¹ბ-1268-27(ა-06) 21 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 2 ივლისს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარმა არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ამხანაგობა “მ-ის” მიმართ ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შეჩერებისა და დარღვევის გამოსწორების თაობაზე.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ამხანაგობა “მ-ს” დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, აეკრძალა ......... ქუჩის ¹2-სა და ........... ქ. ¹31-ის გადაკვეთაზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე (მოსარჩელე ნ. ხ-ე, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური, მესამე პირი ამხანაგობა “მ-ა”).
2005 წლის 14 იანვარს ამხანაგობა “მ-ის” თავმჯდომარემ საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ხ-ე. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხე ამხანაგობა “მ-ას” დაევალა შეთანხმებული პროექტის გაუთვალისწინებლად დაშვებული დარღვევების გამოსწორება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინებით მესამე პირის _ ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ, მართალია, ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, მაგრამ განსახილველ დავაში ნ. ხ-ე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, რის გამოც, ამავე კოდექსის 16.5 მუხლის თანახმად, მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება ნ. ხ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ასევე საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების წესს საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 მარტის განჩინება.
2006 წლის 16 ოქტომბერს ნ. ხ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ ,,მ-თვის” მშენებლობის პროექტზე ნებართვა გაცემულია 2002 წლის 29 ნოემბერს, უფლებამოსილება შეჩერებული თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ, რომელსაც ეს უფლება 2002 წლის 15 ნოემბრის თბილისის საკრებულოს დადგენილების შემდეგ არ ჰქონდა და მის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც უკანონი იყო, მას არ გააჩნდა აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ძალა.
ამასთან, საქმის განხილვის დროს დაშვებულ იქნა არაერთი პროცსუალური დარღვევა, რა მოტივითაც განმცხადებელი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, ხოლო იმავე სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.
ამდენად, აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომლებზეც წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით.
როგორც წინამდებარე საქმეში დაცული მასალებიდან იკვეთება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.05 განჩინება, რომლითაც, თავის მხრივ, განუხილველად დარჩა ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი. ამდენად, ზემოაღნიშნულ საქმეზე არსებითი განჩინების მიმღებ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო.
იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე შემთხვევაში განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების მიმღებ სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, ხოლო უზენაესმა სასამართლომ განჩინება დატოვა უცვლელად, რაც, საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებზე დაყრდნობით, აძლევს საფუძველს განცხადება განსჯადობით დაუქვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რაც შეეხება ნ. ხ-ის მოთხოვნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმცხადებელს განუმარტავს, რომ მითითებული განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გასაჩივრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად დაიშვებოდა კერძო და არა საკასაციო საჩივრით. ამდენად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა მხარის მხრიდან იმ საპროცესო მოქმედების განხორციელება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, განმცხადებელი ვერ წარმოადგენს და ვერ მიუთითებს კანონით გათვალისწინებულ იმ საფუძველს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მითითებული განჩინების გაუქმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. ნ. ხ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.