Facebook Twitter

¹ბს-379-05(ა-08) 26 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.07წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბ. ჩ.-მ 18.02.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სახელფასო დავალიანების გადახდის დავალება მოითხოვა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.04.2005წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ბ. ჩ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 554, 4 (ხუთას ორმოცდათოთხმეტი ლარისა და ოთხი თეთრის) ლარის, ასევე სოცანარიცხი 173, 61 ლარის გადახდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.04.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.05.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.04.05წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.07წ. განჩინება 19.07.07წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.09.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სზაკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლოს 12.12.07წ. განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

25.02.08წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 12.12.07წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ განმცხადებლისათვის 18.10.07წ. განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რომლებიც აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში რომ ყოფილიყო საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენილი, გამოიწვევდა კასატორისათვის ხელსაყრელი განჩინების გამოტანას. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.02.08წ. განჩინებით წარმოებაში მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.07წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულიად კანონიერად დაეკისრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსარჩელისათვის იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო დავალიანების გადახდა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავდა იდენტური ფაქტობრივი გარემოების მქონე დავას. მითითებულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეაკისრა სადავო სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. განმცხადებლის განმარტებით, მრავალი ასეთი დავა იმყოფება თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში, რაც ადასტურებს, რომ ბ. ჩ.-ის სარჩელის გამო წარმოებული საქმე მეტად მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საკასაციო პალატის 12.12.07წ. განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა 11.02.08წ., რაც ადასტურებს, რომ მის მიერ განცხადება წარდგენილია სსკ-ის 424-ე მუხლით დადგენილი ვადის დაცვით. განმცხადებლმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მიუთითა აგრეთვე მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დამადასტურებელ გარემოებებზე. განმცხადებელმა საკასაციო პალატის 12.12.07წ. განჩინების გაუქმება, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ბ. ჩ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ ახლადაღმოჩენილი გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მის თაობაზე მხარისათვის არ იყო და არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ცნობილი. ამასთანავე, ახლად აღმოჩენილი გარემოება უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის მქონე, რომლის საფუძველზეც, სავარაუდოდ, მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.09.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად. საკასაციო სასამართლოს 12.12.07წ. განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

უსაფუძვლოა განმცხადებლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.02.08წ. განჩინება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ცნობილი რომ ყოფილიყო 12.12.07წ. განჩინების მიღებისას, მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.02.08წ. განჩინებით ანალოგიურ საქმეზე დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და არ ყოფილა დასაშვებად ცნობილი, როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული. მითითითებული განჩინება მიღებულია 12.12.07წ. განჩინების მიღების შემდეგ, თუმცა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მისი არსებობის შემთხვევაშიც აღნიშნული დოკუმენტი გავლენას ვერ იქონიებდა საკასაციო პალატის გადაწყვეტილებაზე.

სადავო განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.07წ. გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.07წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ანალოგიურ საქმეზე სადავო სახელფასო დავალიანების ანაზღაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციების მიერ ანალოგიურ საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ ქმნის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების(გადაწყვეტილების) გაუქმების საფუძველს, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს თავად ამ გადაწყვეტილებათა გაუქმება. ასევე არ გამოიწვევს საკასაციო პალატის განჩინების გაუქმებას ერთგვაროვან საქმეებზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლა და საკასაციო პალატის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს და სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად იყო გადაწყვეტილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.07წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.12.07წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.