ბს-9-9(კს-07) 15 მარტი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ო-ი, ნ. ფ-ი, წარმომადგენელი თ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს ნ. ხ-მა, ნ. ო-მა და ნ. ფ-მა და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება შენობის დემონტაჟის ნაწილში და საქმის წარმოების განახლება.
განცხადებაში აღნიშნული იყო შემდეგი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. და ვ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. ხ-ის, ზ. ვ-ის და სხვათა შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები და მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. თბილისის არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე დაკმაყოფილდა მესამე პირების სარჩელი და შპს “...”, ამხანაგობა “ღ...ს” და ფიზიკურ პირებს _ ნ. ხ-ს, ზ. ვ-ს, ნ. მ-ს, ა. ჩ-ს, თ. კ-ს, ნ. ხ-ს, ლ. ყ-ს, ნ. ფ-ს, გ. ბ-ს, დ. ნ-ს, ი. ი-ს, ი. დ-ს, ლ. კ-ს, მ. შ-ს, ნ. ო-ს დაევალათ ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქ. თბლისის მთავარი არქიტექტორის 2001 წლის 17 დეკემბრის ¹20/206 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. მხარეებს მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობების დანგრევის განხორციელება დაევალათ საკუთარი ხარჯებით. განმცხადებლების მითითებით, სასამართლო განხილვის დროს არ ჩატარებულა ექსპერტიზა იმ საკითხის გასარკვევად, ხომ არ გამოიწვევდა გადაწყვეტილებაში მითითებული გადაკეთებები ... ქ. ¹4-სა და ¹2ა-ში მდებარე ბინების ავარიულ მდგომარეობას, რომელთაც ერთი საერთო ფუნდამენტი და საყრდენი კედელი გააჩნდათ. განმცხადებლის მითითებით, ყველა სამშენებლო ორგანიზაციამ ამგვარ გადაკეთებაზე განაცხადა უარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მიმართეს სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტს. ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია ... ქ. ¹4-ში მდებარე სახლის ამგვარი დემონტაჟი. დასაკვნის თანახმად, დემონტაჟი საცხოვრებელ სახლებს ჩააყენებს ავარიულ სიტუაციაში, ამასთან, ნგრევითი სამუშაოების ჩატარება გაუმართლებელია მობინადრეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ასევე შეუძლებელია დემონტაჟისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების გამოყენება. განმცხადებელთა მოსაზრებით, სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2006 წლის 8 სექტემბრის დასკვნა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
2006 წლის 20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ განცხადებით მიმართეს ნ. ფ-მა და ნ. ო-მა. მათ მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადადებული ყოფილიყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა ზემოაღნიშნულ განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (ს.ფ. 1-4).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, გადადოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. ხ-ის, ნ. ო-ის და ნ. ფ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (ს.ფ. 57-59). სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის წარმომადგენელმა თ. პ-მა. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით განმცხადებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კერძო საჩივრის ავტორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განმცხადებლებისათვის უარის თქმის მოტივად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე მითითებასთან დაკავშირებით, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განცხადებას თან ერთვის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნა, საიდანაც, მისი მოსაზრებით, ნათლად ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს შენობის ავარიულ მდგომარეობას, რაც საფრთხეს შეუქმნის მრავალი პირის სიცოცხლეს. ამასთან, განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ კანონიერ ძალაში არ იყო შესული, ვინაიდან ამ განჩინებაზე მათ მიერ შეტანილი იყო კერძო საჩივარი, რის გამოც საკითხის საბოლოო გადაწყვეტა მოხდებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სწორედ ამ საკითხის გარკვევამდე ითხოვეს მათ სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ საფუძვლით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო (ს.ფ. 62-63).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის წარმომადგენელ თ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადაიდოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის თხოვნის, მისი ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული იმ აუცილებელი გარემოებების არსებობით, რაც ამართლებს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებას.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას იმ მოტივით, რომ შეტანილი აქვთ ამავე გადაწყვეტილებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება. განმცხადებლები აღსრულების გადადებას ითხოვენ მითითებულ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა, ნ. ო-მა და ნ. ფ-მა. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარდგენილ განცხადებაზე დასრულებულია წარმოება, აღნიშნული განცხადება არ არის დაკმაყოფილებული, რის გამოც მათი მოთხოვნა, რაც დასაბუთებულია მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის მიმდინარეობით, სრულიად უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის წარმომადგენელ თ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.