Facebook Twitter

ბ-1271-15(ა-07) 26 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “პ.-ს” განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხი. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 22 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა შპს “პ.-მ”. განმცხადებელი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას.

საკასაციო სასამართლო შპს “პ.-ს” განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) მიღებული აქვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის გათვალისწინებით, შპს “პ.-ს” განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნული განცხადების დასაშვებობის საკითხზე ვერ იმსჯელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “პ.-ს” განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 423-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “პ.-ს” განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.