Facebook Twitter
¹ბს-1632-26(ა-06) 17 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

05.09.03წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიმართ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისათვის 48 760 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, 09.01.96წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹......., რომელიც დაიდო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული 10.11.94წ. საბაზისო ხელშეკრულების, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 18.11.94წ. გაფორმებული ,,პროექტის განხორციელების" ხელშეკრულების და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და კომუნალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს შორის 01.08.95წ. ,,კომპონენტის განხორციელების" ხელშეკრულების საფუძველზე. 10.11.94წ. საბაზისო ხელშეკრულების თანახმად მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით საქართველოს რესპუბლიკას გამოუყო უპროცენტო სესხი 12.5 მლნ შDღ-ის (18.1 მლნ აშშ დოლარის) ოდენობით. აღნიშნული კრედიტიდან 09.01.96წ. ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 464 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ,,ზ" პუნქტის მიხედვით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს ,,ა" პუნქტიდან გამომდინარე, 1996 წლის 15 ივნისსა და 15 დეკემბერს უნდა გადაეხადა 464 000 აშშ დოლარის 1.25% და ჩაერიცხა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ანგარიშზე. ხელშეკრულების ,,თ" პუნქტის შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 10.02.96წ. უნდა გადაეხადა 464 000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების 0.25%, ხოლო ამავე ხელშეკრულების ,,ი" პუნქტის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტი კისრულობდა ვალდებულებას თანადაფინანსების თანხა 36 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, დაებრუნებინა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 1996 წელს. მოსარჩელის განცხადებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ფინანსური ვალდებულება და მისი დავალიანება 2003 წლის მდგომარეობით 48 760 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხა მოიცავდა ძირითად თანხას (საქართველოს წილიდან) _ 36000 აშშ დოლარს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საპროცენტო თანხას _ 1160 აშშ დოლარს, დარიცხულ პროცენტს სესხით სარგებლობისათვის _ 11600 აშშ დოლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არაერთი წერილობითი შეტყობინების მიუხედავად ქუთაისის მუნიციპალიტეტი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.05.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.05.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 09.01.96წ. ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 464 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ,,ზ" პუნქტის მიხედვით ქუთაისის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების ,,ა" პუნქტიდან გამომდინარე 1996 წლის 5 ივნისსა და 15 დეკემბერს უნდა გადაეხადა 464 000 აშშ დოლარის 1.25%-ის ექვივალენტი ლარი და ჩაერიცხა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ანგარიშზე. ხელშეკრულების ,,თ" პუნქტის შესაბამისად ქუთაისის მუნიციპალიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 10.02.96წ. უნდა გადაეხადა 464 000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების წლიური 0,25%, ხოლო ამავე ხელშეკრულების ,,ი" პუნქტის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტი კისრულობდა ვალდებულებას თანადაფინანსების თანხა (36 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში) დაებრუნებინა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 1996 წელს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მოთხოვნის წარმოშობის დრო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაიწყო 1997 წლიდან, სარჩელი კი მხოლოდ 05.09.03წ., ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ აღძრა სასამართლოში. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულ პირს _ ქუთაისის მუნიციპალიტეტს _ არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ვალდებულება და უფლებამოსილი პირის წინაშე არც ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად არ უღიარებია მოთხოვნის არსებობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 2002 წლამდე არ მიუმართავს სახელმწიფო ორგანოსათვის, რაც ხანდაზმულობის ვადის დინებას შეაჩერებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, კასატორის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა ქ. ქუთაისის მთავრობას ვალდებულებების შესრულების თხოვნით, რაც სკ-ის 138-ე და 141-ე მუხლების შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის და მისი თავიდან დაწყების საფუძველს ქმნიდა. კასატორის აზრით, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, დასკვნები და მოსაზრებები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას, უსაფუძვლო იყო, დაუსაბუთებელი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას საჭიროებდა. კასატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან არ არსებობდა სკ-ის 138-ე მუხლის გამოყენების ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ხანდაზმულობის ვადის გასვლის საკითხს, მოცემული საქმის კანონიერად გადაწყვეტა მნიშვნელოვანი გახდება როგორც სამართლის განვითარებისათვის, ისე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 28.09.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. 11.10.06წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო პალატის 28.09.06წ. განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა. საკასაციო პალატის 11.01.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე პალატის 28.09.06წ. განჩინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებული იქნა წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაზე თანდართული შპს ,,საქართველოს ფოსტის" ¹...... რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა ფოსტისთვის 25.08.06წ. საკასაციო საჩივრის ჩაბარების ფაქტი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.06.06წ. განჩინება კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 28.07.06წ. ჰქონდა გადაცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კასატორს არ ჰქონდა დარღვეული საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.
23.01.07წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მოთხოვნებს და დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ფინანსური ვალდებულება და უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის გაცემით ან სხვაგვარად არ უღიარებია მოთხოვნის არსებობა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2002 წლამდე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით არ მიუმართავს წერილობით ქუთაისის მუნიციპალიტეტისადმი, სამინისტრო დავალიანების დაფარვის შესახებ მუნიციპალიტეტს მიმართავდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ(12.06.02წ. ¹12/0923_1037/3103; 30.07.02წ. ¹12/0923_1438/4490; 02.10.02წ. ¹12/0923_1973/5964). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კრედიტორის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ მოვალისადმი (ასევე ადმინისტრაციული ორაგნოსადმი) დავალიანების გადახდევინების შესახებ მიმართვა არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის და მისი თავიდან ათვლის საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირი მიმართავს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც გააჩნია სადავო საკითხის გადაწყვეტის იურისდიქცია. ასეთად ვერ ჩაითვლება კრედიტორის მიმართვა მოვალისადმი დავალიანების დაბრუნების შესახებ. ამდენად, არ არსებობს სკ-ის 138-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.