კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-985-949(კს-08) 18 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 2 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე გ. გ.-ის კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გ. გ.-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 38-ე მუხლის “თ” პუნქტისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ლარის ოდენობით და არც შუამდგომლობით მოუმართავს კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 47-48-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ს.ფ. 29-30/.
2008 წლის 11 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს მომართა გ. გ.-მ, მიიჩნია, რომ არასწორი იყო მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება, მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი არ აღუძრავს და მოითხოვა საქმის განსჯადი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის სისხლის სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაგზავნა (იხ. ს.ფ. 39).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ. გ.-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა დაედასტურებინა ასაჩივრებდა თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებას კერძო საჩივრით და ასეთ პირობებში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების კომპეტენცია მინიჭებული აქვს მხოლოდ საჩივრის დასაშვებობის ფორმალური წინაპირობების შემოწმების შემდეგ (იხ. ს.ფ. 40-44).
2008 წლის 8 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს მომართა გ. გ.-მ და მოითხოვა საქმის განსახილველად გადაგზავნა განსჯად – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში იმ მოტივით, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ექსპერტიზისათვის საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემა, რაც სისხლის სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება (იხ. ს.ფ. 47-49).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. გ.-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გაგრძელებულ იქნა 7 დღით (იხ. ს.ფ. 29-30; 40-44).
კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო, მომართა რა საკასაციო სასამართლოს, კვლავ მოითხოვა საქმის განსჯადი სასამართლოსათვის _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისათვის გადაგზავნა და არასწორად მიიჩნია მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება და მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა (იხ. ს.ფ. 47-49).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ.-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში არის პროცესუალურად შესაძლებელი მისი მოტივების საფუძვლიანობაზე მსჯელობა, მათ შორის, განსჯადობის საკითხის გამოკვლევა-გარკვევა, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმება, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს ამ ვითარებაში არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე, 396.3, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ.-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.