Facebook Twitter

ბ-1571-18(ა-07) 8 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.06.07წ. განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 25.05.07წ. ჩაჰბარდა, რომელმაც კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 12.06.07წ. მიმართა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი შემოტანილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 12 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღმოჩენილი იქნა ახალი გარემოება, რომლის მიხედვითაც, 25.05.07წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უწყება, რომლითაც სამინისტროს ეცნობა მხოლოდ სასამართლოს სხდომის დაწყების დრო და თარიღი, სამინისტროს არ ჩაჰბარებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინება. აღნიშნული განჩინება სამინისტროს მოგვიანებით, 31.05.07წ. ჩაჰბარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინება 12.06.07წ., მითითებული განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილ 12 დღიან ვადაში, გაასაჩივრა. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა არ მიიღებდა განჩინებას მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.06.07წ. განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძო საჩივარი იმ საფუძვლით იქნა განუხილველად დატოვებული, რომ კერძო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.07წ. განჩინება 25.05.07წ. ჩაჰბარდა, რომელმაც კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გასაჩივრების ვადის გადაცილებით, 12.06.07წ. მიმართა. განცხადებაზე თანდართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.07წ. გზავნილის ასლით დასტურდება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 25.05.07წ. ჩაჰბარდა მხოლოდ სასამართლო უწყება. სადავო განჩინება განმცხადებელს 31.05.07წ. გადაეცა, რომელიც მის მიერ განჩინების გადაცემიდან კანონით დადგენილ 12 დღიან ვადაში _ 12.06.07წ. იქნა გასაჩივრებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.06.07წ. განჩინება;

2. განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძო საჩივარზე;

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძო საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.