Facebook Twitter

ბ-378-08 30 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.03.08წ. განჩინებით კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განცხადების ხარვეზის გამოსასწორებლად დ. გ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. საკასაციო პალატის ამავე თარიღის მეორე განჩინებით დ. გ-ის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში ასევე განესაზღვრა ხარვეზი და მიეცა განმცხადებელს 10 დღიანი ვადა აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განმცხადებელს ხარვეზის შესახებ საკასაციო პალატის 17.03.08წ. განჩინებები გადაეცა 25.04.08წ.(ტ. II ს.ფ. ). შესაბამისად, დ. გ-ს განჩინებებში მითითებული ხარვეზები უნდა გამოესწორებინა 2008 წლის 5 მაისამდე. მიუხედავად აღნიშნაულისა, მითითებულ ვადაში განმცხადებელმა არ შეავსო ხარვეზები, კერძოდ, არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ხოლო ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, დ. გ-მა 13.05.08წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ ასკ-ის 1.1 და 10.2 მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადაუხდელობა არ წარმოადგენდა ხარვეზს.

სსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.11.07წ. განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე და 425-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.11.07წ. განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.