¹ბს-979-938(კს-06) 27 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ი. და ზ. მ.-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
მესამე პირები _ ე. ქ.-ე, გ. ქ.-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებაზე
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. და ი. მ.-ებმა სარჩელი აღძრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 08.06.01წ. დადგენილების გაუქმება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ქ.-ე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. და ი. მ.-ების სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 8 ივნისის ¹6/1-117 დადგენილება ...-ის ქ ¹19-ში მდებარე ბინის მოქალაქე ე. ქ.-სათვის მიკუთვნების შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება ახალი გადაწყვეტილებით ზ. და ი. მ.-ების სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით.
2007 წლის 3 აპრილს ი. და ზ. მ.-ებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვეს საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კეტეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ი. და ზ. მ.-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით ზ. და ი. მ.-ების განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ საფუძვლით, რომ განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427.1 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადება არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ზუსტად დასახელებას; მითითებას იმ საფუძვლებზე რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობდნენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; მითითებას იმის შესახებ თუ რა ზომით, რა ფარგლებში მოითხოვდნენ განმცხადებლები გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით ზ. და ი. მ.-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ ასევე იყო ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი და ფაქტობრივად, არ იქნა შევსებული ხარვეზი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. და ი. მ.-ებმა.
კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მათ განცხადებაზე საქმის წარმოების განახლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და ი. მ.-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორები საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის ,,ვ” პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმავე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე”-,,ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე”-,,ვ” ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლების არსებობისას საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობის შებთხვევაში: 1. მითითებული გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ აღნიშნულის შესახებ არ იცოდა და 2. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
იმისათვის, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არსებითად იქნას განხილული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი სასამართლოს ავალებს, შეამოწმოს საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა. ამისათვის სასამართლო ამოწმებს დაცულია თუ არა ასეთი განცხადების დასშვებობის ყველა წინაპირობა. მითითებული პირობებიდან უმნიშვნელოს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევა, განმცხადებელს თავისი ბრალის გარეშე ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა და მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
თუ ასეთი შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არ არსებობს საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა და განმცხადებელმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, სასამართლო გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა განმცხადებელთა მიერ წარმოდგენილი მასალების შინაარსს, მიიჩნევს, რომ განმცხადებლები ვერ ასაბუთებენ, რა დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობდა, რის გამოც მათ ვერ შესძლეს საქმის განხილვის პროცესში ამ დოკუმენტების წარმოდგენა, მით უფრო, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავენ იმ სახის ინფორმაციას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის პროცესში არ ყოფილა სასამართლო მსჯელოლობის საგანი, ხოლო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ან არასრულყოფილად გამოიკვლია ისინი, ვერ იქცევა საქმის განახლების საფუძვლად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი განმცხადებელთა მხრიდან ვერ იქნა გამოსწორებული, მათ ვერ მიუთითეს იმ კანონიერ საფუძველზე, რაც შესაძლოა იქცეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადება განუხილველად დატოვებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. და ი. მ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. ზ. და ი. მ.-ებს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი თანაბარწილად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.