Facebook Twitter

ბ-2142-24(ა-07) 10 დეკემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. გ.-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდგომ ნ. გ.-მ ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ნ. გ.-მ არ შეავსო აღნიშნულ განცხადებაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი.

2007 წლის 29 ოქტომბერს ნ. გ.-მ კვლავ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ნ. გ.-ს დაევალა განცხადების ხარვეზის შევსება იმ მოტივით, რომ განცხადებაში ცალსახად არ იყო მითითებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თუ რომელ გადაწყვეტილებას (განჩინებას) ასაჩივრებდა განმცხადებელი, იგი ასევე არ შეიცავდა მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1 ან 423.1 მუხლებით გათვალისწინებულ კონკრეტულ საფუძვლებზე, მითითებას იმის თაობაზე, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. განმცხადებელს ასევე დაევალა ხელმოწერილი განცხადების დედნის წარმოდგენა.

2007 წლის 3 დეკემბერს ნ. გ.-მ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს.

აღნიშნული განცხადებით ნ. გ.-ე საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

განმცხადებელი თავის დროზე ითხოვდა როგორც მასწავლებლობიდან, ასევე დირექტორობიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, რასაც ადასტურებს საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 28 ივნისის ¹გ-1716/66-61 წერილი განათლების სამინისტროსადმი. შესაბამისად, ორივე ამ მოთხოვნაზე უნდა განახლებულიყო წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

განათლების სამინისტროს ¹139/კ ბრძანება, რომლითაც ნ. გ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ყალბია, რაც იმით დასტურდება, რომ ბრძანება პირადი განცხადების საფუძველზე დაიწერა 24 დეკემბერს, მაგრამ განმცხადებელი გათავისუფლებულად ჩაითვალა 5 ნოემბრიდან. ამასთან, სამინისტროს ბრძანება ეყრდნობოდა ყალბ საფუძვლებს, მასზე ხელს არ აწერდა გამომცემი პირი. კანონის დარღვევით გამოცემულ ბრძანებას იურიდიული ძალა არ გააჩნია, რისი შეფასებაც უნდა მომხდარიყო საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში.

ყველა სასამართლოს განჩინებაში, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინებაში ფიგურირებს განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება ¹134, რომელიც ყალბია.

ახლად აღმოჩენილი დოკუმენტის, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 28 ივნისის ¹გ-1716/66-61 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ნ. გ.-ე თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო შრომის კანონთა კოდექსის მე-40 მუხლის მოთხოვნის უხეში დარღვევით, რასაც მოგვიანებით მოჰყვა მისი მასწავლებლობიდან დათხოვნაც, რომელიც ასევე მიბმულია დირექტორობიდან გათავისუფლების პროცესს. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განჩინებაში.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, მან დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, არ იმსჯელა გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევაზე, რა შემთხვევაშიც საქმეზე მისთვის სასურველი გადაწყვეტილება დადგებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა ნ. გ.-ის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ უზრუნველყო დანიშნული ხარვეზის სრულად შევსება და განცხადება განუხილველად დატოვებას ექვემდებარება შემდეგ გარემოებათა გამო:

ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში ნ. გ.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დანიშნული ხარვეზი გამოსწორებული აქვს მხოლოდ ნაწილობრივ: განცხადება შეიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ზუსტ დასახელებას, კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ ასაჩივრებს მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინებას; განცხადება წარმოდგენილია დედნის სახით და მას ხელს აწერს შემომტანი პირი; დაზუსტებულია განმცხადებლის მოთხოვნა, რომ იგი ითხოვს საქმეზე წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. რაც შეეხება ხარვეზს საქმეზე წარმოების განახლების კონკრეტული საფუძვლების მითითების შესახებ, აღნიშნულ ნაწილში ნ. გ.-ის მიერ ხარვეზი არ არის შევსებული, განცხადება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების პირობებს.

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი ძირითადად უთითებს გარემოებებზე, რომლებიც გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ანუ განმცხადებელი ახალ გარემოებებს უკავშირებს საქმის მასალების შესწავლას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ.-სათვის ზემოაღნიშნული მოტივით საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა ცნობილი იყო საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის «ე»-»ვ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 28 ივნისის ¹გ-1716/66-61 წერილზე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დასახელებული დოკუმენტის თაობაზე უკვე იმსჯელა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თავის 2005 წლის 15 ივლისის განჩინებაში. შესაბამისად, მითითებული წერილი ვერ ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებად.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს განათლების სამინისტროს ¹134 და ¹139/კ ბრძანებების სიყალბეზე, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი მითითებული საფუძვლით ითვალისწინებს საქმეზე წარმოების განახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაზეც განმცხადებელი ვერ უთითებს და არც წარმოუდგენია. განმცხადებელი ასევე საუბრობს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, თუმცა ვერც აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა ნ. გ.-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ უზრუნველყო აღნიშნული განჩინებით დანიშნული ხარვეზის სრულად გამოსწორება, იგი ვერ ასაბუთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლების საფუძველების არსებობას, რის გამოც ნ. გ.-ის განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული განცხადება წარმოადგენს ნ. გ.-ის მიერ შემოტანილ უკვე მეორე განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მითითებული მეორე განცხადება წარმოდგენილია უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საჭიროებას უკავშირებს მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინების არამართლზომიერებას, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით განსაზღვრული კონკრეტული საფუძვლები მასში არ არის მითითებული. აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან, კი როგორც უკვე აღინიშნა, განცხადება შემოტანილია ერთ თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ. ამდენად, წარმოდგენილი განცხადება ასევე არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადების დასაშვებობის პირობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.