ბს-988-946(კს-07) 8 ნოემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. ს-ემ, დ. გ-ემ, ნ. ჭ-ამ მოპასუხეების _ სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტისა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹577 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის წესდების, საშტატო განრიგისა და ამავე ინსტიტუტის დირექტორის 2006 წლის 25 ივლისის ¹28 ბრძანების ბათილად ცნობა. იმავდროულად მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერება (ს.ფ. 3-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-ის, დ. გ-ის, ნ. ჭ-ა და ვ. თ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის წესდების, საშტატო განრიგისა და ¹28 ბრძანების მოქმედება არ შეჩერდა (ს.ფ. 1-2).
აღნიშნულ განჩინებაზე დ. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 10 ოქტომბერს (ს.ფ. 134-141).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო (ს.ფ. 176-178).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით გასწორდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების თარიღში დაშვებული უსწორობა და განჩინების თარიღად ნაცვლად 2007 წლის 29 ნოემბრისა მითითებულ იქნა 2006 წლის 29 ნოემბერი (ს.ფ. 214-215).
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინების თარიღში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლო მის მიერ შეტანილ კერძო საჩივარზე 2006 წლის 29 ნოემბერს ვერ იმსჯელებდა, რამდენადაც აღნიშნული კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2006 წლის 15 დეკემბერს, ანუ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 16 დღის შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების თარიღის უსწორობას აშკარას ხდიდა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად განიმარტა განჩინების გასაჩივრების წესი და აღნიშნული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლზე (ს.ფ. 333-334).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილების აზრსა და შინაარსს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით გაასწორა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინების თარიღის უზუსტობა და ნაცვლად 2007 წლის 29 ნოემბრისა, მიუთითა 2006 წლის 29 ნოემბერზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განჩინების თარიღის უსწორობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად გასწორების შესახებ. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელე დ. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე იმავე სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 10 ოქტომბერს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმესთან ერთად გადაეცა 2006 წლის 22 ნოემბერს (ს.ფ. 134, 171). სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ განჩინებას, რომელშიც მოხდა შესწორების შეტანა, წინ უსწრებს საქმეში არსებული დ. გ-ის სხვა კერძო საჩივრების განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინებები, რომლებიც დათარიღებულია 2006 წლის 27 ნოემბრით. 2007 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ განჩინების შემდგომ კი საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან 2006 წლის 15 დეკემბერს შემოსული კორესპონდენცია. ამასთან, 2007 წლის 29 ნოემბრის თარიღით სააპელაციო სასამართლო დ. გ-ის კერძო საჩივარს ვერ განიხილავდა, რამდენადაც აღნიშნული თარიღი ჯერ არ დამდგარა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარებოდა გასწორებას.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2006 წლის 15 დეკემბერს, რის გამოც სასამართლო მას 2006 წლის 29 ნოემბერს ვერ განიხილავდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შესულია დ. გ-ის კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 179-180). სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კი ნამსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე შეტანილი დ. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობაზე. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინების გამოტანის დროისათვის დ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე საქმის მასალებში უკვე მოიპოვებოდა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მასზე ემსჯელა.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსწორობის გასწორობის შესახებ არ საჩივრდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებაზე მითითებას, აღნიშნული განჩინებით განხილულ იქნა სრულიად სხვა საპროცესო საკითხი _ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განჩინების გამოტანის ერთ-ერთ საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის არასწორად აღნიშვნის შესახებ. აღნიშნული ნორმა აწესრიგებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსის საკითხს, რის გამოც მისი სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითება სრულიად შესაბამისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.