Facebook Twitter

¹ბ-2060-22(ა-08) 6 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის ¹ბს-591-565(გ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ლ. ს-ის განცხადების დასაშვებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის ¹ბს-591-565(გ-08) განჩინებით ლ. ს-ის სასარჩელო განცხადება ა. ზ-ს-ასულ ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ა-ის (ქორწინებამდე ფ-ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2008 წლის 29 სექტემბერს ლ. ს-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის ¹ბს-591-565(გ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის ¹ბს-591-565(გ-08) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე დააყენა შუამდგომლობა მის მიერ წარმოდგენილი განცხადების საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაიშვება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე), ანუ დამთავრებულ საქმეზე, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ მიღებულ განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია, რადგან განსჯადობის თაობაზე მიღებული განჩინებით განიხილება და წყდება არა მხარეთა, არამედ სასამართლოთა შორის დავა, განისაზღვრება საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო და ამდენად, არ მთავრდება საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის ¹ბს-591-565(გ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ლ. ს-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს ლ. ს-ის შუამდგომლობა მის მიერ წარმოდგენილი განცხადების საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის ¹ბს-591-565(გ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ლ. ს-ის განცხადება განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის მოტივით;

2. ლ. ს-ის შუამდგომლობა მის მიერ წარმოდგენილი განცხადების საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.