Facebook Twitter

¹ბ-2097-34(ა-06) 25 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მოხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განიხილა ო. ფ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმეზე წარმოების განახლების თაობაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ მან საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ უზრუნველყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე შემოტანილ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება (ს.ფ. 117-119).

2006 წლის 27 ნოემბერს ო. ფ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა. განმცხადებლის განმარტებით, მას საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 20 სექტემბერს მესამე პირისაგან და არა პირადად ფოსტისაგან, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დანიშნული 10-დღიანი ვადა ამოეწურა 30 სექტემბერს, რომელიც იყო არასამუშაო დღე _ შაბათი. ამის გამო დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა მომდევნო სამუშაო დღეს _ 2006 წლის 2 ოქტომბერს, აქედან გამომდინარე კი მას საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა არ გაუშვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ო. ფ-ის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ო. ფ-ეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, სათანადო ასლების დართვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინება ო. ფ-ეს ჩაბარდა 2006 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2006 წლის 29 სექტემბრისა, ხოლო მას ამ ვადაში არ შეუვსია საკასაციო საჩივრის ხარვეზი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდა 2006 წლის 20 სექტემბერს, საიდანაც ხარვეზის შევსების ვადა გაშვებული არ აქვს. განმცხადებელს აღნიშნული მსჯელობის დამადასტურებლად არა აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება. შესაბამისად, იგი ვერ ადასტურებს ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულების არსებობას, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი განჩინების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განმცხადებელი, ფაქტობრივად, ითხოვს საქმეზე წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძვლით, რაც ახლად არმოჩენილ გარემოებათა და არა გადაწყვეტილების ბათილობის გამო წარმოების განახლების საფუძველია, თუმცა აღნიშნული განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ბათილობის, ისე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლების არსებითად არსებობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ფ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელ ო. ფ-ეს უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ფ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. ო. ფ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.