ბს-978-942(კს-08) 27 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ი-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 13 აპრილს ი. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და მესამე პირის _ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ანდა ძალადაკარგულად ცნობის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2003 წლის 15 დეკემბრის ¹116/კ ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, უკანონოდ შეჩერებული შრომითი ურთიერთობის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი. ი-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით ი. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/425-08, ი. ი-ის სარჩელისა გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, შრომითი ურთიერთობის აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ და შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ი. ი-მა 2005 წლის 10 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სადავო ¹116/კ ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნული სარჩელი სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
2007 წლის 13 აპრილს ი. ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სადავო ¹116/კ ბრძანების არარა აქტად აღიარება, შრომითი ურთიერთობის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ი. ი-ის აღნიშნული სარჩელი წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულ აღიარებით სარჩელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ისარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და სასამართლოში აღძრული სარჩელით მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სადავო აქტის ბათილად ცნობა, სარჩელზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აღიარებითი სარჩელის აღძვრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ი-მა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებასა და სასარჩელო განცხადების განსახილველად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ი-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კერძო საჩივრის ავტორი ი. ი-ი მუშაობდა ........ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის დირექტორად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2003 წლის 15 დეკემბრის ¹116/კ ბრძანებით ი. ი-ი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან ბავშვთა სახლში გამოვლენილი დარღვევების დეტალურად შესწავლამდე.
ი. ი-მა 2005 წლის 10 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სადავო ¹116/კ ბრძანების ბათილად ცნობა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2007 წლის 13 აპრილს ი. ი-მა კვლავ მიმართა სასამართლოს და სასარჩელო განცხადების საფუძველზე ითხოვა სადავო ¹116/კ ბრძანების არარა აქტად აღიარება, შრომითი ურთიერთობის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ორი სასარჩელო მოთხოვნის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ი. ი-ის სარჩელზე, რომლითაც ის ითხოვს სადავო ¹116/კ ბრძანების არარა აქტად ცნობას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, აღიარებითი სარჩელი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლების დაცვის მიზნის მიღწევა შეუძლებელია სარჩელის სხვა სახით, კერძოდ, სასკ-ის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. კოდექსის ეს მოთხოვნა ემსახურება პროცესის ეკონომიურობის მიღწევას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის ვითარება, როდესაც დგინდება უფლების არსებობა და შემდგომ დგება საკითხი აქტის გაუქმების თაობაზე. ამასთან აუცილებელია, აღიარებითი სარჩელი არ გახდეს სარჩელის სხვა სახეების დასაშვებობის წინაპირობისაგან თავის დაღწევის საშუალება.
საგულისხმოა, რომ ი. ი-მა სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს, რაზედაც მას ეთქვა უარი. საყურადღებოა, რომ მითითებული დავის გადაწყვეტის პერიოდში საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებდა ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ინსტიტუტს, რომელიც მოიცავდა ამჟამად მოქმედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობის საფუძვლებსაც. მხარემ არსებული საკანონმდებლო ნორმის პირობებში ისარგებლა მინიჭებული უფლებით და აღძრა სარჩელი აქტის ბათილობის მოთხოვნით, ანუ უზრუნველყო საკუთარი უფლებების რეალიზება. ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აქტის არარაობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელით კერძო საჩივრის ავტორი ცდილობს თავი დააღწიოს წინარე გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე სარჩელი მიიჩნიოს დაუშვებლად და თვლის, რომ სახეზე არ არის აღიარებითი სარჩელის წარდგენის პროცესუალური წანამძღვრები.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მისი სარჩელი სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც მას ართმევდა უფლებას არსებითად განხილვის ეტაპზე დაბრუნებოდა დასაშვებობის საფუძვლებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის დასაშვებობის საკითხს დაუბრუნდეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც სასამართლოს აძლევს უფლებას, საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, დაუშვებლობის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტოს საქმის წარმოება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოტივები არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.