Facebook Twitter

¹ბ-140-3(ა-07) 14 სექტემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ ნ. ღ.-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნ. ღ.-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვეოდა, რომ ნ. ღ.-ს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს, მან კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 1 დეკემბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნა წარდგენილი, რის გამოც იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

2007 წლის 22 იანვარს ნ. ღ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა არა 2006 წლის 26 ოქტომბერს, არამედ 4 ნოემბერს და შესაბამისად, ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ ამ დღიდან. განცხადებას თან ერთვოდა შპს “...-ის” ...-ის ფილიალის მიერ გაცემული 2007 წლის 15 იანვრის ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ. ღ.-ს განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ღ.-ს განცხადება არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნას.

საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ასლი (შეკვეთილი წერილი ¹138) ნ. ღ.-ს ჩაბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს, რასაც ადასტურებს აღნიშნულ შეტყობინებაზე მისი ხელმოწერა (ს.ფ. 213).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ვერ აქარწყლებს ზემოაღნიშნული შეტყობინებით დადგენილ განმცხადებლის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების საფოსტო გზავნილის (შეკვეთილი წერილი ¹138) 2006 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარების ფაქტს. აღნიშნული ფაქტის გამაქარწყლებელ მტკიცებულებად საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს განცხადებაზე თანდართულ შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ცნობას. მართალია, აღნიშნულ ცნობაში მითითებულია, რომ შეკვეთილი წერილი ¹138 ნ. ღ.-ს ჩაბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს, მაგრამ ცნობას თან არ ერთვის აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულებები, რაც ამ ცნობის გაცემის საფუძველი გახდა და რაც გააქარწყლებდა საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაში მითითებული თარიღის _ 26 ოქტომბრის სისწორეს, ახსნიდა აღნიშნულ თარიღსა და შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის ცნობაში მითითებული თარიღის შეუსაბამობის მიზეზს.

შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ცნობის აღნიშნული ნაკლის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსს არაერთხელ ეთხოვა, განემარტა ზემოაღნიშნული შეუსაბამობის საკითხი, დაესაბუთებინა, თუ რატომ გამოირიცხებოდა ნ. ღ.-სათვის შეკვეთილი წერილის 26 ოქტომბერს ჩაბარება და ¹138 შეკვეთილი წერილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების სისწორე, რასაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაეყრდნო, მასვე ეთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მის ცნობას საფუძვლად ედო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვების პასუხად შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსი შ. გ.-ი 23.04.07წ., 30.07.07წ. და 30.08.07წ. წერილებში კვლავ მიუთითებს, რომ შეკვეთილი წერილი ¹138 ადრესატს _ ნ. ღ.-ს ჩაბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს. აღნიშნულის დასადასტურებლად მან წერილებს დაურთო დაუმოწმებელი ქსეროასლები, რომლებიც, მისი მითითებით, წარმოადგენს საფოსტო შეტყობინებების გაგზავნის რეესტრის ფურცლებს. იმავდროულად, ფილიალის ფოსტის უფროსი განმარტავს, რომ შეკვეთილი წერილი ¹138 ...-ის ფოსტაში მიღებულია 23 ოქტომბერს, წერილი ნ. ღ.-ს ჩასაბარებლად გაეგზავნა “ე.-ში” მომუშავე ნ. გ.-ს ხელით. წერილი უკან იქნა მობრუნებული ნ. ღ.-ს სახლში არყოფნის გამო, წერილის მობრუნებამდე კი მიღება-შეტყობინების პასუხი გაგზავნილ იქნა, ნ. ღ.-ს წერილი პირადად ჩაბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ...-ის ფოსტის უფროსის პასუხები, მასზე დართული ქსეროასლები და მიიჩნევს, რომ ისინი ვერ აქარწყლებს საქმეში არსებულ შეკვეთილი წერილი ¹138-ის მიღების შესახებ შეტყობინების ნამდვილობას. აღნიშნულ შეტყობინებაში, რომელიც საქმეში წარმოდგენილია დედანი დოკუმენტის სახით და რომელიც წარმოადგენს მკაცრ წარმოებას დაქვემდებარებულ ოფიციალურ დოკუმენტს, მითითებულია, რომ კორესპონდენცია ნ. ღ.-ს ჩაბარდა 26 ოქტომბერს, მასზევე დაფიქსირებულია პირადად ნ. ღ.-ს დედანი ხელმოწერა, ხოლო შეტყობინებაზე დასმულ შტამპზე დაფიქსირებულია თარიღი, როდესაც შეტყობინება გამოვიდა ...-ის ფოსტიდან _ 2006 წლის 30 ოქტომბერი. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი გამორიცხავს ...-ის ფოსტის უფროსის მიერ მითითებულ ნ. ღ.-ს მიერ შეტყობინების ჩაბარების თარიღს _ 2006 წლის 4 ნოემბერს. ამასთან, ქსეროასლებს, რომელიც ...-ის ფოსტის უფროსის წერილებს ერთვის, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს სარწმუნო მტკიცებულებად საქმეში არსებული შეტყობინებების გასაქარწყლებლად. ერთი და იმავე დოკუმენტის აღნიშნული ქსეროასლები ერთვის ...-ის უფროსის ორ წერილს და ამდენად, ისინი უნდა იყოს იდენტური, ხოლო ერთ წერილზე დართული ქსეროასლი განსხვავდება მეორე წერილზე დართული იგივე ქსეროასლის ტექსტისაგან, ასევე აღნიშნულ ქსეროასლებში გადასწორებულია თარიღი (ს.ფ. 275, 277, 283). ფილიალის ფოსტის უფროსი დამაჯერებლად ვერ ხსნის, თუ რატომ აღმოჩნდა, რომ არსებობს შეტყობინების ჩაბარების დასტური ნ. ღ.-ს ხელმოწერით, სადაც ჩაბარების თარიღად მითითებულია 26 ოქტომბერი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ღ.-ა ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დადგენილ გარემოებას საფოსტო გზავნილის 26 ოქტომბერს ჩაბარების თაობაზე, რის გამოც არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. ღ.-ა უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ღ.-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.