Facebook Twitter

ბ-190-09(ა-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. გ.-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 6 ივნისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. გ.-მ, მოპასუხეების: სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსის - უ. ბ.-ის, განათლების განყოფილების გამგის - ნ. ი.-ის, ...-ის საშუალო სკოლის დირექტორის - მ. ი.-ის მიმართ და მოითხოვა სამცხე-ჯავახეთის მხარის სასკოლო ოლქის სამმართველოს 2001 წლის 1 ოქტომბრის ¹40 ბრძანების, ...-ის საშუალო სკოლის დირექტორის 2002 წლის 22 მარტის ¹23 ბრძანების გაუქმება, სკოლის დირექტორად და მასწავლებლად აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად დამატებით მოითხოვა საქართველოს განათლების სამინისტროს 2001 წლის 24 დეკემბრის ¹134 ბრძანების და ახალციხის განათლების განყოფილების 2001 წლის 30 დეკემბრის ¹124 ბრძანების გაუქმება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ივლისის განჩინებით საქმეზე მოპასუხედ ჩაება საქართველოს განათლების სამინისტრო, ამასთან, სასარჩელო განცხადება ნაწილობრივ შეიცვალა და მოპასუხეებად ჩაებნენ სამცხე-ჯავახეთის სასკოლო ოლქის სამმართველო და ახალციხის რაიონის განათლების განყოფილება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ.-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 8 მაისის განჩინებით ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 თებერვლის განჩინება.

2004 წლის 10 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. გ.-მ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 8 მაისის განჩინების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 24 ივნისის განჩინებით ნ. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა უფლებამოსილ ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით ნ. გ.-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, განმცხადებელს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებით, 2001 წლის ოქტომბერში ...-ის საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებისა და დათხოვნის ფაქტზე დავის ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების, ამავე გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის დასაშვებობაზე; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა მხედველობაში მიღებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 8 მაისის განჩინება ნ. გ.-ის სოფელ ...-ის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობიდან დათხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება.

ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განჩინება.

ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდგომ ნ. გ.-მ ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ნ. გ.-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

2008 წლის 25 თებერვალს ნ. გ.-მ კვლავ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

ამავე კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს უფლება არა აქვთ, განაცხადონ იგივე მოთხოვნები იმავე საფუძვლით.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ნ. გ.-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთხელ მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაზედაც მას ჯერ საქართველოს უზენესი სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრისა და შემდეგ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებებით ეთქვა უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. გ.-ის განცხადებას უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ.-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.