¹ბ-2005-20(ა-07) 27 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) P_ ვ. ხ.-ე
მოპასუხე სარჩელზე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 ივლისს ვ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჭიათურის რაიონის სოფელ ...-ში დაინგრა მოსარჩელის აწ გარდაცვლილი დედის _ ნ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი, რომლის მემკვიდრეც ვ. ხ.-ე იყო. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის მიერ შეტანილ იქნა ახლად ასაშენებელი სახლების სიაში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის თანხის გამოყოფა. 1991 წლის ბოლოს კი მოსარჩელემ ნასესხები ფულით თვითონ უზრუნველყო საცხოვრებელი სახლის აშენება იმ იმედით, რომ საქართველოს მთავრობა შემდგომში აუნაზღაურებდა მას მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს. მოგვიანებით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მიწისძვრის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ეკისრებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ამ შემთხვევაში _ ჭიათურის რაიონის გამგეობას, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამგეობა არ ახდენდა მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ვ. ხ.-თვის ანაზღაურებას. აღნიშნულის თაობაზე, მოსარჩელემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის რეგიონში, რომელმაც გაიზიარა რა მოსარჩელის ოჯახის გასაჭირი, იშუამდგომლა სს “...-ის” გაკოტრების მმართველთან, რათა მას მოსარჩელისათვის აღმოეჩინა დახმარება, თუმცა სს “...-ის” გაკოტრების მმართველმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ მისთვის მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ჭიათურის რაიონის გამგეობას ეკისრებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის _ 49655 საბჭოთა მანეთის შესაბამისი თანხის (1991 წლის აპრილის კურსით) კონვერტირებადი ვალუტით (აშშ დოლარი) ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ ზემოხსენებული სასარჩელო მოთხოვნა დააყენა დაზუსტებულ სარჩელშიც, რომლითაც დამატებით მოითხოვა მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის _ 49655 საბჭოთა მანეთის ექსპერტთა მონაწილეობით დაანგარიშება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ჭიათურის რაიონის სოფელ ...-ში მცხოვრები ნ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი, რომლის მემკვიდრეც ვ. ხ.-ე იყო. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო კომისიამ ახლად ასაშენებელი სახლების სიაში შეიტანა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ჭიათურის რაიონის გამგებლის მიერ იმერეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ ჭიათურის რაიონის წირქვალის თემის საკრებულოს სოფელ ...-ში მცხოვრები ნ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა და მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო კომისიამ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი შეიტანა ახლად ასაშენებელი სახლების სიაში. იმავე წელს შესაბამისმა სამშენებლო კომპლექსმა დაიწყო ხსენებული სახლის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ შემდეგ წლებში, თანხების სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა მისი დამთავრება. დაფინანსების შემთხვევაში კი, შესაბამისი კომისიის მიერ პერსონალურად იქნებოდა განხილული ნ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხი და მიღებული იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ საქმეში არსებული ჭიათურის რაიონის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 23 დეკემბრის ¹525 ცნობით დასტურდებოდა, რომ წირქვალის თემის საკრებულოში მცხოვრები ნ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი დაინგრა 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. აღნიშნული სახლის მშენებლობა დაიწყეს იმავე წელს და მშენებლობაზე დაიხარჯა 49000 მანეთი, რაც სახლის მთლიანად დამთავრებისათვის არ იყო საკმარისი, რის გამოც სახლის მშენებლობა არ დამთავრებულა. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეული იყო სტიქიური მოვლენის _ მიწისძვრის შედეგად.
რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, როგორც ჭიათურის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა განმარტა, მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ვ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი, იმავე რაიონის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ ადგილზე მისვლით შეისწავლა აღნიშნული საკითხი და აღმოაჩინა, რომ სახლი სრულად იყო აღდგენილი ვ. ხ.-ის სახსრებით, რასაც არც მოსარჩელე უარყოფდა. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობა ხელმძღვანელობდა “საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის ¹264 განკარგულებით, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში 1991 წლის მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 282 ოჯახი, მათ შორის, საჩხერის რაიონში _ 221, ხოლო ჭიათურის რაიონში _ 61 ოჯახი, რომლებიც ცხოვრობდნენ რკინიგზის ვაგონებში. ამ ოჯახების საბინაო პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა თითოეული ოჯახისათვის გაეცა 5000 ლარი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს მიუღებელი თანხა აუცილებლად მიეცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შესაბამის თანხას ჩაურიცხავდა, თუმცა ჯერ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ზემოაღნიშნულ განკარგულებაში მითითებული, რკინიგზის ვაგონებში მცხოვრები ოჯახები.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა და მხარეებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს ჭიათურის რაიონის გამგეობამ შესთავაზა თანხის ნაწილის _ ჯერ 1200 ლარის, შემდეგ კი _ 500 ლარის გადახდა, მაგრამ მოსარჩელემ აღნიშნული თანხის მიღებაზე უარი განაცხადა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობოდა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძვლებიდან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი წარმოადგენდა სტიქიის შედეგს, რომლის ანაზღაურების მოთხოვნა ჭიათურის რაიონის გამგეობისგან უკანონო იყო, რადგან აღნიშნული ზიანი იყო სტიქიური უბედურების და არა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედების შედეგი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეეძლო მოეთხოვა ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებდა მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა სახელმწიფომ და ჭიათურის რაიონის გამგეობისთვის ზიანის ანაზღაურების უპირობოდ დაკისრება უკანონო იყო.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელწერილები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ვ. ხ.-მ მიწისძვრით დაზიანებული სახლის ასაშენებლად სხვადასხვა დროს ისესხა გარკვეული თანხა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები არ იყო სანოტარო წესით დამოწმებული. ამასთან, ხსენებული ხელწერილების ნამდვილობის შემთხვევაშიც კი, არ შეიძლებოდა მითითებული თანხის მოპასუხისთვის დაკისრება, რადგან მოპასუხეს ბრალი არ მიუძღოდა ზიანის მიყენებაში.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვ. ხ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 12 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჭიათურის რაიონის გამგეობას ვ. ხ.-ის სასარგებლოდ 13896 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და ხსენებული გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად მითითებულ იქნა 2006 წლის 13 აპრილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება ჭიათურის რაიონის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ჭიათურის რაიონის სოფელ ...-ში მცხოვრები ნ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი, რომლის მემკვიდრესა და იმჟამინდელ მეპატრონეს ვ. ხ.-ე წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ ვ. ხ.-ის სახლი შეტანილ იქნა ახლად ასაშენებელი სახლების სიაში.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მიწისძვრით დანგრეული სახლის ასაშენებლად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იყო 49655 მანეთი, რომელიც მიიტაცეს დაუდგენელმა პირებმა და სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითებით (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას), სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლომ სადავოდ არ გახადა ის გარემოება, რომ ვ. ხ.-ე წარმოადგენდა მიწისძვრით დაზარალებულ პირს, რომლის მიმართაც სახელმწიფომ იკისრა გარკვეული მატერიალური ვალდებულებები, მაგრამ იმავდროულად დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვალდებულების ოდენობის დადგენის ნაწილში და დაასკვნა, რომ მითითებულ ნაწილში საქმე საჭიროებდა დამატებით შესწავლას.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა 49655 ლარის მიტაცების ნაწილში და მიიჩნია, რომ შესაბამისი დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას და მარტოოდენ მითითებული დადგენილების არსებობა სასამართლოს არ აძლევდა შესაბამისი დასკვნის გაკეთების საფუძველს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის შემადგენლობისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის ფაქტს, რასაც ადგილი არ ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში და რაც სასამართლოს ართმევდა მითითებული მტკიცებულების უპირობოდ გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილებით ნ. ხ.-თვის 49655 რუსული მანეთის გამოყოფის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილება მოიცავდა 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის, მოსახლეობის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველი რიგის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების აღდგენის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და განსაზღვრავდა კონკრეტული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობას. მითითებული დადგენილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი დახმარების აღმოჩენა უნდა მომხდარიყო შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახებს, რომელთაც დაენგრათ საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები, გაუნადგურდათ ავეჯი და სხვა ქონება _ ერთ ოჯახზე 4000 მანეთი და ოჯახის ყველა წევრზე დამატებით _ 500 მანეთი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული დადგენილება განსაზღვრავდა მხოლოდ გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობას. თუ სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ დადგენილებას მიიჩნევდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, იგი ვალდებული იყო, მითითებულ დადგენილებაზე დაყრდნობით, დაესაბუთებინა დაკისრებული თანხის ოდენობა.
საკასაციო სასამართლომ არსებითად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დაედგინა და გამოეკვლია, რა ნაწილში და რა ოდენობით აღიარა სახელმწიფომ შესაბამისი ვალდებულება და აღიარებული იყო თუ არა ვალდებულება 49655 მანეთის ოდენობით. საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია ,,საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის ¹264 დადგენილებას და აღნიშნა, რომ, თუ სააპელაციო სასამართლო დაასკვნიდა, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა საკომპენსაციო თანხის კონკრეტული ოდენობის აღიარება, საჭირო იყო სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა ზემოაღნიშნული დადგენილების ვ. ხ.-თან მიმართებაში გამოყენების შესაძლებლობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ვ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ. ხ.-ის სასარგებლოდ 6134 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ხ.-ე იყო მიწისძვრით დაზარალებული. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-14 პუნქტის თანახმად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახებისათვის, რომელთაც დაენგრათ საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები, გაუნადგურდათ ავეჯი და სხვა ქონება _ ერთ ოჯახზე 4000 მანეთი და ოჯახის თითოეულ წევრზე დამატებით _ 500 მანეთი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ხ.-ის ოჯახი შედგებოდა ხუთი წევრისაგან. საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 20 სექტემბრის ¹2175/28-04 მიმართვით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილი იყო საბჭოთა მანეთის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1991 წლის მდგომარეობით. აღნიშნული მიმართვის დანართით კი დასტურდებოდა, რომ 1991 წლის მაისის მონაცემებით, 100 აშშ დოლარის კონვერტირებადი კურსი შეადგენდა 178 რუსულ მანეთს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმდროინდელი 100 აშშ დოლარი უდრიდა 168 ლარს. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-14 პუნქტიდან გამომდინარე, ვ. ხ.-ს უნდა ანაზღაურებოდა 6134 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას უნდა ანაზღაურებოდა 49655 მანეთი შესაბამისი კურსით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიწისძვრით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-14 პუნქტით, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ამავე გამგეობისათვის დაკისრებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-13 პუნქტის თანახმად, მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობაზე ანგარიშსწორების ვალდებულება თავის თავზე აიღო საქართველოს მთავრობამ და უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე წარედგინა მიწისძვრით დაზიანებული შენობების რემონტისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის შესახებ წინადადება რესპუბლიკის სამინისტროებიდან და უწყებებიდან, რაიონის პრეფექტურებიდან მიღებული გაანგარიშებების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
2007 წლის 23 ოქტომბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განცხადებას თან ერთოდა შპს “...-ს ფოსტის” ფილიალის “...-ის ფოსტის” 2007 წლის 10 სექტემბრის ცნობა და საფოსტო ქვითრის ასლი, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვადაში ჩააბარა საკასაციო საჩივრის შემცველი გზავნილი შესაბამის ფოსტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდა წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 28 თებერვალს, 14.00 საათზე.
2008 წლის 8 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 27 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განჩინების) მიღებამდე შეჩერდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ვ. ხ.-ე არის 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, რომლის სახლიც მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა და დაინგრა, ხოლო ვ. ხ.-ის დედას _ ნ. ხ.-ს ჭიათურის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) აცნობა, რომ აღნიშნული სახლის აღდგენის დამთავრება არ მოხერხდა თანხის სიმცირის გამო და დაფინანსების შემთხვევაში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო კომისიაში პერსონალურად იქნებოდა განხილული ნ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლის საკითხი და მიღებული იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება (ს.ფ. 49, 63).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის და კასაციის მიზეზად მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-13 პუნქტის თანახმად, მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობაზე ანგარიშსწორების ვალდებულება თავის თავზე აიღო საქართველოს მთავრობამ და უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე წარედგინა მიწისძვრით დაზიანებული შენობების რემონტისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის შესახებ წინადადება რესპუბლიკის სამინისტროებიდან და უწყებებიდან, რაიონის პრეფექტურებიდან მიღებული გაანგარიშებების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის ვ. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და ჭიათურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) წარმომადგენელმა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზეც განმარტა, რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ვ. ხ.-ის საცხოვრებელი სახლი, იმავე რაიონის გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ ადგილზე მისვლით შეისწავლა აღნიშნული საკითხი და აღმოაჩინა, რომ სახლი სრულად იყო აღდგენილი ვ. ხ.-ის სახსრებით, რასაც არც მოსარჩელე უარყოფდა. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობა (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) ხელმძღვანელობდა “საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის ¹264 განკარგულებით, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში 1991 წლის მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 282 ოჯახი, მათ შორის, საჩხერის რაიონში _ 221, ხოლო ჭიათურის რაიონში _ 61 ოჯახი, რომლებიც ცხოვრობდნენ რკინიგზის ვაგონებში, ხოლო ოჯახების საბინაო პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა თითოეული ოჯახისათვის გაეცა 5000 ლარი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს კი მიუღებელი თანხა აუცილებლად მიეცემოდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შესაბამის თანხას ჩაურიცხავდა, თუმცა ჯერ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ზემოაღნიშნულ განკარგულებაში მითითებული, რკინიგზის ვაგონებში მცხოვრები ოჯახები (ს.ფ. 66).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაავალა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისთვის მიწისძვრით დაზიანებული შენობების რემონტისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ამ შემთხვევაში მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების უკანონობის თაობაზე და კასატორის ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ჭიათურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 27 ოქტომბრის ¹924 წერილზე ვ. ხ.-სადმი, რომლითაც დასტურდება ამავე გამგეობისათვის ტრანსფერით შესაბამისი თანხის გამოყოფის ფაქტი, კერძოდ, ამ წერილში მითითებულია, რომ 1998 წელს გამოიყო ტრანსფერი მიწისძვრით დაზარალებულთათვის, რომელიც იმ დროს მიმართული იყო პედაგოგთა ხელფასების დასაფარავად და შემდგომ იგი უნდა აღედგინა ადგილობრივ ბიუჯეტს, ხოლო იმ დროისათვის ხსენებული თანხა აღდგენილი და გადარიცხული იყო მიზნობრივად (ს.ფ. 95).
გარდა ამისა, “საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონების პრეფექტურებს დაუყოვნებლივ უნდა შეედგინათ მოსახლეობისათვის სასიცოცხლო, აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის პირველი რიგის სამუშაოთა ნუსხა და მათ ხელთ არსებული ფულადი და მატერიალური რესურსების ფარგლებში შესდგომოდნენ აღდგენით სამუშაოებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ შესაბამისი რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს დაევალათ 1991 წლის 29 აპრილს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა “საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილება და სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული დადგენილების მე-14 პუნქტის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე ვ. ხ.-ის სასარგებლოდ 6134 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.