Facebook Twitter

ბ-1721-19(ა-07) 8 ოქტომბერი, 2007წ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ეს დაევალა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული განცხადების წარმოდგენა, სადაც კონკრეტულად იქნებოდა ჩამოყალიბებული განმცხადებლის მოთხოვნა და საქმის წარმოების განახლების შესაბამისი საფუძვლები, მასვე დაევალა ხელმოწერილი განცხადების წარმოდგენა.

2007 წლის 28 სექტემბერს ნ. გ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ განიხილა ნ. გ-ის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ უზრუნველყო დანიშნული ხარვეზის სრულად შევსება და განცხადება განუხილველად დატოვებას ექვემდებარება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ეს განცხადების ხარვეზად განისაზღვრა: განცხადების მოთხოვნის გაურკვევლობა, რამდენადაც გაურკვეველი იყო, თუ კონკრეტულად რას ითხოვდა განმცხადებელი _ საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ ბათილად ცნობის საფუძვლით; განცხადების დაუსაბუთებულობა, რამდენადაც განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ კონკრეტულ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო საქმეზე წარმოების განახლება; განცხადების ხელმოუწერლობა მისი შემომტანის პირის მიერ.

2007 წლის 28 სექტემბერს ნ. გ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს. აღნიშნულ განცხადებაში ნ. გ-ემ სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი გამოასწორა მხოლოდ ნაწილობრივ: აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს მისი შემომტანი პირი და დაზუსტებულია განმცხადებლის მოთხოვნა, რომ იგი ითხოვს საქმეზე წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. რაც შეეხება ხარვეზს საქმეზე წარმოების განახლების კონკრეტული საფუძვლების მითითების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში ნ. გ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 28 სექტემბერს ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი განცხადებით ხარვეზი არ არის შევსებული, განცხადება ამჯერადაც არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნას, არ შეიცავს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა კონკრეტულ საფუძვლებზე. იგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საქმის გარემოებების კონსტატაციით, ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსის გადმოცემით ან ზოგადი მითითებებით გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობის და საქმეზე წარმოების განახლების აუცილებლობის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ხარვეზზე დატოვებული, ისე ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქმეზე წარმოების განახლება და რაც საკასაციო სასამართლოს არსებითი მსჯელობის საგანი უნდა იყოს განცხადების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა ნ. გ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ უზრუნველყო აღნიშნული განჩინებით მითითებული ხარვეზის სრულად გამოსწორება, რის გამოც ნ. გ-ის განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.