Facebook Twitter

ბ-1047-23(ა-07) 19 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განიხილა ც. ს-ას განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით ც. ს-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2007 წლის 24 ოქტომბერს ც. ს-ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

განმცხადებლის მითითებით, სასამართლო დავის გადაწყვეტისას არასწორად დაეყრდნო თელავის მე-....... საშუალო სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომელთაგან არც ერთი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მაგალითად, მხედველობაში მიიღო თელავის რაიონის განათლების განყოფილების გამგის 1989 წლის 5 იანვრის ¹419 ბრძანება, რომელიც არ ასახავდა მის ამჟამინდელ მდგომარეობას. სკოლის დირექტორი მიუთითებდა, რომ მან გაითვალისწინა მშობელთა 2005 წლის 3 ოქტომბრის განცხადება, მაშინ როცა ც. ს-ას დაწყებითი კლასის მასწავლებლობიდან გათავისუფლება მოხდა 2005 წლის 8 ივნისს.

გარდა ამისა, განმცხადებელი მიუთითებდა თელავის მე-......... საშუალო სკოლის დირექტორის 2005 წლის 22 ივლისის პასუხზე მის მიმართ, რომელშიც საუბარი იყო პედაგოგთა ასაკზე. განმცხადებლის აზრით, ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელს უნდა დაესახელებინა ის ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც შეადგინა აღნიშნული პასუხი, იმავდროულად, მას უნდა დაედასტურებინა მისი, როგორც პედაგოგის დაბალკვალიფიციურობა.

განმცხადებელი ასევე მიუთითებდა თელავის მე-....... საშუალო სკოლის დირექტორის 2005 წლის 2 სექტემბრის პასუხზე, საიდანაც ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა გაითვალისწინა ახალგაზრდა სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაუფლებული კადრები. აღნიშნულ მსჯელობას ც. ს-ა უსაფუძვლოდ მიიჩნევს და საპირისპიროდ ყურადღებას ამახვილებს 2005 წელს მიღებულ საპატიო ჯილდოებზე.

განმცხადებლის თქმით, მან საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განჩინების თაობაზე შეიტყო მხოლოდ 2007 წლის 9 თებერვალს, მაშინ, როცა გასული იყო განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადა. აქედან გამომდინარე, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც სასამართლოს განჩინების მხარისათვის გაგზავნის ვალდებულებას აკისრებდა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ც. ს-ას განცხადების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ს-ას განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი უთითებს გარემოებებზე, რომლებიც გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ანუ განმცხადებელი ახალ გარემოებებს უკავშირებს საქმის მასალების შესწავლას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ს-თვის ზემოაღნიშნული მოტივით საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა ცნობილი იყო საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-“ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირობას, განმცხადებელს ასევე გაშვებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადაც. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ ც. ს-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 23 მაისს (ს.ფ. 236). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა ამოიწურა 2007 წლის 25 ივნისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ც. ს-ას მოცემულ შემთხვევაში დარღვეული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რაც ასევე დაუშვებლობის მოტივით მისი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ს-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.