Facebook Twitter

¹

განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-231-5(ა-07) 24 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის წარმომადგენლის თ. კ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹..... რეგიონალური ბაზის, შ. ზ-ის და ნ. ჩ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 2-4/.

რაიონულ სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ მოპასუხედ ასევე მიუთითა მ. გ-ა და მოითხოვა ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 37-39/.

რაიონულ სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ასევე მოითხოვა მოპასუხეებს შ. ზ-ეს, ნ. ჩ-სა და მ. გ-ას შორის 2003 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 208-209/.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად /იხ.ს.ფ. 246-253/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ას წარმომადგენელმა მ. ჯ-ემ და ზ. ჩ-ისა და შ. ზ-ის რწმუნებულმა ტ. კ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 261-262; 263-264/.

სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნოტარიუსები _ ო. ჭ-ი, ა. შ-ი და შ. კ-ე /იხ.ს.ფ. 286/.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნა შპს “.....” /იხ.ს.ფ. 351/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის განჩინებით მ. გ-ას, შ. ზ-ის და ზ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 470-487/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ჩ-მა და შ. ზ-ემ, ასევე მ. გ-ამ, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 508-509; 510-511/.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ას რწმუნებულის მ. ჯ-ის, ასევე ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 516-517/.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-ას რწმუნებულის მ. ჯ-ის, ასევე ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად /იხ.ს.ფ. 588-592/

2007 წლის 2 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის წარმომადგენელმა თ. კ-ემ, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, შემდეგი მოტივით:

განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ არ ჩაჰბარდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რაც დასტურდება მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 2007 წლის 3 იანვარს გაცემული წერილით. ამასთან, მხარეებს არ ჩაბარებიათ დამატებითი საკასაციო საჩივარი და არ ყოფილა დანიშნული ვადა საკასაციო საჩივარზე პასუხის გასაცემად, რითაც დაირღვა სსსკ-ის 400-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, მ. გ-ას რწმუნებულმა მ. ჯ-ემ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინების მიღებამდე, მას ჩაჰბარდა მხოლოდ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის საკასაციო საჩივრებთან ერთად, ასევე შპს “....” წარმომადგენლის მოსაზრება საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით.

განმცხადებლის მითითებით, განცხადება ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დამთავრებამდე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი, ასევე მათ მიერ დაცულია სსსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ვადა, რამდენადაც ვადის დენა დაიწყო 2007 წლის 5 იანვარს, როცა ეკონომიკის სამინისტრომ გასცა წერილი /იხ.ს.ფ./.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის რწმუნებულის თ. კ-ის განცხადებას, საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას.

მოცემულ შემთხვევაში ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის რწმუნებული თ. კ-ე საქმის წარმოების განახლების მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ არ ჩაბარდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რაც დასტურდება მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 2007 წლის 3 იანვარს გაცემული წერილით. ამასთან, მხარეებს არ ჩაბარებიათ დამატებითი საკასაციო საჩივარი და არ ყოფილა დანიშნული ვადა საკასაციო საჩივარზე პასუხის გასაცემად, რითაც დაირღვა სსსკ-ის 400. მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, მ. გ-ას რწმუნებულმა მ. ჯ-ემ დაადასტურა ის გარემოება, რომ 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინების მიღებამდე, მას ჩაჰბარდა მხოლოდ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის საკასაციო საჩივრებთან ერთად, ასევე შპს “....” წარმომადგენლის მოსაზრება საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განცხადების მოტივს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ ჩაბარებია საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინების ასლი საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ, რამდენადაც, საქმის მასალებით, მათ შორის საკასაციო სასამართლოს მიერ “საქართველოს ფოსტიდან” გამოთხოვილი დოკუმენტებით, უტყუარად დასტურდება აღნიშნული განჩინების ასლის სამინისტროსთვის ჩაბარების ფაქტი, კერძოდ, ს.ფ 529-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შეტყობინების თანახმად, აღნიშნული შეკვეთილი წერილი (რომლითაც გაიგზავნა საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინების ასლი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ) ეკონომიკის სამინისტროში დარეგისტრირდა 2006 წლის 7 ივლისს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 2007 წლის 3 იანვარს გაცემული წერილი, იმ პირობებში როცა საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება საწინააღმდეგო გარემოებები, ვერ მიიჩნევა სამინისტროზე განჩინების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს განცხადების მოტივს, რომ მხარეებს არ ჩაბარებიათ დამატებითი საკასაციო საჩივარი და არ ყოფილა დანიშნული ვადა საკასაციო საჩივარზე პასუხის გასაცემად, შემდეგ გარემოებათა გამო:

572-574ზე წარმოდგენილი გზავნილების თანახმად, ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის წარმომადგენლის თ. კ-ის მოსაზრების ასლი 1 გვერდზე, ასევე დამატებითი საკასაციო საჩივრის ასლი “4” ფურცლად 2006 წლის 3 აგვისტოს გაეგზავნა მხარეებს, ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის თავდაპირველი საკასაციო საჩივრის ასლი მხარეებს გაეგზავნათ 2006 წლის 5 ივლისს, რა დროსაც მოქმედი სსსკ-ის 400-ე მუხლის თანახმად მხარეებისათვის საკასაციო საჩივარზე პასუხის გასაცემად საპროცესო ვადის დანიშვნა სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა, ნაცვლად კანონისმიერი ვალდებულებისა, მით უფრო, რომ დამატებით საკასაციო საჩივარზე პასუხის გასაცემად ვადის დანიშვნა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობით დამატებითი საკასაციო საჩივარი განიხილება, როგორც ძირითადი საკასაციო საჩივრის დამატებითი საფუძვლები, დამატებითი საკასაციო საჩივარი დამოუკიდებელ საპროცესო დოკუმენტს არ წარმოადგენს და იგი ძირითად საკასაციო საჩივართან ერთად განიხილება როგორც ერთი მთლიანი საპროცესო დოკუმენტი /მხარის საპროცესო უფლების რეალიზაციის საშუალება/, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დამატებითი საკასაციო საჩივრის დამოუკიდებლად წარმოებაში მიღებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფოსტიდან საკასაციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე გადმოგზავნილი მომართვების თანახმად, შეკვეთილი წერილი ¹572 გაგზავნილი 2006 წლის 4 აგვისტოს თბილისი, ..... ქ. ¹148 მ. ჯ-ის სახელზე, ადრესატს ჩაბარდა 2006 წლის 5 აგვისტოს, ხოლო შეკვეთილი წერილი ¹571 გაგზავნილი 2006 წლის 4 აგვისტოს თბილისი, ..... ქ. ¹7 მ. გ-ას სახელზე და მისთვის გადასაცემად ჩაიბარა ადრესატის ბიძამ _ ჯ. ა-ემ, 2006 წლის 7 აგვისტოს. შესაბამისად საქართველოს ფოსტიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დასტურდება, რომ დამატებითი საკასაციო საჩივარი და თ. კ-ის მოსაზრება მხარეებს ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით /იხ.ს.ფ. /.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებშიც კი თუ მ. გ-ას რწმუნებულს მ. ჯ-ეს არ ჩაბარდებოდა ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის წარმომადგენლის თ. კ-ის დამატებითი საკასაციო საჩივრის ასლი, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რამდენადაც სადავო სამართლურთიერთობაში მ. გ-ას წარმომადგენელი მ. ჯ-ე ისევე, როგორც ზ. ჩ-ი და შ. ზ-ე წარმოადგენდნენ კასატორებს, ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარისა, კერძოდ, მ. გ-ას წარმომადგენლის მ. ჯ-ის იურიდიულ ინტერესს, როგორც განმცხადებლისა წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, შესაბამისად მითითებული პირისათვის დამატებითი საკასაციო საჩივრის ჩაუბარებლობა, ასეთის შემთხვევაშიც კი ვერ გახდებოდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, როგორც კანონით გაუთვალისწინებელი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, განცხადება დაუსაბუთებელია და არ უზრუნველყოფს განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს, რამდენადაც განმცხადებლის მიერ არ არის მითითებული სსსკ-ის 423-ე მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის წარმომადგენლის თ. კ-ის განცხადებაში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას საქმის წარმოების განახლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის რწმუნებულის თ. კ-ის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად არ არის მითითებული ის მოტივები, რომელიც შესაძლებელია განცხადების დასაშვებობას დაედოს საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის რწმუნებულის თ. კ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ წინაპირობების დაუსაბუთებლობის გამო დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ზ. ჩ-ის და შ. ზ-ის რწმუნებულის თ. კ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.