Facebook Twitter

¹ბ-2083-33(ა-06) 30 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ ა. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება.

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის სარჩელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შრომის ანაზღაურების არასწორი დაბეგვრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ (ს.ფ. 494-502).

2006 წლის 24 ნოემბერს ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმეზე წარმოების განახლება.

გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ საქმის შედეგით. ამასთან დაკავშირებით განმცხადებელი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების მიღების შემდეგ.

გარდა ამისა, განმცხადებლის მითითებით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი, რადგან მისი შემდგენი ი. გ-ი სასამართლოსათვის დასკვნის მიცემის დროს (2003-2004 წლებში) თანამშრომლობდა მოწინააღმდეგე მხარის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში არსებულ “უნივერსიტეტის გამომცემლობაში”. უფრო ადრე იგი მუშაობდა უნივერსიტეტის გამომცემლობის ბუღალტერიაში, რის გამოც ლოგიკურია მის მიერ შედგენილი დასკვნის სიყალბე. აღნიშნული დასტურდება ასევე საქმეში არსებული მასალებით.

განმცხადებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლომ თითქმის დასრულებული სხდომის შემდეგ საქმე გადადო და მოიწვია მოპასუხის წარმომადგენლობის უფლებამოსილების არმქონე პირი, ე. ა-ა უკვე ახალი რწმუნებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ა. ბ-ის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს თავის განცხადებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია გადაწყვეტილების მიღებაში იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნას განმცხადებელი მთლიანად აფუძნებს კოლეგიური სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის საქმისადმი დაინტერესებაზე, თუმცა იმავდროულად იგი ვერ მიუთითებს მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესების დამადასტურებელ რაიმე რეალურ გარემოებაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის აცილების საფუძველი იქნებოდა.

გარდა ამისა, განმცხადებელი მიუთითებს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის სიყალბეზე, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი მითითებული საფუძვლით ითვალისწინებს საქმეზე წარმოების განახლებას არა ბათილობის, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც განმცხადებელს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმეზე წარმოების განახლების საფუძველების არსებობას, რის გამოც განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელს უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. ა. ბ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.