახელობის ...-ის ფონდმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით ...-ს სახელობის საქართველოს ...-ის ფონდის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება; ...-ს სახელობის საქართველოს ...-ის ფონდის სარჩელი დარჩა განუხილველი მისი წარმომადგენლის დ. კ.-ის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო და სარჩელი დაუბრუნდა მას.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე, 275.1 “ვ” და 276-ე მუხლები და მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ კ. ჩ.-ი და მისი წარმომადგენელი დაეთანხმნენ აპელანტის წერილობით შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობისა და სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რადგან კერძო საჩივრის ავტორი დაეთანხმა მხოლოდ აპელანტის მიერ სარჩელზე უარის თქმას, არა გამოხმობას და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მათი თანხმობა სარჩელის გამოხმობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2008 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომაზე აპელანტ _ ...-ს სახელობის საქართველოს ...-ის ფონდის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის უკან გამოხმობის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარე კ. ჩ.-ი და მისი წარმომადგენელი დაეთანხმნენ სარჩელის გამოხმობის შესახებ შუამდგომლობას (სფ. 244). სააპელაციო სასამართლომ ამ შუამდგომლობის განხილვა გადადო 2008 წლის 20 ივნისს იმ მოტივით, რომ ზეპირ მოსმენას არ ესწრებოდა მეორე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური, რომლის პოზიციის დაფიქსირება სარჩელის გამოხმობის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის აუცილებელ პირობად მიიჩნია სასამართლომ. სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა აპელანტის შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის შესახებ (სფ. 250). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ იგი თანახმა იყო მხოლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმაზე და არა სარჩელის გამოხმობაზე, რადგან კ. ჩ.-ს სააპელაციო პალატის 2008 წლის 13 ივნისის და 20 ივნისის სხდომის ოქმების მიმართ შენიშვნები არ წარუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე. შენიშვნები უნდა დაერთოს საქმეს. შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო) განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში და გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 –ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაოაბზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები, რის გამოც კ. ჩ.-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს კ. ჩ.-ის კერძო საჩივარი;
2. უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.