¹ბ-1900-28(ა-06) 3 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა კერძო საჩივრის შემოტანის 12-დღიანი ვადა.
2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 20 ივნისს, რაც დასტურდებოდა შპს “.....” მიერ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ 2006 წლის 20 ივნისის ¹113 რეესტრის ამონაწერით, რომელსაც ხელს აწერდა პირი და ამოწმებდა სათანადო ბეჭდით.
საქმეში არსებული კონვერტით, რომელითაც ირკვეოდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 21 ივნისს, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე თანდართული რეესტრის ამონაწერიდან დასტურდებოდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ფოსტას კერძო საჩივარი ჩააბარა 2006 წლის 20 ივნისს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის უცნობი იყო მიზეზი, თუ რატომ იყო საფოსტო კონვერტზე მითითებული 21 ივნისი, რაც გაიზიარა საკასაციო სასამართლომ, რამდენადაც განმცხადებელს კერძო საჩივარი ფოსტისათვის ჩაბარებული ჰქონდა 20 ივნისს.
განმცხადებლის მითითებით, იმის გამო, რომ სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, სამინისტროს არ მიეცა საშუალება წარედგინა აღნიშნული დოკუმენტი. განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას ცნობილი რომ ყოფილიყო საკასაციო სასამართლოსთვის ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ, იგი საკასაციო საჩივარს განუხილველად არ დატოვებდა. განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2006 წლის 28 დეკემბერს შემოვიდა წერილზე პასუხი, საიდანაც დგინდება, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი შეკვეთილი წერილი ¹1982 ფოსტას ჩაბარდა 2006 წლის 20 ივნისს საღამოს 17 საათსა და 35 წუთზე. აღნიშნული წერილი გაფორმდა და გაიგზავნა 21 ივნისს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ დაურღვევია ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გამოტანისას საქმეში არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კერძო საჩივრის ფოსტის მეშვეობით წარმოდგენის დოკუმენტი, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის საკითხის გამოსარკვევად ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შპს “.....” გამოთხოვილი პასუხით ირკვევა, რომ მის მიერ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹113 რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს “.....” საკასაციო საჩივარი ჩააბარა 2006 წლის 20 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადა, რამდენადაც მან აღნიშნულ ვადაში ჩააბარა კერძო საჩივარი შპს “.....” და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ასეთ შემთხვევაში საპროცესო მოქმედება მიიჩნეოდა ვადაში შესრულებულად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.