Facebook Twitter

¹ბს-999-953(კს-06) 24 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები: ლ. ლ-ე; ზ. ნ-ი, მ. ჩ-ი, ო. ლ-ე, ა. ლ-ი, დ. კ-ა, ო. ღ-ე

'

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეებმა: ო. ლ-ემ, მ. გ-მა, მ. ჭ-ემ და სხვებმა (სულ 28 პირმა), სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ. თბილისის მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტისა და მესამე პირების: საქართველოს საბინაო-სამშენებელო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალებას და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის დადგენილების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტისათვის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად, რის გამოც მითითებულ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

სასამართლოს 2006 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მაისის განჩინებით ზ. ო-ის წარმომადგენლის - ნ. წ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ზ. ო-ის სარჩელის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის, რ. ფ-ის, მ. ჭ-ის, ჯ. ს-ის, რ. ბ-ის, ქ. ს-ის, მ. ხ-ის, ნ. ჩ-ის, ზ. ნ-ის, ო. ლ-ის, ლ. ფ-ის, ც. თ-ის, ვ. ღ-ის, ლ. ვ-ის, მ. ჩ-ის, ნ. გ-ის, მ. ლ-ის, თ. კ-ის, ფ. ს-ის, ა. ლ-ის, ა. ც-ის, თ. ს-ის, მ. მ-ის, ო. ღ-ის, დ. კ-ას, ლ. ლ-ისა და ვ. დ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ¹05.07.124 დადგენილება მისი ძალაში შესვლის დღიდან; ქ. თბილისის მთავრობას დაევალა მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს მოსარჩელეებზე მიწის ფართობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადებები, რომლებიც უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას მოსარჩელეებზე: ¹... საბინაო-კოოპერატივის წევრ ო. ლ-ზე; ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრ მ. გ-ზე და ¹... საბინაო-კოოპერატივის წევრ ლ. ფ-ზე ქ. თბილისში ..... I მ/რ-ში, ცენტრალური გზის მიმდებარედ გადასაცემი მიწის ნაკვეთების საერთო ფართისა და მისი ღირებულების შესახებ; ბ) ინფორმაციას მოსარჩელეებზე: ¹.... საბინაო კოოპერატივის წევრ ლ. ფ-ზე, ¹... საბინაო-კოოპერატივის წევრ ქ. ს-ზე; ¹... კოოპერატივის წევრ მ. ხ-ზე, აგრეთვე ¹.... საბინაო-კოოპერატივის წევრ ზ. ნ-ზე - თბილისში ... გზის მიმდებარედ (ამჟამინდელი .... ქ. ¹66 და ¹68, ¹46 ნაკვეთის ის მიმდებარედ (ამჟამად ..... ქ. ¹38) გადასაცემი მიწის ნაკვეთების საერთო ფართისა და ღირებულების შესახებ; გ) ინფორმაციას მოსარჩელეებზე: ¹.... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის წევრ ც. თ-ზე, ¹.... საბინაო-კოოპერატივის წევრ ვ. ღ-ზე – თბილისში, .... და ..... ქუჩების მიმდებარედ გადასაცემი მიწის ნაკვეთის საერთო ფართისა და მისი ღირებულების შესახებ; დ) ინფორმაციას მოსარჩელეებზე, ¹.... საბინაო-კოოპერატივის წევრებზე: რ. ვ-ზე, მ. ჩ-ზე, ნ. გ-ეზე, მ. ლ-ეზე, თ. კ-ზე, ფ. ს-ეზე, ა. ლ-ზე, ა. ც-ზე, თ. ს-ზე, მ. მ-ეზე, ო. ღ-ეზე, აგრეთვე ¹.... საბინაო-კოოპერატივის წევრ დ. კ-ზე, ¹... საბინაო-კოოპერატივის წევრ ლ. ლ-ზე და ¹.... საბინაო-კოოპერატივის წევრზე ვ. დ-ზე, ქ. თბილისში, .... გამზირსა და .... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საერთო ფართისა და მისი ღირებულების შესახებ. ინფორმაციას მოსარჩელეზე: ¹..... საბინაო-კოოპერატივის წევრ ნ. ჩ-ეზე, თბილისში, ...... შემაერთებელი კვანძის მიმდებარედ გადასაცემი მიწის ნაკვეთის საერთო ფართის და მისი ღირებულების შესახებ და მოსარჩელეებზე გადასაცემი საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში მონაწილე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა მიმართ არსებული სახელმწიფო-საშინაო ვალის (საკომპენსაციო თანხის) ოდენობის შესახებ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქმის სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზე 2006 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილია საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომლის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს უშუალო შემხებლობა აქვს მოცემულ საქმეში დავის საგანთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს Fფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს ლ. ლ-ემ, ზ. ნ-მა, მ. ჩ-მა, ო. ლ-ემ, ა. ლ-მა, დ. კ-ამ და ო. ღ-ემ.

ლ. ლობჟანიძე კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ" პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება თუ სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი განიხილება სხვა _ სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სასამართლოში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.

1998 წლის 5 მარტის “სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წინაშე სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი ფინანსთა სამინისტროს უნდა შეემუშავებინა 1998 წლის 1 სექტემბრამდე, რაც 8 წლის შემდეგაც არ შესრულებულა.

2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას 2005 წლის 28 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით (ოქმი ¹1) კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული ვალის ანაზღაურების მექანიზმი უნდა შეემუშავებინა 2005 წლის 1 მაისამდე, რაც ასევე არ შესრულებულა, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო პროცესის შეჩერება ზემოთ აღნიშნული ვალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის არსებობის მიზეზით, დაუშვებელია.

“ნორმატიული აქტების შესახებ”, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ", “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" და “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულება, რომლებზედაც აგებულია მათი სასარჩელო მოთხოვნები, იერარქიის მიხედვით უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტებია და მათი შეჩერების საფუძველი არ შეიძლება გახდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება ან ამ დადგენილებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მიხედვით, “საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონმდებარე აქტი; ასევე დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი”.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო იგნორირებას უკეთებს საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის ¹1879-რს დადგენილებას, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალა “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა საფუძველზე, დროულად მოემზადებინა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარედგინა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებზე მიზნობრივად განაწილებული სახელმწიფო საპრივატიზებო ქონების (შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთები) გადაცემის შესახებ კონკრეტული პროექტები, რომლებიც არ შესრულებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

ზ. ნ-მა, მ. ჩ-მა, ო. ლ-ემ, ა. ლ-მა, დ. კ-ამ და ო. ღ-ემ კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ" პუნქტით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, შეაჩეროს საქმის წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, მითითებული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კეტეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიდიციული (წინასწარ გადამწყვეტი) მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. ამიტომ საქმის წარმოების შეჩერებისას, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობებიდან.

ამავე განმარტებას განამტკიცებს პროცესის 281-ე მუხლის “გ" პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის “დ" პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში _ სასამართლოს გადაწყვეტლების, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

განჩინების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩერა 2006 წლის 31 დეკემბრამდე, რითაც დაარღვია 281-ე მუხლის “გ" პუნქტი. 2006 წლის 31 დეკემბერს ვერ იქნება მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება (ზოგადად), რადგან ის სხვა საქმე სასამართლოში არ იხილება. ასევე, ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე, რადგან არ მიმდინარეობს არანაირი ადმინისტრაციული საქმე.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათთვის გაუგებარია, რა პრინციპით შეაჩერა სასამართლომ საქმის განხილვა 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის დადგენილებაში, რომლითაც კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე, არაერთგზის შევიდა სრულიად უმნიშვნელო ცვლილებები კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილების ვადის შესახებ. უკანასკნელი ცვლილებებით კომისიის უფლებამოსილების ვადა იწურება 2006 წლის 31 დეკემბერს. კომისია, თავისი დებულების მე-4 მუხლის თანახმად, შეიმუშავებს საბოლოო დასკვნებს, წინადადებებს, რომელთა საფუძველზე, სავარაუდოდ, შეიძლება შემუშავებული იქნეს ნორმატიული აქტების კანონპროექტები და იგი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. კომისიის რეკომენდაციები ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებად და იგი ვერ მოახდენს ზეგავლენას უკვე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რადგან, ჯერ ერთი, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის თანახმად, და, მეორეც, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებულმა კანონმა ახლებურად უნდა მოაწესრიგოს სახელმწიფოს მიერ ერთხელ უკვე გადაწყვეტილი საკითხი. ასეთი მსჯელობით, სასამართლოებმა, სავარაუდოდ, უნდა შეაჩერონ ცალკეული საკითხის განხილვა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ერთი გარემოება, რომ საქმის განხილვისას არსებობს კანონი, რომლითაც უნდა მოწესრიგდეს მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობები და ეს კანონი არ გაუქმებულა, არსებობს ამ კანონის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც არ შეასრულა თბილისის მთავრობამ, არსებობს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდა მათი სასარჩელო მოთხოვნა და არსებობს სააპელაციო საჩივარი, რომლის ფარგლებშიც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა არა გადაწყვეტილებისა და სარჩელის კანონიერება ზოგადად, არამედ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები იყო თუ არა სამკარისი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობის განხილვისას არ შეამოწმა, კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება გამოდგებოდა თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება _ დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის, ზ. ნ-ის, მ. ჩ-ის, ო. ლ-ის, ა. ლ-ის, დ. კ-ას და ო. ღ-ის კერძო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილია საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია, რომლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უშუალოდ ეხება განსახილველ დავას რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო იმთავითვე ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ საქმის წარმოების შეჩერების ვადას და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოს მხრიდან კერძო საჩივრების განხილვის მომენტში ზემოაღნიშნული ვადა გასულია, საკასაციო სასამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს განიხილავს საკასაციო სასამართლოსათვის დადგენილი წესების დაცვით, ვალდებულია, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობის საკითხი და არსებითად იმსჯელოს კერძო საჩივრებზე.

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრების ავტორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა ზემოაღნიშნული განჩინების კანონიერება და მიაჩნია, რომ არ არსებობს განჩინებაში მითითებული მოტივით საქმის წარმოების შეჩერების პროცესუალური საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი ადგენს საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების საფუძვლებს, საგულისხმოა, რომ მითითებული მუხლი იძლევა შეჩერების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო მოკლებულია, აღნიშნული საფუძვლების განვრცობის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული მუხლის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საკასაციო სასამართლო, მითითებული პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისასა არსებითად მიიჩნევს განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიეცეს წინასწარ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან მიმართებაში. ამდენად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს, რამდენად მიენიჭება საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციებს განსახილველი დავისადმი პრეიუდიციული (გადამწყვეტი) მნიშვნელობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების განსაზღვრისას, არსებითად და გადამწყვეტად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტის პირდაპირი მოქმედების პრინციპზე მითითებას და განმარტავს: ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ იმავე საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო კერძო საჩივრები - დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ლ-ის, ზ. ნ-ის, მ. ჩ-ის, ო. ლ-ის, ა. ლ-ის, დ. კ-ასა და ო. ღ-ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინება და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.