Facebook Twitter
¹ბ-1508-17(ა-07) 20 სექტემბერი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ შპს “ც.-ა”, წარმომადგენელი მ. ტ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 9 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ც.-მ” მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ბათუმის შემოსასვლელში, თბილისის გზატკეცილის მარცხენა მხარეს მდინარე ...-ის წყლამდე, მარჯვენა მხარეს _ ...-ის მიერ განთავსებულ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შპს “ც.-ს” საკუთრებაში აღრიცხვის დავალება და მიწის ნაკვეთის გადასახადის განვადებით გადახდაზე უფლებამოსილების მინიჭება (ს.ფ. 2-5)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ც.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შპს “ც.-სათვის” ქალაქის შემოსასვლელში, თბილისის გზატკეცილის მარცხენა მხარეს ...-ის წყლამდე, მარჯვენა მხარეს ...-ის მიერ განთავსებულ ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11750 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება და მიწის საფასურის განვადებით გადახდაზე უფლების მიცემა არაუმეტეს ორი წლით (ს.ფ. 73-74)
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “ც.-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 77-78).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა, შპს “ც.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 104-107).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ც.-მ,” რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 118-122).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს “ც.-ს” საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის ორი ეგზემპლარის, სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულების შეფასების დოკუმენტისა და ამ ღირებულების 5%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება შპს “ც.-ს” 2007 წლის 22 მარტს ჩაბარდა, შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2007 წლის 2 აპრილისა. მიუხედავად ამისა, შპს “ც.-ს” არ შეუვსია დანიშნული ხარვეზი და არც შუამდგომლობით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ც.-ს” საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად (ს.ფ. 131-133).
2007 წლის 18 ივლისს შპს “ც.-ს” წარმომადგენელმა მ. ტ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ არ უზრუნველყო საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების მათთვის გაგზავნა და ჩაბარება, რის გამოც კასატორისათვის უცნობი იყო ხარვეზის დანიშვნისა და შესაბამისად, მის შესავსებად ვადის განსაზღვრის შესახებ. მათ მიიღეს მხოლოდ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინება, საიდანაც შეიტყვეს, რომ სასამართლოს მანამდე მიღებული ჰქონდა განჩინება საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების მათთვის ჩაბარების შემთხვევაში დანიშნული ხარვეზი დროულად აღმოიფხვრებოდა და შესაბამისად, სასამართლოს აღარ ექნებოდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, შპს “ც.-ს” განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ც.-ს” წარმომადგენელ მ. ტ.-ის განცხადება არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნას.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას განმცხადებელი მთლიანად აფუძნებს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განჩინების მასთვის ჩაუბარებლობაზე, კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ კასატორისთვის უცნობი იყო ხარვეზის დანიშვნისა და მის შესავსებად ვადის განსაზღვრის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარვეზი დროულად აღმოიფხვრებოდა და საკასაციო საჩივარი განუხილველი არ დარჩებოდა.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ამ მითითებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რამდენადაც საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინება კასატორს _ შპს “ც.-ს” გაგზავნილი აქვს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ. ბათუმი, ...-ის ქ. ¹20 (ს.ფ. 118, 127). საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა შპს “ც.-ს” დირექტორი. აღნიშნული საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებულია შეტყობინება, რომლის თანახმად, აღნიშნული გზავნილი მითითებულ მისამართზე შპს “ც.-ს” ჩაბარდა 2007 წლის 22 მარტს (ს.ფ. 128). ამასთან, რამდენადაც მ. ტ.-ე წარმოადგენდა შპს “ც.-ს” თანამშრომელს, ხოლო საქმეში არსებული 11.01.07წ. რწმუნებულება, ისევე როგორც საქმის სხვა მასალები, არ შეიცავდა მითითებას მ. ტ.-ის პირადი მისამართის თაობაზე, შპს “ც.-სათვის” ხარვეზის განჩინების ჩაბარება იმავდროულად ნიშნავდა მ. ტ.-სათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარებას. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი შპს “ც.-ა” ინფორმირებული იყო საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განჩინების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს “ც.-ს” განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ც.-ს” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.