¹ბ-2224-25(ა-07) 27 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ღ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. გ. ც.-ა; 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 5 თებერვალს ნ. ღ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონის სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი გამომძიებლის _ გ. ც.-ს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის _ გ. ც.-ს მიერ, 1994 წლის 3 აგვისტოს გამოტანილი დადგენილება დანაშაულის ჩამდენი გ. ლ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, უკანონო იყო. მოსარჩელის მტკიცებით, დანაშაულის დაფარვამ და ხსენებულ საქმეში დაშვებულმა კანონის დარღვევამ მის ოჯახს მორალური ზიანი მიაყენა, რის გამოც მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, მორალური ზიანის _ 50000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოგვიანებით, მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ მისმა ოჯახმა გამომძიებელ გ. ც.-ს უკანონო ქმედებით განიცადა მორალური ზიანი, ვინაიდან გ. ლ.-ს ოჯახთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად თავისი ერთადერთი ვაჟი რუსეთში გაგზავნა, სადაც იგი დაიღუპა, მისმა მეუღლემ კი ამ ოჯახური ტრაგედიის შედეგად თავი მოიკლა. ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 30000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მაისის განჩინებით მოცემული საქმე განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ ფოთის საქალაქო სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის განჩინებით ამ საქმეში თანამოპასუხედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი ჩაება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ღ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 თებერვლის განჩინებით ნ. ღ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება ნ. ღ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა.Kკასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით ნ. ღ.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ. ღ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება ნ. ღ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნ. ღ.-ს საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვეოდა, რომ ნ. ღ.-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს, მან კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2006 წლის 1 დეკემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.
2007 წლის 22 იანვარს ნ. ღ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება მას ჩაჰბარდა არა 2006 წლის 26 ოქტომბერს, არამედ 2006 წლის 4 ნოემბერს და შესაბამისად, ერთთვიანი ვადის ათვლაც სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა დაწყებულიყო. ამასთან, ხსენებულ განცხადებას თან ერთვოდა შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის მიერ 2007 წლის 15 იანვარს გაცემული ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ნ. ღ.-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობოდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ასლი (შეკვეთილი წერილი ¹138) ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს, რასაც ადასტურებდა აღნიშნულ შეტყობინებაზე მისი ხელმოწერა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი ვერ აქარწყლებდა მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების საფოსტო გზავნილის (შეკვეთილი წერილი ¹138) 2006 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარების ზემოაღნიშნული შეტყობინებით დადგენილ ფაქტს. აღნიშნული ფაქტის გამაქარწყლებელ მტკიცებულებად საკასაციო სასამართლომ არ მიიჩნია იმავე განცხადებაზე დართული შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ცნობა და მიუთითა, რომ, მართალია, აღნიშნულ ცნობაში მითითებული იყო, რომ ¹138 შეკვეთილი წერილი ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს, მაგრამ ხსენებულ ცნობას თან არ ერთვოდა ამ გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულებები, რაც დასახელებული ცნობის გაცემის საფუძველი გახდა და გააქარწყლებდა საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაში მითითებული თარიღის _ 2006 წლის 26 ოქტომბრის სისწორეს, ახსნიდა აღნიშნულ თარიღსა და შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის ხსენებულ ცნობაში მითითებული თარიღის შეუსაბამობის მიზეზს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ცნობის ზემოაღნიშნული ნაკლის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსს არაერთხელ ეთხოვა, განემარტა ზემოაღნიშნული შეუსაბამობა, დაესაბუთებინა, თუ რატომ გამოირიცხებოდა ნ. ღ.-თვის შეკვეთილი წერილის 2006 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარება და ¹138 შეკვეთილი წერილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების სისწორე. ამასთან, შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსს ეთხოვა აღნიშნულის თაობაზე წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვების პასუხად შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსი შ. გ.-ი 2007 წლის 23 აპრილის, 30 ივლისისა და 30 აგვისტოს წერილებში კვლავ მიუთითებდა, რომ ¹138 შეკვეთილი წერილი ადრესატ ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს. აღნიშნულის დასადასტურებლად კი მან იმავე წერილებს დაურთო დაუმოწმებელი ქსეროასლები, რომლებიც, მისი მითითებით, წარმოადგენდა საფოსტო შეტყობინებების გაგზავნის რეესტრის ფურცლებს. ამასთან, შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსმა განმარტა, რომ ¹138 შეკვეთილი წერილი ...-ის ფოსტაში მიღებული იყო 2006 წლის 23 ოქტომბერს, აღნიშნული წერილი ნ. ღ.-ს ჩასაბარებლად გაეგზავნა “...-ში” მომუშავე ნ. გ.-ს ხელით. ხსენებული წერილი უკან იქნა მობრუნებული ნ. ღ.-ს სახლში არყოფნის გამო, იმავე წერილის მობრუნებამდე კი მიღება-შეტყობინების პასუხი გაგზავნილ იქნა, ნ. ღ.-ს კი წერილი პირადად ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის პასუხები და მათზე დართული ქსეროასლები ვერ აქარწყლებდნენ საქმეში არსებული ¹138 შეკვეთილი წერილის მიღების შესახებ შეტყობინების ნამდვილობას. აღნიშნულ შეტყობინებაში, რომელიც საქმეში წარმოდგენილი იყო დედანი დოკუმენტის სახით და წარმოადგენდა მკაცრ წარმოებას დაქვემდებარებულ ოფიციალურ დოკუმენტს, მითითებული იყო, რომ კორესპონდენცია ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს, რომელზეც დაფიქსირებული იყო პირადად ნ. ღ.-ს ხელმოწერა, ხოლო შეტყობინებაზე დასმულ შტამპზე მითითებული იყო 2006 წლის 30 ოქტომბერი, როდესაც შეტყობინება გაიგზავნა ...-ის ფოსტიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამორიცხავდა ნ. ღ.-თვის შეტყობინების ჩაბარების თარიღად 2006 წლის 4 ნოემბრის მითითებას. ამასთან, ქსეროასლები, რომლებიც ...-ის ფოსტის უფროსის წერილებს ერთვოდა, საკასაციო სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნო მტკიცებულებად საქმეში არსებული შეტყობინებების გასაქარწყლებლად. ერთი და იმავე დოკუმენტის აღნიშნული ქსეროასლები ერთვოდა იმავე ფოსტის ...-ის უფროსის ორ წერილს და ამდენად, ისინი იდენტური უნდა ყოფილიყო, ხოლო ერთ წერილზე დართული ქსეროასლი განსხვავდებოდა მეორე წერილზე დართული იმავე ქსეროასლის ტექსტისაგან, ამასთან, აღნიშნულ ქსეროასლებში გადასწორებული იყო თარიღი. შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსი კი სარწმუნოდ ვერ ხსნიდა, თუ რატომ არსებობდა შეტყობინების ჩაბარების დასტური ნ. ღ.-ს ხელმოწერით, სადაც ჩაბარების თარიღად მითითებული იყო 2006 წლის 26 ოქტომბერი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ღ.-ა ვერ აქარწყლებდა საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დადგენილ გარემოებას მისთვის შესაბამისი საფოსტო გზავნილის 2006 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარების თაობაზე, რის გამოც არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძველი.
2007 წლის 7 ნოემბერს ნ. ღ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით კვლავ მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და ამავე პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა უსაფუძვლოდ მიიჩნია საკასაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილი ჩაჰბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს, რასაც მოწმობდა შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული გზავნილი ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს.
განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ შპს “...-ის” ...-ის ფილიალი თუ მიიღებდა კორესპონდენციას ამა თუ იმ პირზე ჩასაბარებლად, უნდა მომხდარიყო მისი შესაბამის ჟურნალში გატარება, რაც უნდა შემოწმებულიყო. განცხადების ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მას ხელი ჰქონდა მოწერილი მხოლოდ 2006 წლის 4 ნოემბერს ჩაბარებულ კორესპონდენციაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნ. ღ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹ბს-1038-989(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 31 იანვარს, 14.30 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის სხდომაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹ბს-1038-989(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ღ.-ს განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹ბს-1038-989(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ღ.-ს განცხადებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. იმავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ღ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹ბს-1038-989(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით პირველად 2007 წლის 22 იანვარს მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ხსენებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამასთან, განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება მას ჩაჰბარდა არა 2006 წლის 26 ოქტომბერს, არამედ 2006 წლის 4 ნოემბერს და შესაბამისად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლაც სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა დაწყებულიყო. განმცხადებელმა დასახელებულ განცხადებას თან დაურთო შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის მიერ 2007 წლის 15 იანვარს გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ნ. ღ.-ს ¹138 შეკვეთილი წერილი ქუთაისიდან ...-ის ფოსტის მიერ ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. ღ.-ს 2007 წლის 22 იანვრის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობოდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ასლი (შეკვეთილი წერილი ¹138) ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს, რასაც ადასტურებდა აღნიშნულ შეტყობინებაზე მისი ხელმოწერა. საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ განმცხადებელი ვერ აქარწყლებდა მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების საფოსტო გზავნილის (შეკვეთილი წერილი ¹138) 2006 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარების ზემოაღნიშნული შეტყობინებით დადგენილ ფაქტს, განცხადებაზე დართულ შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ცნობაში კი, მართალია, მითითებული იყო, რომ ¹138 შეკვეთილი წერილი ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 4 ნოემბერს, მაგრამ იმავე ცნობას თან არ ერთვოდა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაში მითითებული თარიღის _ 2006 წლის 26 ოქტომბრის სისწორესა და იმავე შეტყობინების ნამდვილობას, ახსნიდა აღნიშნულ თარიღსა და შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის ხსენებულ ცნობაში მითითებული თარიღის შეუსაბამობის მიზეზს.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ნ. ღ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ კიდევ ერთი განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითა იმავე საფუძველზე, რაზეც მითითებული ჰქონდა 2007 წლის 22 იანვრის განცხადებაში, კერძოდ, ¹138 შეკვეთილი წერილის მისთვის 2006 წლის 4 ნოემბერს ჩაბარების თაობაზე და 2007 წლის 7 ნოემბრის განცხადებასაც დაურთო აღნიშნული წერილის მითითებულ დროს მისთვის ჩაბარების შესახებ 2007 წლის 15 იანვრის ცნობა, გაცემული შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის მიერ. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია ნ. ღ.-ს 2007 წლის 7 ნოემბრის განცხადება და მისი განხილვა დანიშნა ზეპირი მოსმენით იმისათვის, რომ განმცხადებელს დამატებით წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი განცხადების საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის სხდომაზე ნ. ღ.-ს დაევალა ფოსტიდან დასაბუთებული დოკუმენტის წარმოდგენა მისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილის იმავე წლის 26 ოქტომბერს ჩაბარების დასტურის უსწორობის თაობაზე, რაც ნ. ღ.-ს არ გაუკეთებია და დამატებით არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ¹138 შეკვეთილი წერილის მისთვის 2006 წლის 26 ოქტომბერს ჩაუბარებლობისა და იმავე წლის 4 ნოემბერს ჩაბარების თაობაზე. იმავე სასამართლო სხდომაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგინდა ნ. ღ.-ს განცხადების განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელი საერთოდ ვერ ადასტურებს, რომ სწორედ 2006 წლის 4 ნოემბერს ჩაიბარა ¹138 შეკვეთილი წერილი და დაიცვა სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინება) საკასაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ხოლო იმ მტკიცებულებაზე, რომელზედაც მიუთითებს ნ. ღ.-ა 2007 წლის 7 ნოემბრის განცხადებაში, საკასაციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა საფუძვლიანად და დეტალურად ნ. ღ.-ს 2007 წლის 22 იანვრის განცხადების განხილვისას და 2007 წლის 14 სექტემბერს მიღებულ განჩინებაში დაასკვნა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შპს “...-ის” ...-ის ფილიალის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ცნობა ვერ აქარწყლებდა საქმეში არსებულ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებას, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობოდა, კერძოდ, ხსენებული შეტყობინების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ასლი (შეკვეთილი წერილი ¹138) ნ. ღ.-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 26 ოქტომბერს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹ბს-1038-989(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ღ.-ს განცხადება არის უსაფუძვლო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹ბს-1038-989(კ-06) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ღ.-ს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.