Facebook Twitter

ბს-981-940(კს-07) 22 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “ს-ო”

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 სექტემბერს შპს “ს-ოს” წარმომადგენელმა თ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიმართ (ტ.I, ს.ფ.3-9).

მოსარჩელემ მოითხოვა, ზუგდიდის რაიონის გამგეობის დავალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (57 244 მ2) მიწის იჯარის ხელშეკრულების გაფორმება შპს “ს-ის” სამყაროსთან, როგორც სს ზუგდიდის ¹..... ჩაის ფაბრიკის უძრავ-მოძრავი ქონების კეთილსინდისიერ მესაკუთრესთან (მყიდველთან) (ტ.I, ს.ფ.8,9).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ს-ოს” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე შპს “ს-თან” გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება ქ. ზუგდიდში, ......... ქ. ¹87-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹......... (ტ.I, ს.ფ.67-69).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების ასლი 2007 წლის 22 აგვისტოს ჩაჰბარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარ სპეციალისტს (ტ.I, ს.ფ.70).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ.I, ს.ფ.71-74).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გასწორდა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი _ 2007 წლის 15 ივნისი შესწორდა 2007 წლის 25 ივნისით (ტ.I, ს.ფ.75).

საქმე, სააპელაციო საჩივართან ერთად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაეგზავნა (ტ.II, ს.ფ.1).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად (ტ.II, ს.ფ.2,3).

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 22 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილია 2007 წლის 6 სექტემბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ტ.II, ს.ფ.6,7).

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მიიღო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაჰბარდა არასრულყოფილი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რადგან უზუსტობა დაშვებულია სასამართლოს მიერ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისას და ამ უზუსტობის გასწორების საფუძველი იყო გამგეობის მიერ მოტივირებული და არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის შეტანა, ამიტომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2007 წლის 10 სექტემბრიდან, ანუ იმ დღიდან, როცა გამგეობას ჩაჰბარდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბრის განჩინების ასლი გადაწყვეტილებაში უსწორობათა გასწორების შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 19 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივრის განხილვის თარიღი გადმოინიშნა 2007 წლის 22 ნოემბრისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 (თოთხმეტ) დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სამოქალაქო საპროცესო კოდექსისაგან განსხვავებულად აწესრიგებს რა ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობას, ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინების განსაკუთრებულ წესს.

სასამართლო აქტების გასაჩივრების ვადები ზუსტად არის განსაზღვრული კანონმდებლობით, ამასთან, არ შეიძლება მათი არც გაგრძელება და არც აღდგენა. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ საიდან უნდა დაიწყოს ვადის დინება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა, რომ სასამართლო აქტით პირს უნდა განემარტოს გასაჩივრების შესაძლებლობა, წესი, ვადა, ორგანო, სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება და მისი ადგილმდებარეობა.

სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლების განმარტების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლასთან, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების დაუცველობის პროცესუალური შედეგი, სასამართლო აქტის გასაჩივრება დასაშვებია მისი გამოტანიდან ერთი წლის ვადაში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განმარტებული უნდა იყოს გასაჩივრების უფლება _“შეიძლება გასაჩივრდეს”, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება _ “ქუთაისის სააპელაციო სასამართლო”, მისი ადგილმდებარეობა _ “ქუთაისი, ნიუპორტის ქ. ¹32”, ვადა _ “14 დღის ვადაში”, ასევე გასაჩივრების წესის თაობაზე, კერძოდ, “სააპელაციო წესით”.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრული თუნდაც ერთ-ერთი კომპონენტის მიუთითებლობა განაპირობებს სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლების ერთი წლის განმავლობაში რეალიზაციის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს, რომ მხარეს მითითებული საპროცესო მოქმედების (გასაჩივრების უფლების) შესრულება შეუძლია არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან, არამედ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადაში.

ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, ვინაიდან რაიონული სასამართლოს მიერ არ იყო დაცული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას გასაჩივრების წესის თაობაზე (ტ.I, ს.ფ.67,69).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.