Facebook Twitter
ბს-984-948(კს-08) 26 ნოემბერი, 2008წ
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “კ-ი” (მოპასუხე)

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “კ-მა” 2007 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, მესამე პირები_ შპს “ს-ი”, შპს “ც-ი”, სს “ე-ი” და სს “გ-ა” და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹469/16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹469/16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო ნაწილთან დაკავშირებული გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სს “ე-მა” და შპს “კ-მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუდგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი; აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დედნის სახით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ 2008 წლის 3 ივნისს საპელაციო სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის_150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით აპელანტს_საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ 2008 წლის 23 ივნისს სასამართლოს წარუდგინა სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის 150 ლარის ქვითრის ასლი, რომელიც აპელანტის ბეჭდით არის დადასტურებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული სასამართლოს მიერ დათქმული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტმა დაარღვია სასამართლოს განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა. საქმის მასალებში წარმოდგენილი კონვერტის მიხედვით არ დასტურდება 20 ივნისამდე ფოსტისათვის მისი ჩაბარების ფაქტი, განჩინებით დადგენილი ვადა კი აპელანტს ამოეწურა 2008 წლის 19 ივნისს. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ქვითარი არ არის დედანი დოკუმენტი; იგი დამოწმებულია თვით აპელანტის და არა მიმღები ბანკის ე.წ. “ცოცხალი ბეჭდით”. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის და მიუთითა, რომ ამ ნორმის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ზემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დედნის ან ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული და გამოცემული დოკუმენტების ასლებს აქვთ ოფიციალური ძალა და ადასტურებენ დედანთან იგივეობას. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ბეჭდით დამოწმებულ სხვა ორგანოს დოკუმენტს არა აქვს ოფიციალური ძალა და იგი დედანთან გაიგივებულ დოკუმენტად ვერ იქნება მიჩნეული.
სააპელაციო პლატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
მისი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2008 წლის 29 მაისს. ხელშეკრულების შესაბამისად “ბანკი კლიენტის” სისტემით გადარიცხვა განხორციელდა ელექტრონული საბანკო რეზოლუციით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დამოწმებული ე.წ. “ცოცხალი ბეჭდით” წარუდგინეს სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში; შემდეგომ განმეორებით იქნა წარდგენილი ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ვადის დარღვევით; კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა 2008 წლის 19 ივნისს, ფოსტისათვის ქვითრის დამოწმებული ეგზემპლარის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (კერძო საჩივრის დანართი ¹1).
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა სავალდებულოდ არ მიიჩნევს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანის წარდგენას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თვლის, რომ დოკუმენტის დედნის წარდგენის ვალდებულების შესახებ საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი ეხება მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ იმ დოკუმენტებს, რომლითაც აპელაციისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დამტკიცდეს ანუ ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. რაც შეეხება ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს, იგი წერილობითი მტკიცებულება კი არაა, არამედ ქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტია; ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, 21-ე საუკუნის ტექნიკური განვითარების პირობებში, მოქმედებს სავალდებულო მოქმედების განხორციელების მრავალი ელექტრონული კომპიუტერიზებული ფორმა, როგორიცაა საქართველოში აპრობირებული ე.წ. “ბანკი-კლიენტის” სისტემა, რომლის შესაბამისად ბანკის მიერ დავალების შესრულება ხორციელდება ელექტრონული ფორმით განხორციელებული მოქმედების შედეგად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღით (სფ. 82). ამ განჩინების ასლი გაეგზავნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2008 წლის 10 ივნისს და იგი ჩაბარებულ იქნა 2008 წლის 16 ივნისს (სფ. 85-86), სფ. 99-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის “ ....... “ ფილიალის მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან შ/წ ¹251 (03/1247-08) ჩაბარდა კურიერ ნ. ბ-ეს 2008 წლის 19 ივნისს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაარღვია სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა; რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომიიამ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ ხაზინის ერთიან ¹200122900 ანგარიშზე 2008 წლის 29 მაისს სახაზინო კოდით 300773150 (სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე) ჩარიცხა 150 ლარი, რაც დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გერბიანი ბეჭდით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.
სფ. 100-102-ზე მოცემულია სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ 2008 წლის 29 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ბაჟი და ასევე სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახის დამადატურებელი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აპელანტმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი; რის გამოც საკასაციო პალატას კერძო საჩივარი საფუძვლიანად მიაჩნია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.