Facebook Twitter

¹ბ-3202-36(ა-06) 31 მაისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია

განმცხადებელი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი ქ. რ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ბ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 17 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. ჯ-ემ მოპასუხე აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის ბრძანება და ბ. ჯ-ე აღდგენილ იქნა ხულოს შს განყოფილებაში გათავისუფლებამდე დაკავებულ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან თანამდებობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის მოტივით. საკასაციო სასამართლოს მითითებით, აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2006 წლის 11 ოქტომბერს, მან კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ჩააბარა 2006 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას.

2006 წლის 20 დეკემბერს აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, აჭარის ა/რ-ის შს მთავარ სამმართველოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 13 ოქტომბერს და არა 11 ოქტომბერს. კერძო საჩივარი აღნიშნულ განჩინებაზე ფოსტას ჩაჰბარდა 18 ოქტომბერს, რასაც ადასტურებდა განცხადებაზე თანდართული 2006 წლის 19 ოქტომბრის ¹9 რეესტრის ამონაწერი, აგრეთვე 2006 წლის აჭარის ა/რ-ის შს მთავარი სამმართველოს კანცელარიის დოკუმენტაციის აღრიცხვის ჟურნალის ამონაწერი, სადაც ნაჩვენებია, რომ კერძო საჩივარი კანცელარიას ჩაჰბარდა 2006 წლის 18 ოქტომბერს, ხოლო ფოსტით გაიგზავნა 19 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, აჭარის ა/რ-ის შს მთავარი სამმართველოს განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება აჭარის ა/რ-ის შს მთავარ სამმართველოს ჩაჰბარდა 2006 წლის 13 ოქტომბერს, რამდენადაც ამის დამადასტურებელი მტკიცებულება განმცხადებელს არ წარმოუდგენია. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით კი დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება აჭარის ა/რ-ის შს მთავარ სამმართველოს ჩაჰბარდა 2006 წლის 11 ოქტომბერს (ს.ფ. 96).

რაც შეეხება კერძო საჩივრის გზავნილის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღს, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას აღნიშნულ თარიღად 2006 წლის 19 ოქტომბრის მიჩნევის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის სხდომაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დათვალიერდა აჭარის ა/რ-ის შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი 2006 წლის 19 ოქტომბრის ¹9 რეესტრის ამონაწერი. აღნიშნულ დოკუმენტში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი გასაგზავნი ¹.......... შეკვეთილი წერილის შესახებ მინაწერი შესრულებულია ხელით ქსეროასლზე. ასევე გადასწორებულია ქვემოთმითითებული პაკეტების რაოდენობა 60-ის ნაცვლად 61. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს ვერ განიხილავს როგორც ფოსტისათვის კერძო საჩივრის 19 ოქტომბერს ჩაბარების უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც გააქარწყლებდა საქმეში არსებული საფოსტო კონვერტზე დასმულ ბეჭედზე მითითებულ კერძო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღს _ 2006 წლის 31 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო ვერ ადასტურებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას. ამდენად, აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.