Facebook Twitter

¹ბ-1272-16(ა-07) 26 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ძ.-ის განცხადების თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემის საკითხი. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 22 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა შ. ძ.-მ. განმცხადებელი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას.

საკასაციო სასამართლო შ. ძ.-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რამდენადაც განჩინება, რომლის ბათილად ცნობასაც შესაბამისი საფუძვლებით განმცხადებელი ითხოვს, მიღებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მისი დასაშვებობის საკითხზე ვერ იმსჯელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ძ.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

¹ბს-47-45(კ-07) 26 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “თ.-ი”

თანამოსარჩელე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველომ მოპასუხე შპს “თ.-ის” მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2001 წლის 1 ივლისს ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ.-ს” შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2001 წლის 1 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ.-ს” შორის. აღნიშნულ ხელშეკრულებაში შპს “თ.-ის” სახელით ხელმომწერ პირად მითითებულია არა შპს “თ.-ის” დირექტორი ს. კ.-ი, არამედ კ. კ.-ი. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებათ დირექტორებს. აქედან გამომდინარე, 2001 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა ს. კ.-ს და არა კ. კ.-ს. ხელშეკრულების თანახმად, იგი იდებოდა ორი თვით და ძალაში შედიოდა ხელმოწერის დღიდან. ვინაიდან ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა შპს “თ.-ის” დირექტორი ს. კ.-ი, ამდენად, იგი ძალაში არ შესულა.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ხელშეკრულება ბუნდოვანი და გაუგებარია. ხელშეკრულების პირველ პუნქტს გააჩნია ორი “ა” ქვეპუნქტი. ასევე გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტში ხსენებულ სიტყვა “ობიექტში”. ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ვინაიდან 3.1 პუნქტით დაცვის მოვალეობაში შედის მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და რაიმე მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე არაფერია ნათქვამი, ხოლო 4.1 პუნქტი ითვალისწინებს დაცვის მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევებს. თუ დაცვის მოვალეობაში არ შედის მატერიალური პასუხისმგებლობა, სრულიად გაუგებარია დაცვის მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევები. ე.ი. 4.1 პუნქტით გათვალისწინებულია არარსებული მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევები. აქედან გამომდინარე, არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად კი ასეთ შემთხვევებში გარიგება არ არსებობს (ს.ფ. 3-4).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის მიხედვით. ზემოაღნიშნული მოთხოვნები ამ შემთხვევაში დაცულია, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ორივე მხარის უფლებები და მოვალეობები, ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და დღიდან მისი ხელმოწერისა ორივე მხარე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. დამქირავებლის ხელმოწერის გვერდზე ასო “ს-ს” ნაცვლად ასო “კ-ს” მითითება მისი სახელის ინიციალად სადავო არ გამხდარა ხელშეკრულების ხელმოწერიდან _ 2001 წლის 1 ივლისიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე _ 2004 წლის 28 ოქტომბრამდე.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხულია და ასეთი სახის შეცდომა არის წვრილმანი შეცდომა, რომელიც ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, იძლევა მხოლოდ შესწორების და არა შეცილების უფლებას.

საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ხელშეკრულების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ხელშეკრულებაში ორი პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის არსებობა ასევე ბეჭდვის დროს დაშვებული უზუსტობაა, რომელიც გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების შინაარსზე. რაც შეეხებოდა წინააღმდეგობებს მე-3 და მე-4 მუხლების პირველ ნაწილში, აღნიშნული სასამართლომ გამორიცხა, რადგან 3.1 პუნქტში გასაგებად იყო ჩამოყალიბებული ამ პუნქტის არსი და შინაარსი განსახორციელებული დაცვის დროის შესახებ, ხოლო 4.1 პუნქტში მითითებული იყო პირობა, თუ როდის თავისუფლდება დაცვა მატერიალური პასუხისმგებლობისაგან და რაიმე ბუნდოვანებას ადგილი არ ჰქონდა (ს.ფ. 45-46).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველომ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების ბათილობის ძირითად საფუძვლად მოსარჩელეები მიიჩნევენ ხელშეკრულებაზე ს. კ.-ის ნაცვლად კ. კ.-ის ხელმოწერას. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არ არის სწორი, რადგან ეს გარემოება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ძირითად საფუძველს. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტებს და მათში ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ დაადგინა. ხელშეკრულების არც ერთ პუნქტში (გარდა მე-3 პუნქტისა) დაცვის მოვალეობა არ არის განსაზღვრული. ამდენად, თუ რა შედიოდა დაცვის მოვალეობაში, უნდა გავარკვიოთ ხელშეკრულების მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმად, დაცვა ვალდებულებას იღებს, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. დაცვას ნაკისრი ჰქონდა ერთადერთი ვალდებულება _ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებს დაცვის მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევებს. თუ დაცვის მოვალეობაში არ შედის მატერიალური პასუხისმგებლობა, სრულიად გაუგებარია დაცვის მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევები, ე.ი. მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია არარსებული მატერიალური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევები (ს.ფ. 49-50).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 1 ივლისს ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსსა და შპს “თ.-ის” დირექტორს ს. კ.-ს შორის დაიდო ხელშეკრულება. შპს “თ.-ის” დირექტორის ს. კ.-ის ნაცვლად ხელშეკრულებაში არასწორად მიეთითა კ. კ.-ი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 78-ე მუხლი ითვალისწინებს გარიგების დროს წვრილმანი შეცდომების დაშვების შესაძლებლობას, რაც არ იწვევს გარიგების ბათილობას. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება დამოწმებული იყო შპს “თ.-ის” ბეჭდით, რომლის დირექტორსაც ნამდვილად წარმოადგენდა ს. კ.-ი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ნაბეჭდ ტექსტში ს. კ.-ის ნაცვლად კ. კ.-ის მითითება იყო წვრილმანი შეცდომა, რომელიც გავლენას ვერ მოახდენდა ხელშეკრულების მხარეების მიერ გამოვლენილ ნებაზე. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეცილება უნდა მომხდარიყო შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. მოსარჩელეს კი გაშვებული ჰქონდა შეცილების ერთთვიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტების ბუნდოვანების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2006 წლის 15 თებერვლის განჩინებით (რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება), იმსჯელა სადავო ხელშეკრულების მე-3 პუნქტზე და არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, დაცვის ვალდებულებაში შედიოდა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არანაირი მატერიალური პასუხისმგებლობა მას ქურდობით ან ყაჩაღობით გამოწვეული ზიანისათვის არ ეკისრებოდა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით “ობიექტის უსაფრთხო დაცვა” შინაარსობრივად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული ძირითადი ამოცანებისა და მოვალეობის შესრულებასაც მოიაზრებს, რამდენადაც სწორედ აღნიშნული დებულებაა ის ძირითადი აქტი, რომლის შესაბამისად, დაცვის პოლიცია დებს ხელშეკრულებას კონკრეტულ პირებთან, ახორციელებს მესაკუთრის ქონების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეიარაღებულ დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. უზენაესი სასამართლოს ამავე განჩინებით საკასაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა ხელშეკრულების მე-4 პუნქტზეც, რომლის თანახმად, დაცვის პოლიცია მატერიალური პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებოდა ობიექტიდან მატერიალურ ფასეულობათა ქურდობისას და ყაჩაღობისას არა დაცვის დროს და დაცვისათვის შეუტყობინებლობის მიზეზით და განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტიც აკისრებდა პოლიციას მატერიალურ პასუხისმგებლობას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ის ფაქტი, რომ დაცვის პოლიციამ დაარღვია ვალდებულება, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით. კერძოდ, დადგენილია, რომ ყაჩაღობა კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ დაცვის სამუშაო საათებში მოხდა, რის გამოც სახეზე არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებანი (ს.ფ. 66-73).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 თებერვლის განჩინებას, რაც არასწორია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა მიეთითებინა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლი და საერთოდ არ უმსჯელია ხელშეკრულების ნაწილის, კერძოდ, მე-4 პუნქტის ბათილობის თაობაზე.

კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია, ვინაიდან საქმე სააპელაციო წესით განიხილა მოსამართლე დ. ჟ.-მ, რომელმაც საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას მიიღო აღნიშნული სარჩელი წარმოებაში და ასევე გამოიტანა განჩინება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ (ს.ფ. 77-78).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი აწესებს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობის პრინციპს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის საპროცესოსამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დარღვევით.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი პირველი ინსტანციით იხილებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულ სასამართლოში საქმე მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადებული აქვს მოსამართლე დ. ჟ.-ს და მასვე მიღებული აქვს განჩინება მთავარ სხდომაზე საქმის არსებითად განხილვის დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 1-20). აღნიშნულის შემდგომ მასვე დაწყებული აქვს საქმის საქმის არსებითი განხილვა მთავარ სხდომაზე (ს.ფ.25-26), ამ სტადიაზე გამოტანილი აქვს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ (ს.ფ. 27). იმავდროულად, მოსამართლე დ. ჟ.-ი არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემდგენლობის ერთ-ერთი მოსამართლე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რის გამოც საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სააპელაციო წესით, საპროცესო ნორმების დაცვის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.